close
განათლება

ტიპოგრაფიკის საფუძვლები – როგორ იქმნება კარგი წიგნი?

 წიგნის შექმნა, როგორც ხელოვნება – შეიძლება ითქვას, სწორედ ამ კუთხით განიხილავს მას ტიპოგრაფიკა. სანამ წიგნი ჩვენამდე მოაღწევს, მას საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლო გზის გავლა უწევს და ეს არ ეხება მხოლოდ და მხოლოდ ავტორის საaქმიანობას. წიგნის შექმნის კულტურაზე ჩვენ გამომცემლობა ,,აზრის“ დირექტორსა და ,,მედიისა და კომუნიკაციის კვლევის ცენტრის” ხელმძღვანელს – მამუკა ხანთაძეს გავესაუბრეთ.

მამუკა ხანთაძე საგამომცემლო სფეროში საკმაოდ დიდი ხანია აქტიურად მოღვაწეობს და მრავალი საინტერესო პროექტიც ეკუთვნის, მათ შორის სახელმძღვანელოების პროექტი ბუდაპეშტში და საგამომცემლო საქმის სწავლების ორგანიზება როგორც ბუდაპეშტში, ისევე ლონდონში. ამჟამად კი, მისი ინტერესის და კვლევის სფეროს მთლიანად კითხვა და წიგნი წარმოადგენს, როგორც კითხვის ერთ-ერთი უმთავრესი ინსტრუმენტი.

წიგნის სრულყოფისთვის თანამედროვე სამყაროში გაცილებით მეტი შესაძლებლობა არსებობს, ვიდრე იმ დროს, როცა ერთადერთი რამ, რითიც წიგნის შექმნა შეიძლებოდა ხელნაწერი იყო, ,,წიგნი აქამდე არსებულ საშუალებათა შორის ჯერ კიდევ უპირობო ლიდერია. გრაფიკა და წიგნი მონათესავე მოვლენებს წარმოადგენენ და მათი დაცალკევება შეუძლებელია, მაგრამ გრაფიკა სულდგმულობს და ვითარდება წიგნის ფარგლებს გარეთაც, თუმცა სახვითი ხელოვნების ცალკე დარგად ფერწერისა და ქანდაკებასთან ერთად მისი ეს დამოუკიდებელი განვითარება იწყება მხოლოდ შედარებით გვიან-აღორძინების ეპოქაში. ამ დროისათვის წიგნი, მაშინ ჯერ მხოლოდ ხელნაწერი, უკვე მრავალი საუკუნის ისტორიას ითვლიდა, რთული ტექნიკური და მხატვრული განვითარების გზა ჰქონდა გამოვლილი და წიგნის ხელოვნების მრავალფეროვანი და  მაღალი ნიმუშებით ხასიათდებოდა,“ – აღნიშნავს მამუკა.

წიგნის მხატვრული აგებულების ერთიანი, მთლიანი აღქმა, საშუალებას გვაძლევს,  დავინახვოთ მისი ყველა ნიშნური, ორნამენტული და სახვითი ელემენტი არა იზოლირებულად, არამედ გარკვეულ კავშირში, ისევე, როგორც არქიტექტურა გარდაგვიქმნის გარემომცველ სივრცეს არა მხოლოდ ჩვენი პრაქტიკული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, არამედ ჰმატებს მას წესს, რიგს, ზომასა და შთაბერავს ემოციურ შინაარსს. წიგნის ამგვარად XII-ს-დან ვითარდება, როცა მრავალფეროვანი, ძირითადად სამედიცინო ტიპის სახელმძღვანელოების შექმნა დიაწყეს, ნელ-ნელა წიგნის ფორმამ, მისმა მხატვრულმა გაფორმებამაც შეიძინა მნიშვნელობა (არა მხოლოდ ესთეტიკური) და დაახლოებით მე-15 საუკუნემდე ამ ყველაფერმა ტიპოგრაფიკის სახე მიიღო. რაშიც დიდი როლი ითამაშეს ისეთმა ცნობილმა ხელოვანებმა, როგორიცაა ლეონარდო და ვინჩი, მიქელანჯელო და სხვები. ამ პერიოდიდან უკვე ვხვდებით კონკრეტული სტამბებისთვის მომუშავე მხატვრებსაც და წიგნის შექმნის საქმეშიც უკვე სხვადასხვა სფეროს ცოდნაც ერთვება.

