გასული წლის ნოემბერში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა და ილიაუნის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიამ (FabLab Iliauni) ჩაატარა მეიქათონი – „შენი სტარტაპიდეა რეალობაში“, რომლის ფარგლებშიც მონაწილე გუნდები ერთმანეთს ინოვაციური და უნიკალური იდეების შეზღუდულ დროში შექმნაში შეეჯიბრნენ. შემდეგ კი, ქართველი თუ უცხოელი ექსპერტების მენტორობით, იდეის პირველადი პროტოტიპები შექმნეს. საერთო ჯამში სტარტაპში 19 საინტერესო პროექტი შეიქმნა, მათ შორის ,,კვარკი“ – ბურთი რომელიც ნავიგაციაში გვეხმარება.
პროექტის ავტორები არიან სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, ლანა რეხვიაშვილი და ანა ლომაშვილი, ასევე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, ეკატერინე დადიანი. გოგონებმა ერთმანეთი 2015 წლის ილიაუნის ჰაკათონზე გაიცნეს და მას შემდეგ არაერთ პროექტსა თუ კონკურსში მიუღიათ ერთად მონაწილეობა. მათ შორის აღსანიშნავია ,,ტედიბოტი“, რომელიც შარშან საქართველოში 5 საუკეთესო კომპანიაში დაასახელეს SeedForum-ზე და საერთაშორისო ინვესტორთა კონფერენციაზეც იქნა წარდგენილი.
,,კვარკის“ იდეა კი გოგონებს, როგორც ლანამ ,,დოქტრინასთან“ საუბარში აღნიშნა, ხელოვნების სიყვარულმა შთააგონა, „იდეა გაგვიჩნდა გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან გვიყვარს მუზეუმებში სიარული და ასეთი გიდის ყოლა ბევრად უფრო სასიამოვნოს გახდიდა ჩვენთვის ამ აქტივობას,“ – აღნიშნავს იგი.
კვარკის ამჟამინდელი პროტოტიპს მცირე ზომის სამართავი პულტი აქვს, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელს შეჰყავს მისთვის სასურველი ნივთისა თუ ადგილის პარამეტრი. პულტი იღებს ბრძანებას და გადასცემს „კვარკს“, რომელიც ამ დროს დგას თავის პლატფორმაზე და იტენება. ბრძანების მიღებამდე „კვარკი“ ლურჯია, ბრძანების მიღების შემდეგ ფერს იცვლის და მწვანდება, ბრძანების შესრულების შემდეგ კი, როცა სასურველ ადგილს ან ნივთს მიაგნებს, წითლდება. კვარკი წითელია მანამ, სანამ მომხმარებელი არ მივა დანიშნულების ადგილას, შემდეგ კი უფერულდება. ფერის ცვლილება ამარტივებს მომხმარებელსა და „კვარკს“ შორის კომუნიკაციას.
საინტერესოა თვითონ სახელწოდებაც, რომელიც რა თქმა უნდა კვლავ ახალგაზრდა გამომგონებლების ინტერესის სფეროდან გამომდინარეობს, ზოგადად კვარკი არის ფუნდამენტური ნაწილაკი, რომელისგანაც სამყაროა შექმნილი, ,,კვარკი ერთერთი მცირე ზომის ელემენტალური ნაწილაკია და რადგან ჩვენი ბურთიც პატარა ზომისაა გადავწყვიტეთ სწორედ ასე დაგვერქმია მისთვის“ -აღნიშნა ლანამ.
ამჟამად გოგონებს ტექნოპარკის დემოდღეზე ჰქონდათ ,,კვარკი“ წარდგენილი და გრანტის აპლიკაციის შევსებასაც გეგმავენ, რათა მომავალში განავითარონ მისი პროტოტიპი. მათ ასევე სხვადასხვა აქსელერატორისგანაც მიიღეს შეთავაზებები, მაგრამ, სტუდენტური დატვირთვიდან გამომდინარე, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისგან ჯერჯერობოთ თავს იკავებენ.
გთავაზობთ ,,კვარკის“ სადემონსტრაციო ვიდეოს:
მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”