close
საქართველოფსიქოლოგია

მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა თემაზე – ადრეული განვითარების დარღვევები

6 მაისს ,,დავითიანნის ფსიქოლოგიის ცენტრში” ჩატარდა მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა თემაზე ადრეული განვითარების დარღვევები. აღნიშნულ საკითხზე ისაუბრა მოწვეულმა ფსიქოლოგმა – ცირა ვახანიამ.

ფსიქოლოგმა განმარტა საკითხთან დაკავშირებული ტერმინები და ისაუბრა აქტუალურ პრობლემებზე ბაღის ასაკის ბავშვებში. სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვი არის ბავშვი, რომელსაც აქვს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება, ვერ ძლევს თანატოლების მსგავსად იმ პროგრამას, რაც არის ბაღის გარემოში შემუშავებული. მას ჭირდება ინდივიდუალური დამატებითი ჩარევა.

ასევე აღინიშნა, რომ მეტყველების დარღვევების მქონე ბავშვი ძალიან გვიან იწყებს ან საერთოდ უჭირს მეტყველების დაწყება.

ფსიქოლოგის თქმით, აუტიზმი ვირუსივით ვრცელდება და სულ უფრო მეტი შემთხვევა ვლინდება ბავშვებში. ამერიკაში აუტიზმის შემთხვევა ვლინდება  100-დან 1 ბავშვში, დღევანდელი მონაცემებით – 68-დან 1-ში. სტატისტიკა იზრდება წლიდან წლამდე.

ბაღში მუშაობენ ფსიქოლოგები, რომლებიც მასწავლებლებთან ერთად ცდილობენ ბავშვისთვის გარემოს ადაპტაციას,  რათა გარემო მათთვის უკეთ გასაგები გახდეს. მაგალითად, თუ პედაგოგი ბავშვებს ზღაპარს უკითხავს და ერთ-ერთი მათგანისთვის სირთულეს წარმოადგენს მისი გაგება, შესაძლებელია ვიზუალური ნახატების დახმარებით გავხადოთ ეს ზღაპარი ბავშვისთვის გასაგები.

ფსიქოლოგმა ასევე ისაუბრა მშობლის როლზე აუტისტი ბავშვის განვითარებაში. ერიქსონის ფსიქო-სოციალური განვითარების 1-ლი სტადიის მიხედვით, ბავშვის ნდობა-უნდობლობა ყალიბდება 0-დან 2 წლამდე პერიოდში და ამ ეტაპზე უმნიშვნელოვანესი როლი სწორედ მშობელს ენიჭება. აღმზრდელის ხშირი ცვლა იწვევს იმას, რომ ბავშვს არ უყალიბდება ნდობა სამყაროს მიმართ.  შემდეგ სტადიაზე შემოდის ავტონომია, როდესაც ბავშვმა ინიციატივები უნდა აიღოს თავის თავზე. ამ პერიოდში შედის ბავშვი ბაღში და ამიტომ მნიშვნელოვანია ბაღის გარემო იყოს მის განვითარებაზე ორიენტირებული.

აუტიზმი არის ტვინის ნეიროგანვითარების დარღვევა. მთავარი მახასიათებელია ის, რომ გარემოსთან ვერ მყარდება ემოციური კონტაქტი – აუტისტი ადამიანი არის ასოციალური. ვერ მეტყველებს, ვინაიდან არ აქვს ამის სურვილი ასოციალურობიდან გამომდინარე. ასევე ვერ ხერხდება მზერითი კონტაქტის დამყარება. ის არის იზოლირებული, რადგან ვერ ახერხებს საუბარში ჩართვას, ფიზიკურ შეხებას თუ სხვა სახის კონტაქტებს. აუტიზმი არ არის გაკურნებადი, მაგრამ ის მართვადია.

არიან ბავშვები, რომლებსაც აქვთ აუტისტის ნიშნები, მაგრამ რეალურად არ არიან აუტისტები და აქვთ მეტყველების დარღვევა. აუტიზმის დიაგნოზი 3 წლამდე არ ისმება.