ყველასთვის ცნობილია ოქროს კვეთის კანონი მათემატიკაში, არქიტექტურაში, პოეზიაში, მხატვრობაში, მუსიკაში და ა.შ მაგრამ, საინტერესოა,  რამხელა ადგილი უჭირავს მას, როდესაც საუბარი წიგნში გადმოცემული ინფორმაციის დამახსოვრებას ეხება. ,,ოქროს კვეთა“ არის მთელის ჰარმონიული გაყოფა ორ არატოლ ნაწილად, ამ შემთხვევაშიც წიგნში გადმოცემული ინფორმაციას ადამიანის გონება უკეთ აღიქვამს და იმახსოვრებს თუ კი ერთ გვერდზე ტექსტისა და ცარიელი სივრცის მოცულობების შეფარდება ერთმანეთთან 1:√3-ის ტოლია.

ასევე, ქართული ენისთვის ნორმაა ერთ სტრიქონში მხოლოდ 4-5 სიტყვის გამოყენება, ამგვარად თვალი არ იღლება და ინფორმაციასაც უკეთ აღიქვამს, მაშინ, როცა, თუნდაც  ლათინურ წყაროში 5-6 სიტყვის გამოყენებაც არ ქმნის პრობლემას. შესაბამისად, ბევრი მცირე ფაქტორია, რომლის გათვალისწინებაც აუცილებელია წიგნის შექმნისას და წიგნის სახელმწიფო პოლიტიკის მთავარი მიზანიც სწორედ იმის უზრუნველყოფაა, რომ წიგნები ყველასთვის ხელმისაწვდომი და გასაგები იყოს.

მაგრამ არსებობს ისეთი დეტალებიც, რომლებთან გამკლავებაც ვერც ტიპოგრაფიკის დიდი ძალისხმევის შედეგადაა შესაძლებელი, მაგალითად, ასეთია ქაღალდის ღეროვანი ბოჭკოების მიმართულება, რომლებიც ქაღალდის წარმოებისას ერთი გარკვეული მიმართულებით იპრესება და შესაძლოა არ დაემთხვეს წიგნის გადაფურცვლის მიმართულებას, თუმცა გამოსავალი ამ შემთხვევაშიც არსებობს ე.წ. ღარულას სახით, ღარულა წარმოადგენს წიგნის ყდის ორივე მხარეზე, ყუასთან ახლოს, მთელს სიგრძეზე გაკეთებულ ჩაღრმავებას, რომელიც გამოცემის დაღარვით წარმოიქმნება და წიგნის გადაფურცვლას ამარტივებს.

წიგნის კითხვაც ბევრი ადამიანისთვისაა საყვარელი საქმიანობაა, თუმცა ყველას როდი აქვს წვდომა სპეციფიკურ მახასიათებლებზე, რომლებსაც უნდა ფლობდეს კარგი წიგნი. ამ ყველაფერთან ერთად საინტერესოა ისიც, თუ რამდენად არასწორად გვესმის თუნდაც ტერმინი ,,წიგნიერება“ ან წერა-კითხვის ცოდნა,  Unesco-ს ჯერ კიდევ 1958 წლის განმარტებით, წიგნიერად მიიჩნევა ადამიანი, რომელსაც შეუძლია რაც შეიძლება უშეცდომოდ და მოკლედ აღწეროს ერთი დღე მისი ცხოვრებიდან, სხვა შემთვევაში კი შეეძლოს მსგავსი ტექსტის გააზრება.

საგამომცემლო სფეროში ხშირად უგულებელყოფილია, ისეთი ფაქტორები, რომლებიც ტიპოგრაფიკული თვალსაზრისით განსაზღვრავს წიგნის ღირებულებას, ამიტომაც მამუკა ხანთაძე წიგნის პოლიტიკის კონკრეტულ ფორმაში ჩამოყალიბების ყველაზე ეფექტიან გზად შემადგენელი ელემენტების ერთ იურიდიულ ინსტრუმენტად შეკვრას მიიჩნევს, ,,ასეთი ინსტრუმენტი წიგნის შესახებ კანონია. პოლიტიკა, განსაზღვრების თანახმად, იქმნება უმაღლეს სახელმწიფო დონეზე კულტურული და ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიმღებთა მიერ, წიგნის სექტორის მენეჯმენტთან კონსულტაციის გზით. პოლიტიკური სურვილი, რომ საგამომცემლო სექტორი განვითარდეს, იურიდიულ ვალდებულებაში უნდა აისახოს. სახელმწიფოსა და კერძო სექტორებს შორის დიალოგი წიგნის სახელმწიფო პოლიტიკის მახასიათებელია და გარკვეულწილად მისი წარმატების აუცილებელ პირობას წარმოადგენს (რაც არ ესმით ჩინოვნიკებს),“ – აღნიშნა მან დასასრულს.

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid