close
გამოგონება - ინოვაციასაქართველო

,,Holo” – ქართველი ახალგაზრდების ინოვაციური პროდუქტი რეკლამირებისათვის

 8 აპრილს ,,ტექნოპარკში” ჩატარდა ,,Microsoft-ის” მიერ ორგანიზებული ImagineCup-ის დემოდღე, რომელშიც მონაწილეობა ხუთმა სტარტაპერმა გუნდმა მიიღო. ერთერთი მათგანია – ,,Holo“, რომელიც სრულიად ინოვაციურ პროდუქტს ქმნის სერვისების რეკლამირებისთვის. ,,დოქტრინა“ გაესაუბრა იდეის ერთ-ერთ ავტორს – სანდრო ჯავახიშვილს, რომელმაც დაწვრილებით ისაუბრა სტარტაპის შესახებ.

გუნდი სამი წევრისგან შედგება, 19 წლის სანდრო ჯავახიშვილი და  20 წლის ნიკა ბერეკაშვილი სკოლის პერიოდიდან მეგობრობენ, გუნდის შედარებით ახალი წევრი კი  – 19 წლის შოთა ბაწაშვილია, რომელიც საქართველოს უნივერსიტეტის ბიზნესადმინისტრირების ფაკულტეტზე სწავლობს. სანდრო თავისუფალ დროს ელექტრონული მუსიკის შექმნით არის დაკავებული, ნიკა კი გრაფიკული დიზაინერია. მიუხედავად ასაკისა, შოთას დიდი გამოცდილება აქვს გაყიდვების მიმართულებით, რაც აუცილებელი აღმოჩნდა გუნდისთვისაც.

სტარტაპის შექმნის იდეა დაახლოებით ერთი წლის წინ სანდროსა და ნიკას გაუჩნდათ,  ,,შექმნის დღიდან, ფაქტობრივად, ყოველ დღე „ჰოლოზე“ ვმუშაობთ, რადგან დარწმუნებულები ვართ, რომ წარმატებული პროექტი იქნება. მუშაობის განმავლობაში არაერთი ექსპერიმენტი ჩავატარეთ ბიზნესმოდელიც არაერთხელ შევცვალეთ, საბოლოოდ კი,  გადავწყვიტეთ ჰოლოგრამა სარეკლამო ბაზარზე დაგვენერგა და ბოლო რამდენიმე თვეც ამას დავუთმეთ,“ – აღნიშნა სანდრომ.

გუნდი გეგმავს ქართულ ბაზარზე ახალი ტიპის აუთდორ სარეკლამო სისტემის დანერგვას, რომელიც სხვადასხვა კომპანიას ჰოლოგრამების (სივრცითი გამოსახულება) მეშვეობით საშუალებას მისცემს პროდუქტისა და სერვისების უფრო ეფექტური გზით რეკლამირება მოახდინონ ანუ ,,ჰოლო“ არის კომპანია, რომელიც,  მოწყობილობის შექმნის გზით, ნებისმიერ გრაფიკულ ვიზუალს სივრცულ გამოსახულებად გარდაქმნის. იხ.ვიდეო:

გუნდმა უკვე არაერთ ღონისძიებაში მიიღო მონაწილოება, მათ შორისაა ბიზნესფორუმი, მეცნიერების და ინოვაციების თბილისის ფესტივალი, განათლების საერთაშორისო გამოფენა და სხვა, მათ  მოახერხეს რამდენიმე ადგილობრივი ინვესტორის დაინტერესებაც და ამ ეტაპზე მიმდინარეობს რამდენიმე მოლაპარაკება მათთან. თუმცა, სანამ აქამდე მივიდოდნენ გუნდის წევრებს მრავალი დაბრკოლების გადალახვა მოუწიათ, რაზეც სანდრომ გულღიად ისაუბრა ,,ყველაზე დიდი პრობლემა რასაც ამ ერთი წლის განმავლობაში გადავაწყდით უნდობლობა იყო; ყოფილა შემთხვევები, როდესაც სწორედ ასაკიდან გამომდინარე გამოუცხადებიათ ჩვენთვის უნდობლობა. იყო მომენტებიც, როცა ტრადიციულ ქართულ დამოკიდებულებასაც ვაწყდებოდით – სიახლის, რისკის შიშს და ა.შ. ქართული სტარტაპგარემო თავისუფლად აძლევს ნებისმიერ სტარტაპერს იმის შესაძლებლობას, რომ იდეა განახორციელოს, თუკი ავტორს იდეის სჯერა და დათმობას არ აპირებს”.

ამ ეტაპზე გუნდი აქტიურად თანამშრომლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან, კონკრეტულად ისინი არიან პრეაქსელერატორ ,,Zoomout”-ის წევრები და მათი მენტორების დახმარებით აგრძელებენ საქმიანობას. სამომავლოდ  გეგმებს კი რაც შეეხება, მათ დიდი სურვილი აქვთ ჰოლოგრამები არა მარტო ქართულ სარეკლამო სივრცეში დანერგონ, არამედ განავითარონ ტექნოლოგია და  სხვა სფეროებშიც შეიტანონ ის, რისი შესაძლებლობაც ნამდვილად არის. ,,ამ ეტაპზე ჰოლოგრამა ტრენდული სფეროა მსოფლიოსთვის და ახლა ვითარდება. შესაბამისი ძალისხმევით გვინდა ამ განვითარებაში ჩვენი წვლილის შეტანაც და დარწმუნებულები ვართ, რომ წარმატებას მივაღწევთ,“- აღნიშნა სანდრომ დასასრულს.

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid