მეცნიერებმა ძუძუს კიბოს საწინააღმდეგო რევოლუციური მედიკამენტი შექმნეს.
- ექსპერტები აცხადებენ, რომ ახალი მედიკამენტის საშუალებით ძუძუს კიბოთი დაავადებული გაცილებით მეტი ქალი განიკურნება;
- ბიოლოგიური თერაპიები ამჟამად მხოლოდ კლინიკური ცდების შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს;
- ექსპერთთა შეფასებით, ახალი მედიკამენტი ხუთიდან ერთ პაციენტს განკურნავს.
ექსპერტები აცხადებენ , რომ ახალი ბიოლოგიური თერაპიები BRCA გენით გამოწვეული ძუძუს კიბოთი დაავადებულ ქალებს დაავადების დამარცხებაში დაეხმარება.
Wellcome Trust Sanger Institute-ის ექსპერტების მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ახალმა მედიკამენტებმა შესაძლოა დადებითად იმოქმედოს იმ პაციენტებშიც, რომლებიც აღნიშნული გენის მატარებელი არ არიან.
მეცნიერები აცხადებენ, რომ მედიკამენტები ხუთიდან ერთ პაციენტს განკურნავენ.
ერთი ბიოლოგიური თერაპია, PARPინჰიბიტორი, სახელწოდებით ოლაპარიბი (olaparib), საკვერცხის პროგრესირებადი კიბოს სამკურნალოდ უკვე გამოიყენეს. მედიკამენტი ჯერჯერობით დამტკიცებული არაა, მაგრამ ზოგიერთი ბრიტანელი ქალი, რომელიც კლინიკურ კვლევებში მონაწილეობს, მას ღებულობს.
მეცნიერებმა 560 პაციენტში ძუძუს კიბოს გამომწვევი მიზეზი გამოიკვლიეს. მათ აღმოაჩინეს, რომ პაციენტების მნიშვნელოვან ნაწილს გენეტიკური შეცდომა- „მუტაციური ნიმუში“ ჰქონდა, რომელიც ძალიან ჰგავდა BRCA-ს.
მკვლევარები მიიჩნევენ, რომ მსგავსების გამო, კიბოს ეს შემთხვევებიც შესაძლოა ბიოლოგიური თერაპიებით განიკურნოს. მათ აღნიშნულის დასამტკიცებლად კლინიკური ცდების ჩატარების რეკომენდაცია გასცეს. ზოგიერთი მეცნიერი ცდების პირველად შედეგებს „რევოლუციურს“ უწოდებს. ისინი აცხადებენ, რომ აღნიშნული მედიკამენტებით კიბოს სხვა სახეობების განკურნების პოტენციალიც არსებობს.
ბიოლოგიურ თერაპიებმა პროსტატის კიბოზე დატესტვის დროს იმედისმომცემი შედეგები აჩვენეს. მათ შეცვალეს უჯრედების მოქმედების გზა და დაეხმარნენ სხეულს კიბოს ზრდის კონტროლში.
მაღალი რისკის გენები
კიბოს ზოგიერთ ტიპზე, განსაკუთრებით სარძევე ჯირკვლის, საკვერცხის და პროსტატის კიბოზე – შეიძლება საკმაოდ დიდი გავლენა მოახდინოს გენებმა და მემკვიდრულმა ინფორმაციამ.
ჩვენ, ყველას გვაქვს სიმსივნისგან დამცავი გენები – ისინი ასწორებენ დნმ-ის ნებისმიერ დაზიანებას, რომელიც ბუნებრივად თან სდევს უჯრედების გაყოფას.
ასეთი გენების თანდაყოლილი მუტაციები საგრძნობლად ზრდიან სიმსივნის განვითარების რისკს, რადგან შეცვლილი გენები ვეღარ ასწორებენ დნმ-ის დაზიანებულ უბნებს, დეფექტური ადგილები დაგროვდებიან და საბოლოოდ სიმსივნის ფორმირებამდე მივალთ.
BRCA1 და BRCA2 არის ორი მაგალითი იმისა, თუ როგორ იზრდება სიმსივნის რისკი გენის მუტაციისას.სახეშეცვლილი BRCA გენის არსებობა ქალში ზრდის სარძევე ჯირკვლის კიბოს და საკვერცხის კიბოს რისკებს. ეს იყო მიზეზი, რის გამოც ანჯელინა ჯოლიმ სარძევე ჯირკვლების მოკვეთა გადაწყვიტა. ისინი ასევე ზრდიან მამაკაცის სარძევე ჯირკვლის კიბოს და პროსტატის კიბოს განვითარების რისკს.
მაგრამ, მხოლოდ შეცვლილი BRCA გენები არ არიან სიმსივნის გამომწვევნი. მეცნიერებმა აღმოაჩინეს 100-ზე მეტი გენი, რომელიც ასოცირდება სარძევე ჯირკვლის, პროსტატისა და საკვერცხის სიმსივნესთან.
ქალბატონებმა ძუძუს კიბოს განვითარების რისკის შესამცირებლად რეგულარულად უნდა ივარჯიშონ, ჯანსაღად იკვებონ, შეინარჩუნონ ჯანსაღი წონა, უარი თქვან სიგარეტზე და შეზღუდინ ალკოჰოლის მიღება.
წყარო: BBC
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”