არაადაპტირებული გარემო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს უზღუდავს თავისუფალ გადაადგილებას. საზოგადოებისგან იზოლირებულნი, როგორც წესი, ვერ ახერხებენ თავიანთი თავის რეალიზებას. ერთ-ერთი უმწვავეს პრობლემად რჩება მათზე მორგებული ინფრასტრუქტურის არარსებობა.
ვისაც თბილისში არსებული ხიდებით გისარგებლიათ, დამერწმუნებით, რომ იქ ეტლით გადაადგილება არათუ დამოუკიდებლად, არამედ რამდენიმე პირის დახმარებითაც კი რთულია. აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს საქართველოში ამ მიმართულებით არაერთი ცვლილება შეინიშნება, მაგალითად, იანვრიდან დედაქალაქში მოძრაობს ახალი ავტობუსები, რომლებიც სპეციალური პანდუსებითაა აღჭურვილი და სრულადაა ადაპტირებული შშმ პირებისთვის, სალონში მათთვის განკუთვნილი სივრცეებია გამოყოფილი.
როგორც ცნობილია, 2017 წლის ბოლომდე თბილისში 10-მდე მეტროსადგური შშმ პირებზე ადაპტირდება. ეტლით მოსარგებლე ესკალატორზე გადაადგილებას შეძლებს სპეციალური რკინის კონსტრუქციით. პროექტი ორ ეტაპად განხორციელდება, უპირველ ყოვლისა, აღნიშნული კონსტრუქციები დამონტაჟდება ისეთ მეტროსადგურებში, სადაც მგზავრს კიბის გარეშეც შეუძლია ესკალატორთან მისვლა. ხოლო მეორე ეტაპისთვის დამონტაჟდება მოწყობილობა, რომელიც პირს ესკალატორამდეც მიიყვანს.
,,ვმუშაობთ პროექტის დეტალებზე, ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ შემოგვთავაზა ეს პროექტი, რასაკვირველია, ამ ეტაპზე რთულია საუბარი, რადგან პერიოდულად სხვადასხვა დეტალი იჩენს თავს. ჩვენ გვინდა, ყველა მეტროსადგური ადაპტირდეს, თუმცა საწყის ეტაპზე 10-მდე სადგურს მოვიცავთ,” – აცხადებენ ტრასპორტის საქალაქო სამსახურში.
,,რასაკვირველია, სასიხარულოა ეს ამბავი, თუმცა, უპირველეს ყოვლისა, ტროტუარები უნდა მოეწყოს, მეტრომდე ხომ უნდა მივიდეთ? ევროპის ყველა ქვეყანაში როგორც ფეხით მოსიარულეს, ისე ეტლით მოსარგებლეს არ ექმნება პრობლემა გადაადგილებისთვის. გულდასაწყვეტია, რომ პანდუსის გაკეთებით ქულებს იწერენ, ეს ყველაფერი რეალურად არ არის გამიზნული შშმ პირების ჯანსაღი გარემოს შესაქმნელად. შეზღუდული შესაძლებლობა კი არა, არაადაპტირებული გარემო გვაფერხებს. მე ვმუშაობ, მაგრამ ბევრის შრომითი უფლება ირღვევა. დამსაქმებელი, როგორც წესი, უარს ამბობს შშმ პირის მიღებაზე, რადგან არ არის გარემო ისე მოწყობილი, რომ ეტლით მოსარგებლე დამოუკიდებლად გადაადგილდეს. ბუნებრივია, ყოველდღე ვერ მიხვალ იმ ადგილას, სადაც დახმარება დაგჭირდება, ეს ხომ ადამიანის თვითშეფასებაზეც მოქმედებს, სწორედ ამიტომაა, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს აქვთ სოციალიზაციის პრობლემა, ვერ ინტეგრირდებიან გარემოში” – აღნიშნავს მოცეკვავე და ხელოვანი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, თემო არაბიძე.
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად:
- სახელმწიფო ორგანოები, საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს უქმნიან პირობებს საცხოვრებელი, საზოგადოებრივი და საწარმოო შენობებით, ტრანსპორტითა და სატრანსპორტო კომუნიკაციებით, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციის საშუალებებით სარგებლობისათვის, თავისუფალი ორიენტაციისა და გადაადგილებისათვის (მუხლი 7);
- სახელმწიფო მიერ უზრუნველყოფილ უნდა იქნას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სამედიცინო, პროფესიული და სოციალური რეაბილიტაცია (მუხლები 13–16);
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს სახელმწიფო უქმნის აუცილებელ პირობებს განათლებისა და პროფესიული მომზადებისათვის (მუხლები 17–20)
როგორც ხედავთ, კანონი ირღვევა, სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს ისეთი სოციალური გარემოს შექმნას, რომელშიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები სხვა ადამიანების მსგავსად საზოგადოების აქტიური წევრები გახდებიან.
იხილეთ ვიდეო – როგორ არის ტოკიოს მეტრო შშმ პირებზე ადაპტირებული:
მასალა მოამზადა: ნინი მშვენიერიძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”