close
მსოფლიო

„კოკა-კოლას“ მომხმარებლის შეცდომაში შეყვანისთვის უჩივიან

კომპანია „კოკა-კოლასა“ და ,,ამერიკის სასმელების ასოციაციის” სავაჭრო ჯგუფს მომხმარებელთა შეცდომაში შეყვანისთვის კალიფორნიის სასამართლოში უჩივიან.

არაკომერციული ორგანიზაცია “Praxis-ის” განცხადებით, მიუხედავად სამეცნიერო მტკიცებულებისა, რომ შაქრიანი სასმელები დაკავშირებულია სიმსუქნესთან, დიაბეტსა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებთან,  კომპანია „კოკა-კოლა“ და ,,ამერიკის სასმელების ასოციაცია” იყენებენ ისეთ ეფემიზმებს, როგორიცაა ..ბალანსი” და “calories in, calories out”, რითაც საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ.

,,მოსაზრება, რომ Coke-ის პროდუქცია შესაძლოა ჯანსაღი კვების ნაწილი იყოს, იტვიფრება მილიონობითა და მილიარდობით ადამიანის გონებაში და კორექტურობას მოითხოვს,“ – განაცხადა მეცნიერებისა და საზოგადოების ინტერესების ცენტრის სასამართლო დავების დირექტორმა მაია კეთსმა.

,,კოკა-კოლას” პრესსპიკერი  – კენტ ლანდერსი სარჩელს ,,იურიდიულად და ფაქტობრივად გაუმართლებელს“ უწოდებს და აღნიშნავს, რომ კომპანია მომხმარებლის ჯანმრთელობის საკითხს ძალიან სერიოზულად ეკიდება. „ვცდილობთ, ჩვენი მომხმარებლების სასარგებლო და სანდო პარტნიორი გავხდეთ, რათა მათ შაქრის მოხმარების მართვა შეძლონ.“

სარჩელს უსაფუძვლოს უწოდებს ,ამერიკის სასმელების ასოციაციაც” და აცხადებს, რომ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მომხმარებელმა სასმელიდან რაც შეიძლება ნაკლები კალორია და შაქარი მიიღოს.

აღსანიშნავია, რომ კომპანიებმა „კოკა-კოლამ“ და „პეპსიმ“ თავიანთ სასმელებში შაქრის დონის შემცირების პირობა დადეს.

სარჩელის თანახმად, 16-უნცია (1 უნცია=28,34952 გ) ბოთლი კოკა-კოლა 12 ჩაის კოვზ შაქარს შეიცავს. შედარებისთვის, ,,ამერიკის გულის ასოციაციის” რეკომენდაციის მიხედვით, მამაკაცმა დღის განმავლობაში არაუმეტეს ცხრა, ხოლო ქალმა – ექვსი ჩაის კოვზი შაქარი უნდა მიიღოს. ერთი ჩაის კოვზი შაქარი კი დაახლოებით 16 კალორიას შეიცავს.

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid