24 იანვრის სხდომაზე საქართველოს მთავრობამ სტამბულის კონვენციის სარატიფიკაციოდ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი დაამტკიცა.
ცვლილებათა პაკეტი 25-მდე კანონს შეეხება და მათი მიზანი ოჯახის თითოეულ წევრზე ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა და მათი უფლებების დაცვაა. პროექტი ასევე ითვალისწინებს ახალ მიდგომებს მსხვერპლთა დაცვისა და რეაბილიტაციის კუთხითაც. თუმცა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე სისხლის სამართლის კოდექსის ახალი ცნების დამკვიდრებაა, ,,ადევნება“ ამიერიდან დასჯადი ქმედება ხდება.
„ადევნება განისაზღვრება როგორც პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირის, მისი ოჯახის წევრის ან სხვა ახლო ნათესავის არაკანონიერი თვალთვალი; ასევე, არასასურველი კომუნიკაციის დამყარება სატელეფონო, ელექტრონული ან სხვა საშუალებებით; მუქარა, რაც აიძულებს პირს, მნიშვნელოვნად შეცვალოს ცხოვრების წესი“ – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ საიტზე.
აღსანიშნავია, რომ ადევნების ფენომენმა უკვე დიდი ხანია მიიქცია მრავალი ქვეყნის იურიდიული წრეების ყურადღება, მაგალითად 2002 წელს აშშ-ი ის განისაზღვრა, როგორც ნებისმიერი სახის არასასურველი კონტაქტი ორ ადამიანს შორის, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს მსხვერპლის შეშინება და დანაშაული მკაცრად ისჯება იურიდიული სტანდარტებით, თუმცა იქამდე კალიფორნია იყო პირველი შტატი რომელმაც დევნა კანონსაწინააღმდეგო ქმედებად აღიარა და ჯერ კიდევ 1990 წლიდან მიიღო კანონი აღკვეთის შესახებ.
საქართველოში აღნიშნული ქმედება ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება, თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში გაცილებით მკაცრი ზომებითაა ვადები განსაზღვრული. გასულ კვირას დიდი ბრიტანეთის იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ ადევნების და თვალთვალის შემთხვევაში დამნაშავე ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება, რის მიზეზადაც აღნიშნული დანაშაულებების რაოდენობის შემაშფოთებელი ზრდაა, 2016 წელს ბრიტანეთში დანაშაულის 4168 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 32%-ით აღემატება 2015 წლის მონაცემებს.
მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”