close
საქართველო

ფანტასტიკის ჟანრის ისტორია საქართველოში და კლუბი ,,ფანტასტი”

 ფანტასტიკის ჟანრის ნაწარმოებები და ფილმები, შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი ყველზე საყვარელი პროდუქტია, თუმცა, საქართველოში, ამ მხრივ, აქტიური მუშაობა და ინტერესი მხოლოდ ბოლო დროს განვითარდა, მას შემდეგ, რაც ქართველი მოყვარულები კლუბში – ,,ფანტასტი“ – გაერთიანდნენ. ,,დოქტრინა“ გაესაუბრა კლუბის ერთ-ერთ წევრს, ფილოლოგსა და კინომცოდნეს – ლევან გელაშვილს, რომელიც დაწვრილებით გვესაუბრა ფანტასტიკის ჟანრსა და უშუალოდ კლუბის მოღვაწეობაზე.

-დღევანდელ დღეს საკმაოდ დიდია ინტერესი ფანტასტიკის ჟანრისადმი, თქვენთვის, როგორც კინოცოდნესთვის, რას წარმოადგენს თვითონ ფატასტიკა?
-ფანტასტიკა, ეს ისეთი რამეა, როდესაც დარღვეულია რეალობის საზღვრები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მისი განხორციელება შეუძლებელია. ამ აზრით, ფანტასტიკა არარეალურს კი არა, სიღრმისეულ რეალობას გამოხატავს. დღემდე არ არსებობს ფანტასტიკის, როგორც ლიტერატურული ჟანრის ფენომენის, მკაფიო, მონოდეფინიციური განსაზღვრება. ეს გამოწვეულია იმით, რომ ფანტასტიკას, ტექსტის შრეობრივ არეალში, მულტიფუნქციური დატვირთვა აქვს. ფანტასტიკის თითოეული კლასიფიკაცია შეიცავს რაციონალურ ხედვას, მაგრამ არცერთი მათგანი არ არის სრულყოფილი.
აზრთა სხვადასხვაობა არსებობს იმის შესახებ, თუ რა შეიძლება მივიჩნიოთ სამეცნიერო ფანტასტიკად. თითქმის ყველა თანხმდება იმ აზრზე, რომ სამეცნიერო ფანტასტიკა, როგორც ლიტერატურული ჟანრი, დაფუძნებულია სამეცნიერო საზღვრებს შიგნით არსებული მოცემულობის დაშვებაზე: ახალ გამოგონებაზე, ბუნების ახალი კანონის აღმოჩენაზე, საზოგადოების ახალი მოდელის შექმნაზე და ა.შ. სამეცნიერო ფანტასტიკაში, მოვლენები, როგორც წესი, ერთი სამეცნიერო იდეის გარშემო ლაგდება, იქნება ეს დროის მანქანა, სინათლის სიჩქარეზე სწრაფი გადაადგილების საშუალება თუ სხვა.
-საქართველოში როდიდან ჩნდება ფანტასტიკის ჟანრის ნიმუშები და რა გამოხმაურება მოჰყვა მათ?

-პირველ ქართულ ფანტასტიკად ალბათ 1887 წელს გაზეთ ,,ივერიაში” (12 დეკემბერი) გამოქვეყნებული იაკობ მანსვეტაშვილის (დონ იაგო) ფანტასტიკური ჟანრის პამფლეტი უნდა ვიგულისხმოთ – ,,უცხოთა შორის’’- რომელშიც, ამერიკელების ინიციატივით, მთვარეზე მოგზაურობაა აღწერილი.
ქართული ფანტატიკის პირველი ნიმუშები 30-იან წლებში გამოჩნდა და ამ ჟანრში შექმნილი ტექსტებს ძირითადად სპორადული ხასიათი ჰქონდა. პირველი ქართული ფანტასტიკა ალექსანდრე აბაშელის ,,ქალი სარკეში’’ და ივანე ყიფიანის ,,ამონი ანუ ათასი წლის შემდეგ’’ იყო, ეს ორი რომანი მკაფიოდ გამოხატული ხისტი სამეცნიერო ფანტასტიკის ნიმუშებია. აბაშელის წიგნში ფანტასტიკა, გარკვეულწილად, საბჭოთა იდეოლოგიას ემსახურება. 1936 წელს, ცალკე წიგნად გამოიცა ივანე ყიფიანის ფანტასტიკური რომანი – ,,ამონი’’. ასევე, დიდი გამოხმაურება მოჰყვა მის რომანს – ,,ქალი სარკეში’’, რადგან მკითხველთა დიდი თხოვნა იყო, რომ ავტორს რომანი გაეგრძელებინა.
-თქვენი აზრით, რა სპეციფიკური მახასიათებლებით ხასიათდება ქართული ფანტასტიკა?
-ქართული ლიტერატურა ერთგვარად ფანტასტიკის უარყოფის კუთხით განვითარდა. ფანტასტიკის ხაზის ლიტერატურული გამოვლინებები სუბჟანრული მრავალფეროვნებით ნამდვილად ვერ დიაკვეხნის. ეს იმასაც ნიშნავს, რომ არ არსებობს ფანტასტიკის ჟანრზე გაზრდილ მკითხველთა ფართო წრე, ე.წ. ფანტასტიკის კულტურა. ხელოვნების ამ ხაზის ლიტერატურული გემოვნება მცირე ჯგუფებშია ჩამოყალიბებული. ჩემთვის ფანტასტიკა საინტერესოა, როგორც კინოში ეკრანიზაციების კუთხით, ასევე ლიტერატურაში არა ხოლოდ მკითხველის, არამედ წმინდა სამეცნიერო კვლევის თვალსაზრისითაც.
-ხშირია დავა ნაწარმოებებისა და მათი ეკრანიზაციების ობიექტურობასა თუ ღირებულებაზე, ამ მხრივ რა მდგომარეობაა ფანტასტიკური ჟანრის ნაწარმოებებსა და მათ ეკრანიზაციებს შორის?
-მიუხედავად იმისა, რომ წიგნს ანუ პირველწყაროს, ყოველთვის ადარებენ ფილმს, უნდა აღვნიშნოთ, რომ ეკრანიზაცია არავითარ შემთხვევაში არ არის ლიტერატურული ნაწარმოების შეცვლა კინონაწარმოებით. კინო ხელოვნების დამოუკიდებელი დარგია, რომელსაც სინთეზური კინოენა აქვს და მიუხედავად იმისა, რომ იყენებს მუსიკის, ლიტერატურის და ფერწერის მიღწევებს, ერთმნიშვნელოვნად არცერთზე არ არის დამოკიდებული.
ფანტასტიკის ჟანრის ნაწარმოებები უწყვეტი წყაროა კინემატოგრაფიისთვის. საინტერესოა დავაკვირდეთ, როგორ ხედავენ ერთსა და იმავე ავტორს სხვადასხვა რეჟისორები. ლავკრაფტი ერთ-ერთი იმ უიშვიათეს ავტორთაგანია, რომელმაც გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ შექმნა ახალი მიმართულებები ლიტერატურაში. მან ადამიანი დააყენა აქამდე არნახული საშინელების წინაშე, რაც მანამდე არცერთ ავტორს არ გაუკეთებია. ლავკრაფტის ნაწარმოებების მიხედვით, დღესდღეისობით გადაღებულია 85 ფილმი და შექმნილია ათეულობით ვიდეოთამაში. აქედან ნახევარზე მეტი ბოლო ათწლეულის ნამუშევარია. თუმცა, ზოგ შემთხვევაში ლავკრაფტის ნაწარმოებებიდან მხოლოდ სახელი ან სათაურია აღებული და მათ თხზულებასთან საერთო არაფერი აქვთ.
-დაბოლოს, გვესაუბრეთ ქართველი ფანტასტიკის მოყვარულთა ჯგუფის შექმნაზე და რით შემოიფარგლება თქვენ საქმიანობა?
-ფანტასტიკის მოყვარულთა კლუბის (,,ფანტასტი’’) დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ირაკლი ლომოურია, რომლის დამსახურებითაც ახალგაზრდები, და არა მხოლოდ ისინი, კლუბის გარშემო გაერთიანდნენ. გაერთიანება პერიოდეულად გამოსცემს ჟურნალს, სადაც იბეჭდება უცხოელი ავტორების თარგმანები და ქართული ფანტასტიკის ნიმუშები. კლუბი ერთგვარად ლიტერატურული სახელოსნოა, რომელიც აქტიურ ლიტერატურულ, შემოქმედებით მუშაობას ეწევა, აქვს თავის ბიბლიოთეკა, პერიოდულად მონაწილეობას სატელევიზიო გადაცემებში, ატარებს ლიტერატურულ საღამოებსა და პრეზენტაციებსაც. ჯერჯერობით, ჟურნალის ოთხი ნომერი გამოვიდა, სადაც მკითხველს ბრედბერის, ლავკრაფტის, უელსის და ქართველი ფანტასტების მოთხრობები შეუძლია წაიკითხოს. ცხადია, როგორც ყველა სახელოვნებო ორგაზანიციას, ჩვენ კლუბსაც ფინანსურად არ ულხინს, მაგრამ ერთობლივი ძალისხმევით კლუბი არსებობს, დაბრკოლებების გადალახვას როგორღაც ახერხებს. ასევე, დღეს ირაკლი ლომოურის დაბადების დღეა, მინდა თქვენი საიტის მეშვეობით მივულოცო, დიდხანს სიცოცხლე და ნაყოფიერი მოღვაწეობა ვუსურვო მას!

 

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid