close
პოლიტიკა

მსოფლიო პოლიტიკა, საქართველო და პროგნოზი – ინტერვიუ პოლიტოლოგ ბიძინა ლებანიძესთან

ბოლო პერიოდში მსოფლიო სივრცე საკმაოდ გადაიტვირთა პოლიტიკური მოვლენების თვალსაზრისით, ამ მხრივ, საქართველოც მიჰყვება ტემპს. საინტერესოა, რა პროგნოზები კეთდება ექსპერტების მხრიდან. ამისთვის ,,დოქტრინა” პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორს – ბიძინა ლებანიძეს -ესაუბრა.

-მსოფლიო პოლიტიკაში ბევრი მოვლენა ვითარდება ერთდროულად და ექსპერტების უმეტესი ნაწილის მოსაზრებით, ნეგატიურად, როგორ შეაფასებდით სირიის, რუსეთის, ამერიკის, თურქეთის და სხვა აქტორების ზეგავლენას, ზოგადად, მსოფლიო წესრიგზე?
-ის, რაც ბოლო პერიოდში მსოფლიოში და განსაკუთრებით დასავლეთის ქვეყნებში ხდება, ლიბერალიზმის კრიზისად მოიხსენიებენ, თუმცა უფრო მართებული იქნებოდა რეგრესული მემარცხენე იდეოლოგიის კრიზისი დაგვერქმია, იდეოლოგიისა, რომელიც ბოლო ხანებში გაბატონებული იყო, როგორც აშშ-ში, ისე ევროპაში და, კონსერვატიული ლიბერალიზმისგან განსხვავებით, ქადაგებდა უსაზღვრო მულტიკულტურალიზმს, ცალკე გამოყოფდა და წინ აყენებდა გარკვეული ჯგუფების, მაგალითად, სექსუალური და ეროვნული უმცირესობების, უფლებებს, პოლიტკორექტულობის ლოზუნგის ქვეშ ახდენდა მთელი რიგი თემების ტაბუიზირებას და ა.შ. დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევა და ევროკავშირის ქვეყნებში ულტრამემარჯვენე პარტიების გაძლიერება სწორედ მსგავსი მემარცხენე ლიბერალიზმის დამსახურებაა. როდესაც, გადაჭარბებული პოლიტკორექტულობის გამო, ვერცერთი ძირითადი პარტია ვერ ბედავს მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან თემებზე ღიად საუბარს, მაგალითდ, როგორიცაა – ისლამური ფუნდამენტალიზმის პრობლემა, უკონტროლო მიგრაცია და ა.შ., ყოველთვის ჩნდებიან ტრამპის ან ლე პენის მსგავსი პოლიტიკოსები, რომლებიც გამოცარიელებულ ნიშას ავსებენ და ამ თემების მანიპულირებით ახერხებენ პოლიტიკური წარმატების მიღწევას. ამას ერთვის ეკონომიკური და სავალუტო კრიზისი, რომელიც ჯერ კიდევ უქმნის სერიოზულ პრობლემებს ევროზონის ქვეყნებს. მიგრანტთა კრიზისი, ბრექსიტის საკითხი, ტრამპის კრიტიკული დამოკიდებული ნატოს მიმართ და ყველაფერ ამის ფონზე, თვით ნატოსა და ევროკავშირის არსებობის საკითხი დგება ეჭვქვეშ. ამ მდგომარეობის გამოყენებას, რა თქმა უნდა, სათავისოდ ცდილობენ რუსეთი და ჩინეთი, თუმცა მათაც უამრავი შიდაპოლიტიკური პრობლემა აქვთ, მათ შორის, მწვავე ეკონომიკური, სოციალური და დემოგრაფიული ხასიათის პრობლემები.
რაც შეეხება სხვადასხვა ზესახელმწფოს კონკურენციას მსოფლიო ბატონობისთვის –  საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, გარკვეული პერიოდის მანძილზე, მსოფლიო პოლიციელის როლს აშშ თამაშობდა, ფლობდა რა ამისთვის საჭირო სამხედრო და ეკონომიკურ რესურსს, თუმცა შემდეგ ავღანეთში, და განსაკუთრებით ერაყში, უაზრო შეჭრით ჯორჯ ბუშის ხელისუფლებამ ეს უპირატესობა გაანიავა და ამერიკის ჰეგემონიისადმი საკუთარი მოსახელობის მხარდაჭერაც დაკარგა. თუმცა, მიუხედავად ამისა, დღეს აშშ მაინც ნომერ პირველ ზესახელმწიფოდ რჩება და როდის დაეწევა, ან თუ კი საერთოდ დაეწევა მას ჩინეთი, ჯერ კიდევ საკითხავია. ის, რაც ხდება დღეს უკრაინაში, სირიასა და ახლო აღმოსავლეთში, სწორედ იმის ნიშანია, რომ აშშ-ს აღარ სურს მსოფლიო პოლიციელის როლის თამაში და მზად არის, ხშირ შემთხვევაში, ეს ფუნქცია სხვებს, მაგალითად, რუსეთს ან ჩინეთს გადაულოცოს. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ აშშ-ის გავლენა მსოფლიოზე შემცირდება, არამედ იმას რომ, ისეთ კონფლიქტებში, რომელსაც ამერიკა არ მიიჩნევს საკუთარი ინტერესებისთვის სასიცოცხლოდ, იგი პირდაპირ აღარ ჩაებმება.

-ამ ჭრილში საქართველოს რა პოზიცია უნდა ეკავოს და ზოგადად, თქვენი შეფასებით, რა გავლენის მოხდენა შეუძლია ნებისმიერი აქტორის ,,გამარჯვებას“?
თუ რა სჯობს საქართველოსთვის, დემოკრატიული თუ ავტოკრატიული სახელმწიფოების დომინირება მსოფლიოში – ამაზე პასუხი ერთმნიშნელოვნია: დემოკრატიული სახელმწიფოების დომინირება, ორი მიზეზის გამო: უპირველეს ყოვლისა, ასეთ დროს საქართველოს მსგავს პატარა ქვეყნებს მეტი ყურადღება ექცევათ. დემოკრატიული ქვეყნები უფრო მიდრეკილნი არიან ფორმალური თანამშრომლობისკენ, ქმნიან საერთაშორისო ინსტიტუტებს, სადაც პატარა ქვეყნების ინტერესები შედარებით უკეთაა დაცული. ამის მაგალითია ნატო და ევროკავშირი, სადაც ყველაზე პატარა წევრსაც კი აქვს უფლება, ვეტო დაადოს ბევრ მნიშვნელოვან საკითხს. ავტორიტარული ქვეყნები, როგორებიცაა – ჩინეთი და რუსეთი, ასეთი საერთაშორისო დემოკრატიული ინსტიტუტების არსებობას არ უშვებენ და შედარებით უფრო ხისტი მსოფლიო წესრიგის მომხრენი არიან. წესრიგისა, სადაც დიდ სახელმწიფოებს მსოფლიო გავლენის ზონებად აქვთ გადანაწილებული და თითოეულს თავთავიანთ ზონაში განუზომელი ძალაუფლება აქვს. ბუნებრივია საქართველოსთვის მსგავსი მსოფლიო წესრიგი ყოველმხრივ წამგებიანი იქნება.
მეორე მნიშვნელოვანი განსხვავება არის ის რომ, დემოკრატიული ქვეყნები დიდ ყურადღებას აქცევენ მსოფლიოში დემოკრატიის გავრცელებას და, მათი დომინირების შემთხვევაში, მეტი შანსია, რომ საქართველო დემოკრატიულ ქვეყნად ჩამოყალიბდეს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დემოკრატიის მხარდაჭერა დასავლეთის მიერ არ მომდინარეობს მხოლოდ მათი ალტრუისტული წარმოდგენებისგან, არამედ მომდინარეობს ასევე მათი გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესებიდან, რომელიც ეფუძნება იმ ფაქტს რომ დემოკრატიული ქვეყნები, როგორც წესი, ერთმანეთში არასდროს ომობენ და, შესაბამისად, დემოკრატიული ქვეყნებისგან შემდგარი მსოფლიო იქნება ყველაზე მშვიდობიანი, სტაბილური და ეკონომიკურად განვითარებული. თუ გადავხედავთ აშშ-ისა და ევროკავშირის უსაფრთხოების სტრატეგიებს, მშვიდობა და თავისუფალი ვაჭრობა მსოფლიოსთან ორივე აქტორისათვის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს. შესაბამისად, დემოკრატიის გავრცელება მსოფლიოში, რომელსაც ხშირად სარკაზმით ეკიდებიან, არაფერი აქვს საერთო ალტრუიზმთან, არამედ არის დასავლეთის ქვეყნების ეროვნული ინტერესის განუყოფელი ნაწილი.
უშუალოდ საქართველოს რაც შეეხება – ის კურსი, რომელიც აღებულია, რამდენად მიესადაგება იმ მოთხოვნებს, რომლებსაც, დავუშვათ, ევროკავშირი გვიწესებს? რამდენად სწორად და ტემპში მიდის საქართველოს განვითარების მაჩვენებლები?
საქართველოს დღეს აქვს ორი მთავარი პრობლემა – ეკონომიკური სტაგნაცია და დემოკრატიის დეფიციტი. ამ პრობლემების გადაჭრის გარეშე ევროკავშირთან საქართველოს შემდგომი ინტეგრაცია ვერ მოხდება. ამასთან ევროკავშირთან ურთიერთობის შემდგომი გაღრმავება და ევროკავშირში გაწევრიანება მხოლოდ საქართველოზე არ არის დამოკიდებული. თვითონ ევროკავშირი დღეს სერიოზულ კრიზისს განიცდის და შემდგომი გაფართოების პოტენციალი ამ ეტაპზე არ აქვს. თუმცა არსებობს ასევე თანამშრომლობის შუალედური ფორმებიც, რომელიც მოიაზრებს ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობას ფორმალური წევრობის გარეშე. მსგავსი ე.წ. არაფორმალური ინტეგრაცია უნდა იყოს ამ ეტაპზე საქართველოს მიზანი. საქართველო უნდა სცადოს ევროპის ეკონომიკურ სივრცეში გაწევრიანება, რომელიც ქართველ მუშახელს ევროკავშირის შრომის ბაზარს გაუხსნის. ეს, რა თქმა უნდა, არ იქნება იოლი მისაღწევი, განსაკუთრებით, დღეს არსებული ლტოლვილთა კრიზისის და ულტრამემარჯვენე პარტიების მომძლავრების ფონზე, თუმცა საშუალოვადიან პერსპექტევაში შეუძლებელი ნამდვილად არ არის. მთავარია საქართველომ შიდაპოლიტიკურად არაფერი ,,მიქაროს” და სწორი პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების გზა შეინარჩუნოს. ღარიბი, განუვითარებელი და ავტოკრატიული ქვეყნის მიღება თავის რიგებში არავის სურს. ბუნებრივია, საქართველო ასე უცბად შვეიცარიის დონეს ვერ მიაღწევს, მაგრამ დემოკრატიული და სწრაფად განვითარებადი ქვეყნის იმიჯი (მაგალითად, როგორებიც არიან ე.წ. აზიური ვეფხვები) გადამწყვეტი იქნება წარმატებული ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის.
თქვენეული პროგნოზი -როგორ საერთო პოლიტიკურ და სოციალურ სურათს მივიღებთ საქართველოში მიმდინარე პროცესების ფონზე?
საქართველოს მთავარი გამოწვევები დღეს შიდაპოლიტიკური ხასიათისაა. როგორც უკვე ვთქვით, ვერ ხერხდება ეკონომიკური ზრდის დაჩქარება და დამოკრატიული და ეფექტური მმართველობის ჩამოყალიბება. საქართველოს მსგავსს ქვეყანას ესაჭიროება მინიმუმ 7-8-პროცეტიანი ეკონომიკური ზრდა, რაც დღეს არ გვაქვს. ასევე ვერ ჩამოყალიბდა სტაბილური პოლიტიკური ინსტიტუტები, რომლებიც ხელს შეუწყობენ მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შექმნას და ეკონომიკურ წინსვლას. რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია ისიც რომ, რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში ვცხოვრობთ, თუმცა ეს პრობლემა დიდი ხანია გვიდგას და ამით დღეს არსებული შიდაპოლიტიკური სისუსტეები ვერ გამართლდება.

 

მასალა მოამზადა: ნატალია ჯალაღონიამ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid