close
საქართველო

ქართული სამზარეულო ევროპის ქვეყნების საუკეთესო ოთხეულში მოხვდა

 ამერიკულმა ონლაინმედიამ –  Thrillist.com-მა, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის კვების, სასმელებსა და მოგზაურობასთან დაკავშირებულ საკითხებს აშუქებს, ამჯერად  ევროპის იმ ქვეყნების სია გამოაქვეყნა, რომლებიც გამოირჩევიან უნიკალური სამზარეულოსა და სასმელების ასორტიმენტით.  საქართველო 48 ქვეყნიდან პირველ ოთხეულში შევიდა. გავეცნოთ რით მოხიბლა ქართულმა სამზარეულომ უცხოელები და როგორ გამოიყურება საუკეთესო ათეული.

,,ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე მდებარე საქართველო, გამოირჩევა მწვანილებისა და სანელებლების ფართო არჩევანით, განსაკუთრებით  აღსანიშნავია ქინძისა და გამხმარი გულყვითელას უნიკალური კომბინაციები, რომელიც არცერთ სხვა კულტურაში არ გვხვდება,” – ნათქვამია გამოცემაში. კერძებს შორის კი აღინიშნა ,,ნავის ფორმის” აჭარული ხაჭაპური, სავსე მდნარი ყველითა და კვერცხით. რომელიც იმდენად პოპულარულია, რომ ქვეყანა ცდილობს თავისი ნიშა დაადოს, რომ სხვა ქვეყნის რესტორნებმა არ მოიპარონ იდეა, როცა გაიგებენ თუ რამდენად უკეთესია შიგთავსის პურის თასში განთავსება.

ჩამონათვალს აგრძელებს ხინკალი, რომელიც, როგორც წესი, ივსება ღორის ან  საქონლის ხორცით და ნიორთან ერთად, გაზავებულია სხვადასხვა სანებლებით. რაც შეეხება კუჭმაჭს, გამოცემამ ეს ერთ-ერთ ისეთ კერძად მიიჩნია, რომელზეც არ უნდა იკითხო  თუ შიგნით რა არის (გული, ჩიჩახვი და ა.შ), მთავარია, უბრალოდ დატკბეთ მისი გემოთი, ,,აქაური ყველიც ბარაქიანია და, რა თქმა უნდა, ტყემალი, საწებელი რომელიც გაზავებულია ქინძითა და კვლიავით“.

რაც შეეხება ათეულში შემავალ ქვეყნებს, მათი სია ასე გამოიყურება: 10. უნგრეთი, 9. პორტუგალია, 8. შვეიცარია, რომლის რაციონიც გამოირჩევა კარტოფილის, მაკარონის, ყველის, ნაღებისა და ხახვის უხვი გამოყენებით, 7.ხორვატიული სამზარეულო, რომელიც იტალიის, ხმელთაშუა ზღვის, საფრანგეთისა და სლავური ქვეყნების გარკევული ზეგავლენით შეიქმნა, რაც კიდევ უფრო მეტ მიმზიდველობას მატებს მას,  6. ვაფლისა და შოკოლადის განსაკუთრებით სასიამოვნო არჩევანის მქონე ბელგია, 5. გერმანია და მე-4 ადგილზე საქართველო.

პირველ სამეულში კი შევიდა  ესპანეთი, თავისი იაფი, მოსახერხებელი და მარტივი სამზარეულოთი, რომელშიც გამოირჩევა  უგემრიელესი ესპანური ტორტილია, ხახვის, კარტოფილისა და კვერცხის ომლეტი, რაც სიმარტივის დეფინიციადაც კი შეიძლება ჩაითვალოს.

მეორე ადგილზეა საფრანგეთი, ვინაიდან ყველასთვის ცნობილია მისი დომინანტობა ღვინისა და ყველის ბაზარზე. ფრანგული კულინარია არის ასევე გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის მიერ აღიარებული, როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა.

სიის სათავეში კი, მისი განსაკუთრებით  ტრადიციული სამზარულოდან გამომდინარე,  იტალია მოექცა. ,,ყველა დანარჩენი ქვეყანა, ასე თუ ისე, მაინც განიცდის საკუთარი კულინარიული ატრიბუტების ნაკლებობას, იტალია კი პირიქით, აქ წინაპრებმა საუკუნეების მანძილზე დაიცვეს საკუთარი სამზარეულო და როგორც წესი, უარყვეს ყველა სხვა ქვეყნის რეცეპტი,”-ნათქვამია დასასრულს.

 

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid