გარღვევა მკურნალობაში, რამაც შესაძლოა ასობით მილიონი ადამიანი 21-ე საუკუნის ეპიდემიისგან – დიაბეტისგან გამოწვეული თირკმლის უკმარისობისგან იხსნას.
ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სისხლში შაქრის შემამცირებელი მედიკამენტის – კანაგლიფლოზინის დღეში ერთხელ მიღებით დიაბეტით დაავადებული პაციენტების თირკმლის უკმარისობისა და სიკვდილის შემთხვევები მესამედით შემცირდა.
„მსოფლიოში დიაბეტით 400 მილიონი ადამიანია დაავადებული, მათგან დაახლოებით 40 პროცენტს თირკმლის დაავადება ემუქრება, რაც მათ თირკმლის უკმარისობის, ინფარქტის, ინსულტისა და სიკვდილის მაღალი რისკის ქვეშ აყენებს,“ განაცხადა კვლევის წამყვანმა ავტორმა ოქსფორდის უნივერსიტეტის ჯორჯის ინსტიტუტის პროფესორმა ვლადო პერკოვიჩმა.
დიაბეტური თირკმლის დაავადება გამოწვეულია წლების განმავლობაში რთულად კონტროლირებადი შაქრის დონით სისხლში, რაც აზიანებს სისხლძარღვებს თირკმელებში და აქვეითებს მის უნარს გაწმინდოს სისხლი მარილისგან, პროტეინისგან და სხვა ნარჩენებისგან, რომელთაც ზიანის გამოწვევა შეუძლიათ.
ადამიანებს, რომლებსაც თირკმლის უკმარისობა უვითარდებათ, სისხლის გასაწმენდად შესაძლოა რეგულარული დიალიზის პროცედურები დასჭიდეთ.
კანაგლიფლოზინის ეფექტის შესამოწმებლად კვლევის ავტორებმა მედიკამენტი დიაბეტით დაავადებულ 4,401 პაციენტზე 34 ქვეყანაში გამოსცადეს.
კვლევამ მოლოდინს გადააჭარბა. New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნებული შედეგების თანახმად, დაახლოებით 2,5 წელიწადში თირკმლის უკმარისობისა და სიკვდილიანობის შემთხვევები 34 პროცენტით შემცირდა.
39 პროცენტით შემცირდა გულის უკმარისობის შემთხვევები. 20 პროცენტით შემცირდა ინფარქტის, ინსულტისა და გულის დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელიც. მნიშნელოვანი გვერდითი ეფექტები არ გამოვლენილა. „თუ გავითვალისწინებთ, რომ 2035 წლისთვის მსოფლიოში თირკმლის უკმარისობა დაახლოებით 5 მილიონ ადამიანს ექნება, აღნიშნული კვლევის შედეგები მნიშვნელოვან გარღვევად უნდა ჩაითვალოს მედიცინაში,“ აღნიშნავენ მეცნიერები.