close
ანალიტიკაპოლიტიკა

2017 წლის საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი -შეფასება

საქართველოს კონსტიტუციონალიზმის გარკვეული ისტორია აქვს, რომელიც 1921 წლის 21 თებერვლიდან იწყება, თუმცა იმ პერიოდში, რუსეთის მიერ ჩვენი ტერიტორიის ოკუპაციის გამო, მას რეალურად არ უფუნქციონირია. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქვეყანაში 1995 წლის 24 აგვისტოს მიღებული იქნა კონსტიტუცია, რომელიც დღემდე მოქმედებს, თუმცა რამდენიმეჯერ მისი რევიზია განხორციელდა, განსაკუთრებით კი აღსანიშნავია 2004 და 2010 წელს შესული მასშტაბური ცვლილებები, მიუხედავად რამდენჯერმე გადასინჯვისა, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კვლავ დადგა დღის წესრიგში, რიგი კონსტიტუციური საკითხების ცვლილება, რომელზეც საკონსტიტუციო კომისია 2017 წლის 21 იანვრიდან მუშაობდა, საბოლოო პროექტი კი 18 აპრილს წარმოადგინა, რომელსაც კომისიის უმრავლესობამ 22 აპრილს მხარი დაუჭირა.

საკონსტიტუციო კომისიის მიერ წარმოდგენილ პროექტში, მე-5 მუხლის,  მე-4 პუნქტში გაჩნდა ცნება, რომლის თანახმადაც სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს საკუთარი მოქალაქეები ღირსეული საცხოვრებლით, ასევე საარსებო მინიმუმით, რომლის უზრუნველყოფის პირობები კანონით განისაზღვრება.  ჩანს, რომ სოციალური სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულების საკუთარ თავზე აღება მნიშვნელოვანი ნაბიჯია, თუმცა სკეპტიკოსების აზრით, ქვეყნის ბიუჯეტიდან გამომდინარე აღნიშნული საკითხის დარეგულიება საკმაოდ რთული იქნება, რამაც შეიძლება იქამე მიგვიყვანოს, რომ აღნიშნული, პოზიტიური ჩანაწერი მხოლოდ კონსტიტუციის ფურცლებზე დარჩეს პრაქტიკული საქმიანობის პროცესში კი გარკვეული ხარვეზებს წავაწყდეთ.

კონსტიტუციის პროექტის 30-ე მუხლში, რომელიც ქორწინების უფლებას ეხება, გაჩნდა ჩანაწერი, რომლის თანახმადაც ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, რომელიც ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას. აღნიშნული ინიციატივა ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მომდინარეობს, რომლებიც აცხადებენ, რომ პატივს სცემენ საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა უმრავლესობაც დადებითად არის განწყობილი ქორწინების უფლების მსგავსი ფორმულირების მიმართ, თუმცა ოპოზიცურად განწყობილი პირები ამტკიცებენ, რომ აღნიშნული მხოლოდ მმართველი გუნდის პოპულისტურ ნაბიჯად უნდა შეფასდეს, რადგანაც მსგავსი სახის ჩანაწერის გაკეთება კონსტიტუიაში მხოლოდ პოლიტიკური ქულების დაწერას ემსახურება.

საკონსტიტუციო პროექტის მესამე თავის, რომელიც საქართველოს პარლამენტს ეხება, 37-ე მუხლში განსაზღვრულია პარლამენტის არჩევის წესი და საარჩევნო სისტემა. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ საკითხებს მოჰყვა ყველაზე დიდი გამოხმაურება და დაპირისპირება, ერთის მხრივ ხელისუფლების წარმომადგენლებს, ხოლო მეორეს მხრივ, ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლებს შორის. პროექტის თანახმად, საპარლამენტო არჩევნების პროცესში გამოიყენეს მხოლოდ პროპორციული საარჩევნო სისტემა, რაც ცალსახად პოზიტიურ ნაბიჯად უნდა შეფასდეს, თუმცა ამის საპირწონედ ის პარტია, რომელიც მოაგროვებს ყველაზე მეტ ხმას, ასევე დამატებით მიიღებს გაუნაწილებელ მანდატებს, ეს კი იმ პირობებში, როდესაც 5%-იანი ბარიერი ნარჩუნდება, საარჩევნო ბლოკების შექმნა კი იკრძალება. ამ შემთხვევაში რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი იკვეთება, საარჩევნო ბლოკების შექმნის აკრძალვა გამოიწვევს იმას, რომ ,,წვრილი” პარტები, რომლებიც ბარიერის გადალახვის მიზნით ერთიანდებოდნენ ვეღარ მოახერხებენ არჩევნებში ერთად მონაწილეობას, ეს კი მათ შანსებს, საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრის გზაზე, მინიმუმამდე ამცირებს. მეორე მხრივ, ნათელი ხდება, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ქვეყნის სათავეში არსებული ხელისუფლება კვლავაც მოახერხებს არჩევნებში გამარჯვებას, მიიღებს იმ ხმების მთლიან რაოდენობას, რომელიც იმ პოლიტიკურმა სუბიექტებმა მოაგროვეს, რომლებმაც ბარიერი ვერ გადალახეს. ამ შემთხვევაში ვაწყდებით პარადოქსს, რომლის თანახადაც, ხელისუფლება იღებს იმ ხმებს, რომლებიც მის წინააღმდეგ იყო მიმართული, აქედან გამომდინარე, აღნიშნული ინიციატივის მოწინააღმეგეები მიიჩნევენ, რომ სამართლიან საარჩევნო სისტემაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგვიძლია ვისაუბროთ, თუკი იმ პარტიების ხმები, რომლებიც ვერ მოახერხებენ საარჩევნო ბარიერის გადალახვას, პროპორციულად გადანაწილდება ყველა იმ პოლიტიკურ სუბიექტზე, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოში მოხვდებიან. ბლოკების შექმნის ალრძალვის პირობებში კი 5%-იანი ბარიერის შენარჩუნება ცლასახად მაღალ თამასას აწესებს, სწორედ ამიტომ, ისინი ბარიერის დაწევასაც მოითხოვენ. მსგავსი სახის ცვლილებები, შესაძლებელია, გახდეს ხელისუფლების მხრიდან ისეთი პარტიების შექმნის წახალისების წინაპირობა, რომლებიც გამორჩეულნი იქნებიან რადიკალური პოპულისტური მიდგომებით, იმისათვის, რათა მათ მოახერხონ დღესდღეობით არსებული პოლიტიკური პარტიების მიმართ უარყოფითად, ამავდროულად რადიკალურად განწყობილი ადამიანების ხმების მოპოვა. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც საარჩევნო ბლოკების შექმნა იკრძალება, შესაძლებელია, მივიღოთ სურათი, რომლის თანახმადაც მსგავსი სახის პოლიტიკური სუბიექტები, ხმათა გარკვეულ რაოდენობას მოაგროვებენ, თუმცა ბარიერის გადალახვას ვერ მოახერხებენ, რაც გადაუნაწილებელი მანდატების რაოდენობას გაზრდის, რომლებიც არჩევნებში გამარჯვებული პარტიის მანდატების რაოდენობას დაემატება.

      კონსტიტუციის პროექტის 42-ე მუხლის თანახად, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნისათვის საჭირო იქნება პარლამენტის 50 წევრის თანხმობა, განსხვავებით აქამდე არსებული კანონისაგან, რომლის თანახმადაც საკანონმდებლო ორგანოს 76 წარმომადგენლის თანხმობა იყო საჭირო, ასევე, აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვალდებული ხდება, წელიწადში ერთხელ წარსდგეს საქართელოს პარლამენტის წინაშე. აღნიშნული ცვლილებებიდან გამომდინარე ძლიერდება პარლამენტის მაკონტროლებელი ფუნქცია, რაც ცალსახად მისასალმებელია.

უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტის არჩევის წესი, რომლის თანახმადაც პრეზიდენტს აირჩევს 300-კაციანი საამომრჩევლო კოლეგია, რომლის შემადგენლობაშიც შევა პარლამენტის, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოს ყველა წევრი და თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ წარმოდგენილი პირები. აღნიშნული ცვლილებები საპარლამენტო რესპუბლიკის გაძლიერებისაკენ გადადგმულ ნაბიჯად უნდა შეფასდეს, რაც კონსტიტუციონალიზმის იდეას არ ეწინააღმდეგება,  ხალხის მიერ პირდაპირი გზით არჩეული პრეზიდენტის ინსტიტუტი, შესაძლებელია, მნიშვნელოვანი იყოს ხელისუფლების დაბალანსების პირობებში, თუმცა, საკონსტიტუციო პროექტით წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად, მისი უფლებები მინიმუმამდე დადის, ამის საპირისპიროდ კი ძლიერდება პარლამეტი და  მთავრობა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს.

პროექტში წარმოდგენილი ცვლილებების საფუძველზე, 65-ე მუხლის თანახმად პროკურატურა გამოეყოფა აღმასრულებელ ხელისუფლებას და დამოუკიდებელ სტრუქტურად ჩამოყალიბდება, რაც ხელს შეუწყობს აღნიშნული სტრუქტურის დეპოლიტიზაციას, ეს კი ცალსახად მისასალმებელი ნაბიჯია.

      კონსტიტუციის პროექტში წარმოდგენილ ბოლო, 78-ე მუხლში დაფიქსირებულია კონსტიტუციური ორგანოების ვალდებულება, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდიოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. მსგავსი სახის ჩანაწერის გაჩენა საქართველოს კონსტიტუციაში საკმაოდ დიდ მნიშვნელობას იძენს დასავლეთისაკენ სწრაფვის გზაზე.

საკონსტიტუციო პროექტში ჩანს, რომ გარკვეული სახის პოზიტიური ცვლილებები ნამდვილად შეინიშნება, თუმცა, მეორეს მხრივ ვაწყდებით ისეთ საკითხებს, რომელსაც მხარს მხოლოდ სახელისუფლებო გუნდი უჭერს, ამავდროულად ისინი არ ითვალისწინებენ იმ ინიციატივებს, რომლებსაც ოპზიციური პარტიების, არსამთავრობო სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლები სთავაზობენ. ამიტომაც თუკი კონსტიტუცია იმავე სახით იქნება მიღებული, რომლითაც პროექტშია წარმოდგენილი, შესაძლებელია, მომავალში, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, კვლავაც დადგეს დღის წესრიგში ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო აქტის გადასინჯვა, რაც პოზიტიურ მიდგომად ნამდვილად ვერ შეფასდება, რადგანაც კონსტიტუცია უნდა წარმოადგენდეს ფუნდამენტურ დოკუმენტს, რომელზე დაყრდნობითაც უნდა აშენდეს სახელმწიფოს ფუნქციონირებისათვის საჭირო ინსტიტუტები და სამოქალაქო საზოგადოება.  

მასალა მოამზადა:  გიორგი ქაფიანიძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : sld