,,ჰანგი” სამი ქართველი ახალგაზრდის მიერ დაარსებული კომპანიაა, რომელიც სულ მალე პირველ ქართულ, მაღალტექნოლოგიურ HiFi აკუსტიკურ სისტემებსა და სახლის პერსონალურ დინამიკებს შემოგვთავაზებს. წამოწყების შესახებ იდეის ავტორს, გიორგი ცუცქირიძეს გავესაუბრეთ, რომელმაც გვიამბო სტარტაპიდან კომპანიამდე მათ მიერ განვლილი გზისა და სამომავლო გეგმების შესახებ.
,,ჰანგი“ სამი მეგობრის – გიორგი ცუცქირიძის, ლუკა ლებორაშვილისა და თორნიკე ხომიზურაშვილის, საერთო პროექტია, ახალგაზრდები ჯერ კიდევ სკოლის პერიოდიდან მეგობრობენ და მიუხედავად განსხვავებული მუსიკალური გემოვნებისა ერთი რამ ნამდვილად აერთიანებთ, ეს არის სიყვარული მუსიკისადმი. ამას გარდა, გიორგი ფრილანსდიზაინერია და დარმშტადტის ტექნიკური უნივერსიტეტის ინჟინერიის ფაკულტეტზე სწავლობს, ლუკაც ამ კუთხით აპირებს სწავლის გაგრძელებას, თორნიკეს ინტერესის სფერო კი მარკეტინგია, შესაბამისად, როგორც გიორგიმ აღნიშნა, იდეალური გუნდი შეიკრა.
სტარტაპის შექმნის იდეა გაჩნდა, როცა გიროგიმ HiFi დინამიკების დიზაინი პირადი პორტფოლიოს პროექტისთვის გააკეთა და მეგობრებსაც გაუზიარა, რის შემდეგაც ამ იდეის რეალურად განხორციელების სურვილი გაჩნდა, ვინაიდან მიმზიდველი იყო საკუთარი ხელით შექმნილი ჰანგის ბლუთუზ HiFi აკუსტიკური სისტემის წარმოდგენა, რომელიც სახლში ლაივკონცერტების შეგრძნებას იძლევა. ამიტომაც, მეგობრებმა პირველადი პროტოტიპი საკუთარი ხელით შექმნეს, რომელსაც დიდი მოწონება მოჰყვა სამეგობრო წრეში და ბევრმა გამოთქვა მათი შეძენის სურვილი.
ახალგაზრდები წელს აბიტურიენტები არიან, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია იდეის განხორციელებაში, ,,ჰანგის შექმნის ფიქრი მოსვენებას არ გვაძლევდა და აღარც გადავდეთ, ახლა კი, ამაყად შემიძლია ვთქვა, რომ 18 წლის ასაკში ყველაზე მაგარ და საინტერესო გამოცდილებას ვიღებთ და დიდი საქმის დაწყება გვინდა!“-აღნიშნავს გიორგი.
პირველი პროექტი, სადაც სტარტაპმა სერიოზული ყურადღება მიიქცია, იყო ,,Kickstart Weekend-ი“ ტექნოპარკში, სადაც საინტერესო ტრენინგების შემდეგ ახალგაზრდების წამოწყებას მხარდაჭერაც გამოუცხადეს. ამის შემდეგ იყო ,,თიბისისა” და კრეატიულ სააგენტო ,,Holmes&Watson-ის“ ტრენინგი, რომლის შემდეგაც მათ შორის ძალიან ახლო თანამშროლობა დამყარდა და ,,ჰანგი“ ,,Startup Call-ის“ პირველი სტარტაპი გახდა. თუმცა, პროტოტიპირებისთვის საჭირო დაფინანსება ,,საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ” არ გამოყო, ამიტომაც ახალგაზრდები საკუთარი ფინანსებით ცდილობენ სტარტაპის განვითარებას.
კომპანია ამჟამად სახლის სტაციონარულ აკუსტიკურ სისტემასა და პორტატულ დინამიკებზე მუშაობს. მათ სურთ საზოგადოების წინაშე რაც შეიძლება მომზადებულები წარსდგნენ და მაქსიმალურად დახვეწილი პროდუქტი შესთავაზონ მყიდველს, რომელიც სულ მალე შეძლებს მათი ნაწარმის შეძენას.
ადგილობრივი წარმოება, მით უმეტეს ტექნიკისა, როგორც წესი, შექმნის დანახარჯებიდან გამომდინარე, გაცილებით მეტ თანხასთან არის ხოლმე დაკავშირებული და ამიტომაც კომპანიის წევრები ცდილობენ ისეთი პროდუქტი შექმნან, რომელიც ფართო მასებისთვისაც ხელმისაწვდომი იქნება, ,,რა თქმა უნდა, საქართველოში ადვილი არ არის ასეთი საქმის ნულიდან დაწყება, და თან ხელმისაწვდომობის შენარჩუნება, მაგრამ ჩვენ ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით მაქსიმალურად ვცდილობთ საწარმოო ხარჯების შემცირებას და ისეთი ფასის პროდუქციის შექმნას, რომელიც მომხმარებელთა უმეტესობის მოთხოვნებს შეესაბამება,“-აღნიშნავს გიორგი დასასრულს.
ვიდეოში იხილეთ ,,Startup Call-ის” პირველი სტარტაპი ,,ჰანგი“:
მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”