ფსიქოლოგმა ისაუბრა გაჯეტების როლზე ბავშვებში. თუ ბავშვი გენეტიკურად მოწყვლადია მეტყველების მიმართ და მის ცხოვრებაში პატარა ასაკიდანვე შემოდის გაჯეტები (2 წლამდე არ არის რეკომენდირებული რომ ბავშვმა უყუროს ეკრანს), მეტყველების განვითარებას უქმნის პრობლემებს. ბავშვი ასეთ დროს ვიზუალურად ემსგავსება აუტიზმს. თუმცა გაჯეტების მოშორების შემდგომ დაახლოებით 3 თვეში ეს სიმპტომები ქრება. სასურველია მშობელმა 2 წლამდე ბავშვი მოარიდოს ეკრანს და უფრო მეტი ემოციური კონტაქტი დაამყაროს მასთან ზღაპრებით, თამაშით, გარემოსთან ურთიერთობით.

თანამედროვე ბავშვების უმეტესობას აქვს სენსორული შიმშილი, მათ დაქვეითებული აქვთ შეგრძნებების ზღურბლი. მაგალითად, ცხელს თუ ხელს დაადებ, ვერ გრძნობ. ამას იწვევს ის, რომ ბავშვებს ნაკლებად აქვთ შეხება მიწასთან, ქვიშასთან, ბალახებთან, ბუნებასთან. ადამიანს სჭირდება ბუნებასთან კონტაქტი, რათა განუვითარდეს შეგრძნებები – შეხებითი, ყნოსვითი. ამის გარეშე შეგრძნებები ქვეითდება. ამიტომ გარემოსთან კონტაქტი ბავშვის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლოა.

დღემდე არ არის აღმოჩენილი აუტიზმის გამომწვევი რეალური მიზეზი. ბავშვი ჩვეულებრივ ვითარდება და შემდგომ წლინახევარიდან – 2 წლიდან იწყება რეგრესი და ჩნდება სიმპტომები.

მნიშვნელოვანია საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია აუტიზმის შესახებ. სოციუმმა აუტისტები უნდა მიიღოს და აღიაროს სრულფასოვან წევრებად. მშობლების როლს რაც შეეხება – მშობელმა უნდა აღიაროს რომ მისი შვილი აუტისტია, ჰქონდეს მასთან ემოციური კონტაქტი, მიიღოს ის ისეთად, როგორიც არის და არ ეცადოს იზოლირებულად ამყოფოს სოციუმისგან. ასევე საჭიროა ბაღის გარემო მორგებული იყოს სხვადასხვა დარღვევის მქონე ბავშვის ადაპტაციისთვის სოციუმში. ინტეგრირებული ჯგუფები სკოლებსა და ბაღებში ეხმარება ბავშვებს თავი იგრძნონ საზოგადოების წევრებად. გაჯეტების როლი უნდა შემცირდეს და მშობლების როლი უნდა გაიზარდოს ბავშვების ცხოვრებაში იმისათვის, რომ მივიღოთ ჯანსაღი თაობა.

მრგვალი მაგიდის შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები – სალომე ბოსტოღანაშვილი, ელენე ჩუგოშვილი; ფსიქოლოგი ნინო თოფურია; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი – მართა ჩაგუნავა; სკოლის სპეც პედაგოგი ქეთევან მჭედლიშვილი; მშობელი – თამარ ჯიშკარიანი; ფსიქოლოგი – ნანა გველესიანი; კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები – ანა ჭიხვარია, მონიკა დაგანძე; საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტები : ლიკა ყიფიანი, გვანცა სულაბერიძე, ლონდა აბესაძე, თამუნა ლეჟავა, ელენე გვრიტიშვილი, გიორგი ამილიძე, ოთარ აფხაზავა, ელვირა შეროზია, მაკა ხოსიაური, მარიამ სულხანიშვილი, სოფო გაგნიძე, მეგი გიორგობიანი, ნინო ცქვიტიშვილი, ანა კალანდაძე, თეონა დელიბაშვილი.

 

მასალა მოამზადა: ნინო თოფურიამ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : sld