close

პროფესიულ სასწავლებელ ,,მერმისში“ სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია გაიხსნა.

აღნიშნული ლაბორატორია ერთ-ერთია იმ ფაბლაბებიდან, რომლებიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელშეწყობითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსებით, საქართველოში არსებულ 14-მდე სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებელში გაიხსნა.

პროფესიული სასწავლებლების ბაზაზე შექმნილი ფაბლაბები ოფიციალურად ამოქმედდა როგორც თბილისში, ისე რეგიონებში (წალენჯიხა, მესტია, გურჯაანი, ახალციხე, ბათუმი, ქობულეთი, ქუთაისი, ფოთი, რუსთავი, ამბროლაური). აღნიშნული ლაბორატორიები  საქართველოს ფაბლაბების ქსელის წევრი გახდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიების გახსნის ძირითადი მიზანი არის ის, რომ ახალგაზრდებს მიეცეს საშუალება შეძლონ საკუთარი იდეების   კონკრეტულ პროდუქტებში დაკონვერტირება, რომლებსაც შემდეგ გარკვეული კომერციული პერსპექტივა გააჩნიათ.

სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია არის  უნიკალური სივრცე, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე კომპიუტერებით, პროგრამირებადი დანადგარებით, როგორიც არის ლაზერული მჭრელი, 3D პრინტერი, CNC პროგრამირებადი ჩარხი და სხვა. ის მორგებულია ნებისმიერ მომხმარებელზე და ხელს უწყობს იდეების გენერირებას. ამ სივრცეებში ხდება ახალი წამოწყებების სრულყოფა და ახალგაზრდა ინოვატორების იდეების რეალიზება.

ფაბლაბების მიზანია მსოფლიოს შესთავაზოს ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის მშენებლობის თავისი უნიკალური მოდელი. მისი განვითარება მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისათვის, ახალი სტარტაპბიზნესების ჩამოსაყალიბებლად და სამუშაო ადგილების შესაქმნელად.

საერთო ჯამში პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებს საშუალება მიეცემათ სასწავლებელში მიღებული ცოდნის დახმარებით შექმნან პრაქტიკული ნამუშევრები და პროდუქტები, რომლის შემდგომ კომერციალიზაციასაც მოახდენენ.

აღნიშნული 14 სამრეწველო ინოვაციური ლაბორატორიის გახსნის შემდგომ, საქართველოში, საერთო ჯამში, 22 ამ ტიპის ლაბორატორია ფუნქციონირებს, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველომ, მსოფლიო ფაბლაბების რეიტინგში,  ლაბორატორიების რაოდენობის მიხედვით, მე-10 ადგილზე გადაინაცვლოს.

 

წყარო: http://economy.ge/

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid