close

წინა წლის დასაწყისი ხელოვნური ინტელექტის (AI – Artificial Inteligence) მქონე ახალი რობოტული ტექნოლოგიების სიუხვით აღინიშნა. 23 მარტს ,,მაიკროსოფტმაც” წარმოადგინა ტეი, რომლის მთავარი ფუნქცია კლიენტებთან სოციალური ქსელების საშუალებით კონტაქტი იყო. ის ძალიან სწრაფად ითვისებდა ყველა ინფორმაციას, რაც ვირტუალურ სივრცეში ვრცელდებოდა, ამის შემდეგ კი, აქტიურად და ხალისიანად ეკონტაქტებოდა შედარებით ახალგაზრდა აუდიტორიას, რომელთაც მილენიალებს ეძახიან ანუ 21- საუკუნის ახალგაზრდებს.

ტეის პოპულარობამ ყველაზე სწრაფად პიკს “Twitter-ზე” მიაღწია და ამ მიზეზით ის იყო მედიის ყურადღების ცენტრშიც უნდა მოხვედრილიყო, რომ მოულოდნელად ავტორებს მისი პროგრამის წაშლა მოუწიათ. ტეი მაინც მოხვდა ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ გამოშვებულ ახალ ამბებში, ოღონდ სხვა რამის გამო: მისი სახით ,,მაიკროსოფტმა” სწრაფი და მოულოდნელი მარცხი განიცადა და სიახლე 24 საათის განმავლობაში საკუთარი ხელით მოსპო.

,,სი-ბი-ესის”, ,,სი-ენ-ენის”, ,,ტელეგრაფის”, ,,ვაშინგტონ პოსტის”, ,,ინდიფენდანტის”, ,,გარდიანისა” და სხვა ცნობილი გამოცემების გვერდები ახალი ჰედლაინებით აჭრელდა: ,,ტეი, ,,მაიკროსოფტის” ახალი მოლაპარაკე ტინეიჯერი რობოტი რასისტად იქცა”; ,,Microsoft–მა 24 საათში წაშალა ტინეიჯერი გოგონა რობოტი, რადგან ის ჰიტლერის მოყვარული სექსისტი გახდა”; ,,ტროლებმა მაიკროსოფტის მხიარული მილენიალი-რობოტი გენოციდის მომხრე მანიაკად გადააქციეს”; “Microsoft-ის რობოტმა, რომელსაც ინფორმაცია ,,Twitter-დან” უნდა მიეღო, დაასრულა იმით, რომ მხარი ტრამპს დაუჭირა და ჰიტლერი გააღმერთა”; ,,მაიკროსოფტის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება ტეისგან მიყენებული ზარალის გამო ცუდ დღეშია”; ,,Twitter-მა” ,,მაიკროსოფტის” რობოტი ერთ დღეზე ნაკლებში რასისტად აქცია”; “Microsoft–ის ტეი ახალგაცნობილ ადამიანებს ესხმის თავს”; “Microsoft-მა ტეი დროებით სიცოცხლეს გამოასალმა, ვინაიდან ის ნაცისტი გახდა”; ,,Twitter-მა” მაიკროსოფტის რობოტს რასიზმის სწრაფი კურსი ჩაუტარა”…

სტივენ ჰოუკინგი, ფიზიკის ცნობილი ბრიტანელი თეორეტიკოსი, რომელსაც თანამედროვე ასტროფიზიკის მამასაც კი უწოდებენ, ამბობს, რომ ხელოვნური ინტელექტის განვითარება ადამიანთა მოდგმას გადაშენებით ემუქრება, რომ ხელოვნური ინტელექტი შეიძლება იყოს ან ყველაზე კარგი, ან ყველაზე უარესი რამ, რაც კი კაცობრიობას ოდესმე შეუქმნია. მისი აზრით, თუკი რობოტები საკუთარი ინტელექტით ადამიანს გაუსწრებენ, შესაძლოა ერთგვარი ინტელექტუალური აფეთქება მოხდეს. ამ შემთხვევაში, სხვაობა რობოტებს და ადამიანებს შორის ისეთივე დრამატული გახდება, როგორც ადამიანს და გველს შორის.

 

წყარო: Forbes.com

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid