close
კვლევებიმედიცინა

მეცნიერებმა ხელოვნურ საშვილოსნოზე წარმატებული ექსპერიმენტი  ჩაატარეს

მეცნიერებმა ხელოვნური საშვილოსნოს გამოყენებით ნაადრევად დაბადებული ბატკნის გადარჩენა შეძლეს.

პლასტმასის ტომრის მსგავს „საშვილოსნოს“ ყველაფერი აქვს იმისთვის, რაც ნაყოფის ზრდისთვისაა საჭირო, მათ შორის, საკვები ნივთიერებებით მდიდარი სისხლის მარაგი და ამნიოტული სითხის დამცავი ტომარა.

ექსპერტები იმედოვნებენ, რომ ეს მიდგომა ნაადრევად დაბადებულ ბავშვებს გადარჩენის უკეთეს შანსს მისცემს. მეცნიერები აცხადებენ, რომ ცდების ადამიანებზე ჩატარება რამდენიმე წელში გახდება შესაძლებელი. მანამდე კი იმის დასადგენად, თუ რამდენად უსაფრთხოა ეს გამოგონება, დამატებითი ტესტების ჩატარებაა საჭირო.

ამჟამად, ნაადრევად დაბადებულ ჩვილებს, რომლებიც გესტაციის დაახლოებით 23-ე კვირას ჩნდებიან, ინკუბატორებში ათავსებენ და ვენტილატორის საშუალებით სუნთქვაში ეხმარებიან, თუმცა ამან შესაძლოა მათი ფილტვის განვითარება შეაფერხოს.

პლასტიკური ,,ბიოპარკის” საშვილოსნო შეიცავს ამნისტიური სითხის მსგავს თბილი წყლისა და დანამატი მარილების ნარევს, რაც ნაყოფს იცავს.

ამ სითხეს ნაყოფი შეისუნთქავს და ყლაპავს. სითხეს ტომრიდან ყოველდღიურად ასხამენ, რათა ახალი სითხით უწყვეტად მომარაგება უზრუნველყონ.

პარკში მოთავსებული ბატკანი დედიდან პლაცენტის საშუალებით ჟანგბადსა და ნუტრიენტებს ვერ ღებულობდა. ამის ნაცვლად, ის ჭიპლარით სპეციალურ მოწყობილობაზეა მიერთებული.

ბატკნის გული ყველა სატუმბ სამუშაოს ასრულებს, ,,ძველ, გამოყენებულ” სისხლს აგზავნის მოწყობილობისკენ, რათა მანამ, სანამ სხეულს დაუბრუნდება, ხელახლა შეივსოს.

მთელი ეს სისტემა მიმსგავსებულია ბუნებრივს და ეხმარება ნადრევად დაბადებული ჩვილების ფილტვებისა და სხვა ორგანოების ჩამოყალიბებას.

მკვლევარი დოქტორ ემილი პატრიჯი აღნიშნავს, რომ ნაადრევად დაბადებული, 23 კვირაზე ნაკლები ნაყოფის გადარჩენის შანსი ნულია, 23 კვირის – 15 პროცენტი, 24 კვირის – 55 პროცენტი, ხოლო 25 კვირაზე მეტის – 80 პროცენტი.

ხელოვნური საშვილოსნოს საშუალებით  23 კვირის ადამიანის ახალშობილის ექვივალენტი ბატკნები პარკში ნორმალურად განვითარდნენ. გაახილეს თვალები, გაეზარდათ ბეწვი და პოლიეთილენის „სახლებში“ კომფორტულად ცხოვრობდნენ.

28 დღის შემდეგ, როდესაც მათი ფილტვები საკმარისად გაჯანსაღდა, ბატკნები გაათავისუფლეს და ჰაერის სუნთქვის საშუალება მისცეს. ამის შემდეგ ბატკნები დახოცეს, რათა მეცნიერებს მათი ტვინებისა და სხვა ორგანოები შეესწავლათ.

მოგვიანებით, ჩატარებული ექსპერიმენტებისას, რამდენიმე ბატკანს სიცოცხლის საშუალება მისცეს და ბოთლით კვებაზე გადაიყვანეს.

მიუხედავად იმისა, რომ ბატკნებზე ჩატარებული ექსპერიმენტები წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს, არსებობს რამდენიმე გამოწვევა, რისი გადალახვაც მეცნიერებს მოუწევთ.

არსებობს ინფექციის დიდი რისკი, მიუხედავად იმისა, რომ ბიოპარკი სტერილური და დალუქულია. გამოწვევად შეიძლება ჩაითვალოს ადამიანის ჩვილების მხარდასაჭერად საკვებისა და ჰორმონების სწორი ნაზავის შერჩევაც.

მეცნიერები აცხადებენ, რომ აღნიშნული კვლევა დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა ამ მეთოდის დასანერგად ჯერ კიდევ ბევრი პრეკლინიკური კვლევის ჩატარებაა საჭირო.

 

წყარო: BBC

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,დოქტრინა”

 

 

 

 

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid