close
ბიზნესიფსიქოლოგია

ნდობის თამაში – ექსპერიმენტი, რომელიც შურისძიების მოტივაციას ხსნის

The word "TRUST" written in vintage wooden letterpress type

შვეიცარელმა მეცნიერებმა, ერნესტ ფერის ხელმძღვანელობით, ჩაატარეს „ნდობის თამაშის“ სახელით ცნობილი ექსპერიმენტი, რომლის წყალობითაც ბევრი ახალი რამ შევიტყვეთ შურისძიების მოტივაციის შესახებ, თამაშის პირობები დაახლოებით ასეთია: თქვენ და თქვენს ანონიმ პარტნიორს გეძლევათ ათ–ათი დოლარი. პირველი სვლა თქვენია. უნდა გადაწყვიტოთ, დაიტოვოთ ფული თუ პარტნიორს გაუგზავნოთ. თუკი თანხას დაიტოვებთ, თითოეულ თქვენგანს ათი დოლარი დარჩება და თამაშიც დამთავრდება, ხოლო თუ გაუგზავნით, ექსპერიმენტატორები ფულს გააოთხმაგებენ და თქვენს მეწყვილეს 40 დოლარს მისცემენ. ამგვარად, მის ბანკში 50 დოლარი შეგროვდება.

იბადება ბუნებრივი კითხვა: რატომ უნდა მისცეთ ფული პირველმა? პასუხი მარტივია: იმედი გაქვთ, რომ პარტნიორიც ნამუსიანად მოიქცევა თავის სვლაზე. მას კი ორი არჩევანი აქვს– ან მთელი თანხა უნდა დაიტოვოს, ან გაგიყოთ და 25 დოლარი გამოგიგზავნოთ.

თუკი თქვენი მეწყვილე რაციონალურად და პირადი ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებს, იგი ფულს არ გაგინაწილებთ. თუ ეს იცით და ასევე რაციონალურად მოაზროვნე ხართ, არც თქვენ გაუგზავნით კუთვნილ 10 დოლარს. კარგი ამბავი ისაა, რომ ადამიანები მეტად მიმნდობები არიან და უფრო ხშირად პასუხობენ სიკეთით სიკეთეს, ვიდრე ამას სტანდარტული ეკონომიკური თეორია გვასწავლის. ექსპერიმენტის მსვლელობისას მრავალმა ადამიანმა გასცა თავისი 10 დოლარი და, უმეტეს შემთხვევაში კუთვნილი 25 დოლარიც მიიღო.

მაგრამ შვეიცარული თამაში აქ არ მთავრდება. თუ თქვენი პარტნიორი მთელს თანხას ჩაიჯიბავს, შეგიძლიათ თამაშის მომდევნო ფაზაში, გარკვეული საფასურის სანაცვლოდ, დასაჯოთ იგი. თქვენ მიერ გადახდილი თითოეული დოლარი თქვენს ხარბ მეწყვილეს 2 დოლარს წაართმევს. ამგვარად, თუკი 25 დოლარს არ დაინანებთ, თქვენი პარტნიორი მთლს თანხას დაკარგავს. შეიძლება იფიქროთ, რომ კაცი, რომელმაც ერთი წუთის წინ 10 დოლარი დაკარგა უაზრო ანგარიშსწორებისთვის კიდე უფრო მეტ ფულს წყალში არ გადაყრის, მაგრამ ფაქტია, რომ განაწყენებულ მოთამაშეთა უმრავლესობას არაკეთილსინდისიერი პარტნიორებისთვის სამაგიეროს გადახდის შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვია.

თუმცა, ცდის ყველაზე საინტერესო აღმოჩენა ეს არ ყოფილა. გადაწყვეტილების მიღების მომენტში ტესტის ორგანიზატორები ექსპერიმენტის მონაწილეთა გონებას ჰოზიტრონულ–ემისიური ტომოგრაფის საშუალებით უკეთებდნენ სკანირებას. მათი მნიშვნელოვანი აღგზნება დააფიქსირეს სტრიატუმში–ტვინის იმ მონაკვეთში, რომლის გააქტიურებაც, ჩვეულებრივ, ჯილდოს მიღების სიამოვნებას უკავშირდება. ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უმადური პარტნიორის დასჯის გადაწყვეტილება, როგორც ჩანს, სიამოვნებას ანიჭებთ ადამიანებს. მეტიც, რაც უფრო მეტი იყო უპატიოსნო მეწყვილის სასჯელი, მით უფრო მეტი იყო სტრიატუმის აქტივობა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საზღაურის მიგების წყურვილს – რაგინდ ძვირადღირებული და ირაციონალურიც იყოს იგი – ბიოლოგიური საფუძვლები აქვს.

 

წყარო: Harvard business review
მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”
გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid