ერთ-ერთი წარმატებული სტარტაპი – ,,Vrex Immersive-ი“ – ქართველი ახალგაზრდების წამოწყებაა, ეს ტურიზმის სფეროში კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია და ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობას აძლევს ვირტუალური რეალობის მეშვეობით დაგეგმოს მოგზაურობა. სტარტაპის შესახებ მისი ერთ-ერთი ფუძემდებელი – ნიკოლოზ გოგოჭური გაგვესაუბრა.
„Vrex Immersive-ს“ ოთხი დამფუძნებელი ჰყავს – ნიკოლოზ გოგოჭური, ლევან დანელია, ნიკა როსტომაშვილი და ლადო ლებანიძე, რომლებსაც სტარტაპში გაერთიანების იდეა 2014 წელს გაუჩნდათ, თუმცა, იქამდეც რამდენიმე წარმატებულ პროექტშიც მიიღეს ერთად მონაწილეობა. მათი ამჟამინდელი გუნდი ექვსი წევრისგან შედგება, მაგრამ ძირითად ბირთვს სხვადასხვა პროექტზე, საჭიროების და მიხედვით, ახალი წევრები ემატება.
თავიდანვე, მეგობრების იდეა მდგომარეობდა ზოგადად, ბიზნესის სხვადასხვა მიმართულებისთვის ვირტუალური რეალობის შექმნაში, ,,ვირტუალური რეალობა, როგორც წესი, აღქმულია ხოლმე, როგორც გართობის საშუალება (თამაშები, კლიპები, გასართობი აპლიკაციები). ჩვენი ხედვით კი, მისი მეშვეობით ბიზნესის გაძლიერებაა შესაძლებელი. ამიტომაც, დავიწყეთ განათლების, არქიტექტურის, რეკლამის, კულტურული მემკვიდრეობისა და სხვა სფეროებისთვის ვირტუალური რეალობა შეგვექმნა, შეკვეთებს კი, ძირითადად უცხოეთიდან ვიღებდით და ამგვარად ვაგროვებდით ცოდნას,“ – აღნიშნავს ნიკოლოზი.
სტარტაპმა 2016 წელს გაიარა აქსელერაცია მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სტარტაპაქსელერატორში – ,,Startupbootcamp-ში“, რომელიც სამთვიანი სასწავლო პროგრამაა სტამბოლში და მასში მსოფლიოს მასშტაბით 850-ზე მეტი სტარტაპი იღებდა მონაწილეობას, ,,Vrex Immersive-ი“ ათ საუკეთესო სტარტაპს შორის მოხვდა. მათ ასევე გაიმარჯვეს ,,სტარტაპ საქართველოს“ შესარჩევ ეტაპზეც და გაიარეს აქსელერაცია ამერიკელ მენტორებთან ,,Silicon Valley-დან“.
თანამედროვე სამყაროში ვირტუალური რეალობა ტრენდული გახდა და მსგავს ექსპერიმენტებს ბევრი სტარტაპი თუ კორპორაცია აკეთებს, მაგრამ ქართველების ეს ექსპერიმენტი, როგორც ნიკოლოზი აღნიშნავს, განსხვავდება მათგან საკუთარი მიზნებიდან გამომდინარე – ,,არსებობს პროდუქტები, რომლებიც კონცეპტუალურად ახლოსაა ჩვენთან, თუმცა ჩვენ უნიკალურები ვართ განსხვავებული ბიზნესმოდელით, პლატფორმის ფუნქციებითა და იმით, რომ მაქსიმალურად ფოკუსირებულები ვართ ტურიზმისა და მოგზაურობის ინდუსტრიაზე, ვაძლიერებთ მას ვირტუალური რეალობით“.
აღნიშნული პლატფორმის მეშვეობით ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ვირტუალური რეალობით იმოგზაუროს სხვადასხვა ტურისტული მარშრუტით, შეისწავლოს ისინი, დაგეგმოს მოგზაურობა და შეუკვეთოს ტური პირდაპირ აპლიკაციიდან. ასევე, ტურისტულ ოპერატორებს, სააგენტოებს, სამთავრობო სტრუქტურებსა და სასტუმროებს/კურორტების ადმინისტრაციებს შეუძლიათ, ამ პლატფორმის მეშვეობით საკუთარი სამოგზაურო პროდუქტები გახადონ უფრო პოპულარული.
ვიდეოში იხილეთ ხალხის რეაქცია ,,Vrex Immersive-ის“ აპლიკაციაზე:
ამჟამად, გუნდი აქტიურად თანამშრომლობს ტურიზმის ბაზართან, როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში. საერთაშორისო ტურისტული სააგენტოები უკვე იყენებენ მათ აპლიკაციებს მარკეტინგული მიზნებისთვის. აღსანიშნავია, რომ გუნდი თანამშრომლობს სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურასთანაც და ეწევა საქართველოს პოპულარიზაციას საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე.
პლატფორმის გასამრავალფეროვნებად სამომავლოდ იგეგმება გადაღებები – საქართველოში, თურქეთში, საფრანგეთში, ამასთანავე სულ მალე ,,Vrex Immersive-ი“ ხელმისაწვდომი იქნება Androidტიპის სმარტფონებზე, აპლიკაცია ამჟამად უკვე დახურული ბეტა ტესტირების ეტაპზეა და მზადდება ფართო ბაზარზე გასასვლელად.
Android-ის მომხმარებლების შემდეგ, 2017 წლის ბოლომდე, პლატფორმა ,,Apple-ის” მოწყობილობების მომხმარებლებისთვისაც გახდება ხელმისაწვდომი.
მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”