close
ასტრონომია - კოსმოსი

მეცნიერებმა მზის „ბოროტი“ ტყუპისცალი აღმოაჩინეს

ასტრონომებმა პლანეტარული სისტემის იშვიათი აღმოჩენა გააკეთეს. მათ დედამიწის მზის მსგავს მასპინძელ ვარსკვლავს მიაგნეს, რომელსაც შემაშფოთებელი საიდუმლო აქვს.

ვარსკვლავის არაორდინალურმა კომპოზიციამ მეცნიერები გააოგნა – მათ აღმოაჩინეს, რომ ვარსკვლავი ზოგიერთ თავის პლანეტას ჭამს.

„ეს იმას არ ნიშნავს, რომ მზე მალე დედამიწას „შეჭამს“, მაგრამ ჩვენი აღმოჩენა მიანიშნებს, რომ ძალადობრივი ისტორიები შესაძლოა პლანეტარული სისტემებისთვის, ჩვენი ჩათვლით, დამახასიათებელი იყოს,” განაცხადა ჩიკაგოს ასტრონომიისა და ასტროფიზიკის უნივერსიტეტის დოცენტმა იაკობ ბინმა.

ბინმა და მისმა კოლეგებმა ვარსკვლავი HIP68468 შეისწავლეს, რომელიც დედამიწიდან 300 სინათლის წელიწადითაა დაშორებული.  მეცნიერები აცხადებენ, რომ ისინი კიდევ რამდენიმე მსგავსი ვარსკვლავის შესწავლას აპირებენ იმის დასადგენად, არის თუ არა ეს  პლანეტის ფორმაციის ზოგადი პროცესის შედეგი.

„კომპიუტერული სიმულაციები აჩვენებს, რომ მილიარდობით წლის განმავლობაში პლანეტებს შორის დაგროვილი გრავიტაციული მიზიდულობა მერკურის მზესთან შეჯახებას გამოიწვევს,“ – განაცხადა იელის უნივერსიტეტის ასტრონომიის პროფესორმა დებრა ფიშერმა.

მეცნიერები აცხადებენ, რომ HIP68468-ის შესწავლამ პლანეტარული სისტემების ევოლუციის შესახებ ცოდნა გააღრმავა.  მკვლევარებმა მისი პირველი ეგზოპლანეტა ჩილეს ობსერვატორიის 3,6-მეტრიანი ტელესკოპის საშუალებით 2015 წელს აღმოაჩინეს.

რაც შეეხება უფრო ახალ აღმოჩენას, ის ორ პლანეტას მოიცავს – სუპერ ნეპტუნსა და სუპერ დედამიწას.

მათი ორბიტები მასპინძელ ვარსკვლავთან გასაოცრად ახლოს მდებარეობს. სუპერ ნეპტუნი ნეპტუნზე 50 პროცენტით მასიურია, ხოლო სუპერ დედამიწა – დეამიწაზე 3-ჯერ მასიური და იმდენად ახლოს თავის ვარსკვლავთან, რომ მის გარშემო ორბიტაზე შემოვლას მხოლოდ 3 დღეს ანდომებს.

მეცნიერები ფიქრობენ, რომ ეს ორი პლანეტა იქ არ ჩამოყალიბებულა, სადაც დღეს ვხედავთ. როგორც ჩანს, მათ პლანეტარული სისტემის გარე ნაწილებიდან მიგრაცია განიცადეს. დანარჩენი პლანეტები სისტემიდან განიდევნენ, ან მასპინძელმა ვარსკვლავმა „გადაყლაპა.“

HIP68468 -ის კომპოზიცია პლანეტების “ჩაყლაპვის“ ისტორიას გვიამბობს. ის იმაზე 4-ჯერ მეტ ლითიუმს შეიცავს, ვიდრე 65 მილიარდი წლის ვარსკვლავი უნდა შეიცავდეს, ჭარბი რაოდენობით შეიცავს ასევე ცეცხლგამძლე ელემენტებს – მეტალებს, რომლებიც სიცხის მიმართ რეზისტენტულები არიან.  HIP68468 -ის მსგავსი ვარსკვლავების ცხელ ინტერიერში ლითიუმი დროთა განმავლობაში მოიხმარება. მეორე მხრივ, იმის გამო, რომ მათი შიგა ტემპერატურა საკმარისად მაღალი არაა, პლანეტები ლითიუმს ინარჩუნებენ. შედეგად, როცა ვარსკვლავი შთანთქავს პლანეტას, ლითიუმი ვარსკვლავის ატმოსფეროში ნარჩუნდება.  ლითიუმი და შთანთქმული ქვიანი პლანეტის ნივთიერება  HIP68468-ის ატმოსფეროში ექვსი დედამიწის მასის ეკვივალენტია.

„ეს იგივეა, რაც ჩიტის გალიასთან მჯდომარე კატა, თუკი კატას პირიდან ყვითელი ბუმბული უჩანს, ეს იმას ნიშნავს, რომ მან ჩიტი გადასანსლა,“ – განაცხადა ფიშერმა.

მეცნიერები მზის 60 ტყუპისცალის დაკვირვებას განაგრძობენ და მათ ეგზოპლანეტებს ეძებენ.

წყარო: Dailymail

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid