close
გამოგონება - ინოვაციასაქართველო

ქართველი ახალგაზრდების გამოგონება, რომელიც ნარჩენების გატანის ოპტიმალურ გეგმას გვთავაზობს

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიაუნის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის (FabLab Iliauni) მიერ  გამართული მეიქათონის „შენი სტარტაპიდეა რეალობაში“ ფარგლებში, კიდევ ერთი საინტერესო პროექტი წარსდგა საზოგადოების წინაშე,  ეს არის “PAPU“ (,,ფაფუ“) – მცირე ზომის სენსორული მოწყობილობა, რომელიც მუნიციპალიტეტებს დანახარჯების შემცირებასა და რესურსების ოპტიმალურად გადანაწილებაში დაეხმარება, ,,დოქტრინა“ გაესაუბრა იდეის ერთ-ერთ ავტორს – მედეა ტლაშიძეს, რომელმაც დაწვრილებით გვიამბო გამოგონების არსზე.

მედეას გარდა, პროექტის ავტორები არიან –  ელენე ბერიძე და ირაკლი ლონდარიძე,  გოგონები ილიას სახელმწიფო უნვერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის მეოთხეკურსელები არიან, ირაკლი კი პროფესიით ITსპეციალისტია. როგორც მედეამ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, პროექტის იდეა ქალაქში ყველასთვის აქტუალური პრობლემიდან გამომდინარე გაჩნდა, ,,პრობლემა, რომელიც თითქმის ყოველდღიურად ექმნებოდა თითოეულ ჩვენგანს არის – საცობები, რომელსაც ნაგავმზიდი მანქანები ქმნიან. შემდგომ დავინტერესდით და აღმოჩნდა, რომ სტატსტიკურადაც ნაგავმზიდი მანქანების 70% ცარიელი ბრუნდება მარშრუტიდან, შესაბამისად, იხარჯება ზედმეტი რესურსებიც. ჩვენ გვინდოდა, რომ გამოგვესწორებინა ეს და შეგვექმნა ქალაქში ნარჩენების გატანის ოპტიმალური გეგმა, ნაკლები დანახარჯებით.  ჩვენ გვინდა, რომ ვიცხოვროთ თანამედროვე ქალაქში და მიგვაჩნია, რომ  მსგავსი პრობლემების გადაჭრა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ საქმისთვის,“-აღნიშნა მან.

“PAPU” არის მოწყობილობა, რომლის დამაგრებაც ყველა ტიპის ნაგვის ყუთზეა შესაძლებელი და GSMმოდულის საშუალებით ატყობინებს ნარჩენების დონეს ურნაში კონკრეტულ ობიექტზე, შემდგომ, პროგრამის საშუალებით, ნაგავმზიდებისთვის იხაზება ოპტიმალური მარშრუტი, თუ რა თანმიმდევრობით უნდა მიაკითხონ მათ. მოწყობილობა განსაზღვრავს ურნაში სამ დონეს –  სავსე, საშუალო და ცარიელი.  შესაბამისად, თუკი ეს გამოგონება ფეხს მოიკიდებს, ნაგავმზიდი მანქანები ნაკლებად გახდება  საცობის მიზეზი, მაშინ, როცა, რეალურად, ურნები ცარიელია და საწვავიც ზედმეტად იხარჯება.

ამ ეტაპზე ახალგაზრდები ილიაუნის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის და პრეაქსელერატორ ,,ZOOMOUT-ის” დახმარებით პროტოტიპირებაზე მუშაობენ.  21 თებერვალს მათ მიიღეს მონაწილეობა ,,Start up battle-ში” და უკრაინელი ინვესტორების წინაშე წარმატებით წარსდგნენ. ,,ფაფუმ“ ინვესტორების დაინტერესება შეძლო და ასევე მოხვდა ,,Wolves Summit-ზე”, სადაც მსოფლიოს მასშტაბით 350 სტარტაპიდან ხდებოდა შერჩევა. ღონისძიება პოლონეთში, ვარშავაში ჩატარდება და ჩვენი ახალგაზრდა გამოგონებლები უკვე მარტის ბოლოს გამეგზავრებიან ინვესტორებთან შესახვედრად, ,,დოქტრინა“ კი წარმატებებს უსურვებს  და ელის სასიამოვნო სიახლეებს მათგან!

 

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

 

 

 

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid