close

  მკვლევრების ნაწილის მტკიცებით, საქართველო პურის სამშობლოა. ამის დასტურად კი ქვემო ქართლში, არუხლოს არქეოლოგიურ ძეგლზე, აღმოჩენილი ძველი წელთაღრიცხვით მეექვსე ათასწლეულში კულტივირებული ხორბლის ნაშთები – კილიანები, მახა და ძველკოლხური ასლი, ერთმარცვალა და ორმარცვალა ასლი, სპელტა, შიშველმარცვლიანები: რბილი ხორბალი, ჯუჯა ხორბალი, ქერი, ფეტვი, ღომი, შვრია და კულტურულ მცენარეთა თანმხლები სარეველები და ჭვავი – უნდა მოწმობდეს.

საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარებული გათხრების დროს ხორბალი კოლხეთის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს,შემდეგ კი -შულავერში, ჩვ. წ. აღ-მდე V-IV ათასწლეულის ნიმუშები.

მოკლედ რომ ითქვას, ხორბლის კულტურის პირველ ნიმუშებს საქართველოსთან მივყავართ.

პურეულ მარცვლეულს მიეკუთვნება – ხორბალი, ჭვავი, შვრია, ქერი და სიმინდი. ეს მარცვლეული კულტურები ბუნებაში ველური სახით არ არსებობს. მიიჩნევენ, რომ ისინი წარმოშობილი უნდა იყოს  10-15 სახის სხვადახვა მცენარისაგან, რომელთა უმრავლესობა სადღეისოდ გადაშენებულია.

საქართველოში სხვადასხვა დროს აღწერილია და რეგისტრირებულია ხორბლის 14 ბუნებრივი სახეობა.

როგორც ცნობილია, ხორბლის ისეთი სახეობები, რომლებიც ევოლუციით სწორედ ველურ სახეობებთან დგას ძალიან ახლოს, დღემდე მხოლოდ საქართველოშია შემონახული.

პირველ ისტორიულ ცნობებს ხორბლის შესახებ ვახუშტი ბატონიშვილის, სულხან-საბა-ორბელიანის და სხვადასხვა დროს საქართველოში ნამყოფი უცხოელი მოგზაურების ჩანაწერებიდან ვკითხულობთ. ივ. ჯავახიშვილის ცნობით, ძველად საქართველოში ხორბალს ხვარბალად მოიხსენიებდნენ – ეს იყო ზოგადად, მარცვლეულის აღმნიშვნელი სიტყვა. მეგრულად მას ქობალს, ხოლო ჭანურად კი ქოვალს ეძახდნენ სხვათა შორის, დღეს სიტყვა ,,ქობალი” დღემდეა შენარჩუნებული მეგრულ ენაში და პურს ნიშნავს.

მიუხედავად ამისა, ძნელი დასამტკიცებელია,  რეალურად რამდენად დგას სიმართლესთან ახლოს ის ფაქტი, რომ პური პირველად საქართველოში გაჩნდა, თუმცა, ფაქტია, რომ საქართველო პურეული კულტურების მოშინაურების ერთ-ერთ უძველეს კერაა. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში შეიქმნა პურეული კულტურების მდიდარი ჯიშები და მასთან დაკავშირებულმა შრომის ორგანიზაციამ დახვეწილი ფორმა მიიღო, რაც ზოგადად ხელისშემწყობი გახდა იბერიის სახელმწიფოს აღმავლობისა.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid