ისრაელში ერთ-ერთ მღვიმეში ადამიანის ყბის ნაწილი იპოვნეს, მეცნიერები აცხადებენ, რომ ის ,,ჰომო საპიენსის” წარმომადგენლის უძველესი ნათშია, რომელიც მეცნიერებს დღემდე აფრიკის გარეთ აღმოუჩენიათ.
მკვლევარების თქმით, ნამარხი 177,000-დან 194,000 წლისაა. აღმოჩენილი ნაშთი ახალგაზრდის ზედა ყბის მარცხენა ნაწილია, თუმცა მისი სქესის დადგენა ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება.
ყბის ნაწილი ქარმელის მთაზე მისლაიას მღვიმეში აღმოაჩინეს, რომელიც ჰაიფადან სამხრეთით დაახლოებით 12 კმ-ში მდებარეობს. დიდ ჩამონგრეულ მღვიმეში, სადაც ადამიანები ცხოვრობდნენ, ასევე აღმოჩენილ იქნა დანა და სხვა ქვის იარაღები, რომლებიც იმ დროისთვის დახვეწილად ითვლება, რამდენიმე ცეცხლის კერა და დამწვარი ცხოველის ძვლები.
მანამდე აღმოჩენილი ნამარხების თანახმად, ,,ჰომო საპიენსი” აფრიკაში დაახლოებით 300,000 წლის წინ გამოჩნდა. ძირითად ქვაკუთხედს წარმოადგენს კითხვა : როდის დატოვა ჩვენმა წინაპარმა აფრიკა და როდის დასახლდა ის მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში.
აქამდე აღმოჩენილი უძველესი “ჰომო საპიენსი”, რომლებიც ორ სხვა გამოქვაბულში აღმოაჩინეს (ერთ-ერთი მათგანი ასევე ქარმელის მთაზე მდებარეობს), დაახლოებით 90,000 – 120,000 წლისაა.
,,ახალი აღმოჩენების თანახმად, ადამიანები აფრიკიდან ჩრდილოეთის გზით, ნილოსის ველისა და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვის სანაპიროს გავლით გაემგზავრნენ და არა სამხრეთის გზით ბაბ ალ-მანდების სიახლოვეს, რომელიც საუდის არაბეთის სამხრეთ სანაპიროს წარმოადგენს, ინდოეთის ქვეკონტინენტისა და აღმოსავლეთ აზიის გავლით,”- განაცხადა თელ-ავივის უნივერსიტეტის პალეონტოტროპოლოგმა ისრაელ ჰერშკოვიციმ, რომელმაც კვლევა ჩაატარა.
მეცნიერები აცხადებენ, რომ აღმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან წარმოადგენს იმის პირდაპირ მტკიცებულებას, რომ ადამიანმა აფრიკა გაცილებით ადრე დატოვა, ვიდრე აქამდე ვარაუდობდნენ.
მისლაიაში მცხოვრები ადამიანები, სავარაუდოდ, მომთაბარეები იყვნენ და მტაცებელი სახეობების მოძრაობის ან სეზონის მიხედვით გადაადგილდებოდნენ. მეცნიერები აცხადებენ, რომ ისინი ნადირობდნენ მსხვილფეხა რქოსანი ჯიშების წარმომადგენლებზე, მათ შორის ველურ პირუტყვზე, ირმებსა და ქურციკებზე. ,,ისინი ასევე ფართოდ იყენებდნენ მცენარეული მასალებს, მათ შორის საწოლისთვისაც, “– აცხადებენ მეცნიერები.
წყარო: Reuters
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”