ცუნამი – ეს არის ოკეანის ძალიან დიდი სიგრძის გრავიტაციული ტალღების ნაკადი, რომლებიც უმთავრესად წარმოიქმნება ფსკერზე ან სანაპირო ზოლში მომხდარი მიწისძვრის (რიხტერის სკალით 6,5 ბალზე მეტი სიძლიერისა და ჰიპოცენტრით 50 კმ-ზე ნაკლებ სიღრმეზე), ვულკანური მოქმედებისა და სხვა ტექტონიკური პროცესების შედეგად.
ცუნამი უმეტესწილად ოკეანეებში წარმოიქმნება. ცუნამი შეიძლება გამოიწვიოს ასტეროიდის დაცემამაც წყლის ზედაპირზე. ტალღის სიგრძე (ანუ მანძილი ტალღის ერთი წვეროდან მეორემდე) ზოგჯერ 100 კილომეტრს აღწევს, სიმაღლე კი ნაპირებთან, როგორც წესი, 3 მეტრამდეა. განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიძლება 30 მეტრამდე გაიზარდოს. ამავე დროს, ღრმა ოკეანეში ცუნამის ტალღის სიმაღლე იმდენად მცირეა, რომ მას მეზღვაურები ვერ გრძნობენ და ამდენად, საშიშიც არ არის. სახიფათო ისინი ხდება მხოლოდ ნაპირთან. ცუნამი ყველაზე ხშირია წყნარ ოკეანეში, განსაკუთრებით იაპონიის ნაპირებთან. შიდა ზღვებში ძალზე იშვიათია. შავ ზღვაზე ეს მოვლენა შემჩნეული არ ყოფილა. ცუნამის არაფერი აქვს საერთო მიმოქცევით ტალღებთან.
ყველაზე დიდი ცუნამის გამომწვევი აღმოჩნდა მიწისძვრა ინდოეთის ოკეანეში, 2004 წელს. ინდოეთის ოკეანეში დაახლოებით 9-ბალიანი მიწისძვრის შემდეგ ინდონეზია, ინდოეთი, შრი-ლანკა, ტაილანდი და სხვა ქვეყნები ტალღებში ,,ჩაიძირა”, ტალღების სიმაღლე 49 მეტრს აღწევდა.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”