close
მსოფლიოპოლიტიკა

რეფერენდუმის შედეგები: განხეთქილება ევროკავშირ-თურქეთს შორის?

თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმი, რომელიც კონსტიტუციურ ცვლილებებს ეხებოდა და, ფაქტობრივად, მმართველ პირს ანიჭებს მთელ აღმასრულებელ ძალაუფლებას, დავისა და განხილვის საგნად იქცა საერთაშორისო საზოგადოებაში. იქამდეც კი, სანამ საბოლოო შედეგები გახდებოდა ცნობილი, თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ ტაიპ ერდოღანი, სიტყვით გამოვიდა მოსახლეობის წინაშე და გამარჯვება ამცნო მათ: „ჩემი ერი იყო განუყოფელი, 16 აპრილი არის მთელი თურქეთის გამარჯვების დღე“ .

თუმცა, შედეგებმა ცხადყო, რომ პროცენტული მაჩვენებლები არ მეტყველებდა იმ გამარჯვებაზე, რასაც პრეზიდენტი მოელოდა. ხმების მხოლოდ 51,4 %-ით გადაწყდა დადებითად რეფერენდუმის ბედი. ოპოზიციამ ხელისუფლება დაადანაშაულა არაკანონიერ ქმედებებში. ისევე, როგორც, კრიტიკა გამოხატეს საერთაშორისო დამკვირვებლებმა. თურქეთის რამდენიმე ქალაქში დაიწყო საპროტესტო გამოსვლები. შედეგად, რეფერენდუმმა უფრო მეტად გახლიჩა თურქული საზოგადოება, ვიდრე გააერთიანა.

რას აკანონებს რეფერენდუმის შედეგები?

რადიკალურად შეიცვლება კონსტიტუცია. ისევე, როგორც 1923 წელს, როდესაც თურქეთი იმპერიული ძალიდან სეკულარულ რესპუბლიკად გადაიქცა რეფორმატორ ქემალ ათათურქის ინიციატივით. დღეს კი, 2019 წელს დაგეგმილი არჩევნების შემდეგ, ერდოღანს საშუალება ექნება ქვეყნის სათავეში დარჩეს, დანიშნოს ოფიციალური პირები, მოსამართლეები და თავისი კაბინეტის წევრები ისე, რომ მართალია გაფართოებულ, თუმცა დასუსტებულ პარლამენტს ვერ შეეძლება მნიშვნელოვანი კონტროლის გაუწიოს მმართველის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს.

საერთაშორისო გამოხმაურება

გარდა იმისა, რომ თურქეთის ოპოზიცია განმეორებით რეფერენდუმის ჩატარებას მოითხოვს, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის(OSCE) შეფასებით, რეფერენდუმის პროცესი არ შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს, ერთ-ერთი ავსტრიელი დამკვირვებელი ამბობს იმასაც, რომ თურქეთის პოლიციამ ორჯერ დაბლოკა  ის, რომ ხელი შეეშალა საკუთარ საქმიანობაში. სანაცვლოდ, პრეზიდენტმა ერდოღანმა საერთაშორისო დამკვირვებლებს მოუწოდა სცოდნოდათ საკუთარი ადგილი.

განსხვავებული რეაქცია ჰქონდა აშშ-ის პრეზიდენ დონალდ ტრამპს, რომელმაც სატელეფონო ზარით, პირადად მიულოცა თურქეთის პრეზიდენტს გამარჯვება  და სირიაში განვითარებული უკანასკნელი მოვლენებიც განიხილეს.

ევროკავშირი და თურქეთი?

უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირისათვის მოულოდნელობას არ წარმოადგენდა რეფერენდუმის შედეგები და ერდოღანის დამოკიდებულება ევროკავშირისადმი ახალი რეალობის შემდეგ. რადგან, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, პრეზიდენტი რეფერენდუმს „ჩვენ თუ ევროკავშირის“  კონტექსტში განიხილავდა.

გერმანიის კანცლერი – ანგელა მერკელი და საგარეო საქმეთა მინისტრი, სიგმარ გაბრიელი, ერთხმად აღნიშნავენ, რომ ერდორანმა უნდა გაითვალისწინოს რეფერენდუმის შედეგებს შორის ასეთი მცირე პროცენტული სხვაობა, რომელიც, ყველაფერთან ერთად, მიუთითებს იმაზეც, რომ თურქული საზოგადოება იმაზე მეტადაა გაყოფილი, ვიდრე რეალურად ჩანს.

მიუხედავად ამისა, ევროპელი ლიდერები მაინც ცდილობენ ფრთხილი პოლიტიკის გატარებას თურქეთის ლიდერის მიმართ, რადგან არსებობს საფრთხე, რომ თურქეთი აღარ შეასრულებს ევროკავშირთა მიგრაციის საკითხზე დადებულ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, თურქეთმა ბუფერი სახელმწიფოს როლი უნდა შეასრულოს ევროკავშირსა და ახლო აღმოსავლეთს შორის და უზრუნველყოს 3 მილიონამდე დევნილის უსაფრთხო გადაადგილება. სანაცვლოდ კი, 75 მილიონ თურქს შესაძლოა მისცემოდა შანსი უვიზო მიმოსვლით ესარგებლა ევროკავშირის შენგენის ზონის ქვეყნებთან.

თუმცა, ევროკომისიის სპიკერმა საკმაოდ ნეგატიური განცხადება გააკეთა ერდოღანის შეთავაზებაზე, რომელიც კიდევ ერთი რეფერენდუმის გამართვას გულიხმობს სიკვდილით დასჯის აღდგენასთან მიმართებით. სპიკერმა აღნიშნა, რომ ეს იქნება „ბოლო წითელი ხაზი“ თურქეთის ოცნებაში, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი. თურქეთის ასოცირების საკითხი 2005 წლიდან დგას დღის წესრიგში, თუმცა რეალური შედეგის მიღწევა ვერ ხერხდება ადამიანის უფლებების დარღვევის პრაქტიკისა და სხვა საკითხთა გამო.

საპასუხოდ, ერდოღანმა, საპრეზიდენტო სასახლიდან საჯაროდ განაცხადა, რომ თურქეთისთვის უკვე აღარ იყო მნიშვნელოვანი ის ფაქტი, რომ ევროკავშირმა შესაძლოა შეაჩეროს ასოცირების პროცესი და დაამატა, რომ 54 წლის განმავლობაში (ევროკავშირ-თურქეთს შორის მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მე-20 საუკუნეში დაიწყო), ევროკავშირს არაფერი გაუკეთებია, გარდა იმისა, რომ აიძულებდა თურქეთს მის კართან ეცადა.

მრავალი კრიტიკოსის მოსაზრებით, თურქეთის რეფერენდუმი ქმნის არა ახალ პოლიტიკურ სისტემას თურქეთში, არამედ, უბრალოდ, აკანონებს ერდოღანის თითქმის ერთპიროვნულ მმართველობას, რომელსაც თან სდევს თურქეთის საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებაც.

 

მასალა მოამზადა: ცირა შვანგირაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid