ასტრონომებმა აღმოაჩინეს უცნაური ეგზოპლანეტა, რომელიც ძირითადად მეტალისგან შედგება და არის თითქმის მერკურის ანალოგი, თუმცა ზომით გაცილებით დიდია, დაახლოებით დედამიწისხელა.
ახლად აღმოჩენილი პლანეტა მეცნიერებს დაეხმარება ფარდა ახადონ მერკურის წარმოშობისა და ევოლუციის საიდუმლოს.
როგორც წინა კვლევები გვთავაზობს, დედამიწას, ვენერასა და მარსს მეტალის ბირთვები აქვთ, რომლებიც მათი მასის ერთ-მესამედს შეადგენენ. მათგან განსხვავებით, მერკური ძირითადად ლითონისგან შედგება — მისი მეტალის ბირთვი პლანეტის მასის ორ-მესამედს შეადგენს.
რატომ განსხვავდება მერკური ასე ძალიან თავის კლდოვანი და-ძმებისგან? ეს საკითხი მეცნიერებს შორის ცხარე კამათის საფუძველია. მაგრამ ამჯერად მერკურის „უცხო“ ანალოგის აღმოჩენამ შესაძლოა, საბოლოოდ მოჰფინოს ნათელი მზის სისტემის ყველაზე შიდა პლანეტის იდუმალ ისტორიას.
მეცნიერებმა ანალიზები ჩაუტარეს ქალწულის თანავარსკვლავედში მდებარე ნარინჯისფერ ჯუჯა ვარსკვლავ K2-229-ის გარშემო მოძრავ სამ პლანეტას. ეს ვარსკვლავი მზეზე ოდნავ პატარა და მკრთალია, მდებარეობს ჩვენგან 339 სინათლის წლის მანძილზე. ასტრონომთა განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ვარსკვლავთან ყველაზე ახლოს მდებარე პლანეტა K2-229 b-მ, რომელიც თავის დედავარსკვლავს გარს უვლის იმაზე 100-ჯერ უფრო ახლოდან, ვიდრე დედამიწა მზეს.
მკვლევართა დასკვნით, K2-229 b-ის განათებული მხარის ტემპერატურა 2058 გრადუს ცელსიუსს უნდა აღწევდეს. შედარებისათვის, მერკურზე, რომელიც მზესთან დედამიწაზე 2,6-ჯერ უფრო ახლოს მოძრაობს, განათებული მხარის ტემპერატურა მხოლოდ 427 გრადუსი ცელსიუსია.
მერკურის წიაღის სტრუქტურა
მკვლევრებმა ანალიზები ჩაუტარეს ვარსკვლავ K2-229-ის მოძრაობაში დაფიქსირებულ განმეორებად რყვებს, რაც მის გარშემო მოძრავი პლანეტა K2-229 b-ის გრავიტაციით უნდა ყოფილიყო გამოწვეული. გამომდინარე იქიდან, რომ პლანეტის გრავიტაციის ძალა დამოკიდებულია მის მასაზე, მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ K2-229-ის ყველაზე შიდა პლანეტის მასა დედამიწის მასაზე 2,59-ჯერ მეტი უნა ყოფილიყო. შედარებისათვის, მერკურის მასა დედამიწის მხოლოდ 5,5 პროცენტს შეადგენს.
როდესაც K2-229 b-მ დედავარსკვლავის წინ ჩაიარა, მკვლევრებმა მისი შესწავლა მოახერხეს და დაადგინეს, რომ მისი დიამეტრი 1,65 დედამიწის დიამეტრს შეადგენდა. საერთო ჯამში, ეს ეგზოპლანეტა დედამიწაზე 60 პროცენტით მკვრივია.
იმის გათვალიწინებით, რომ K2-229 b-ს დედამიწისა და მზის სისტემის სხვა კლდოვანი პლანეტების მსგავსად მეტალის ბირთვი აქვს, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ მისი ბირთვი ეგზოპლანეტის საერთო მასის ორ-მესამედზე ოდნავ მეტს შეადგენს. შედეგად, შეიძლება ითქვას, რომ ის ჩვენი მერკურის ასლია.
„ამ დრომდე აღმოჩენილი პატარა ზომის ყველა დაბალმასიანი პლანეტის შემადგენლობა ძალიან ჰგავს დედამიწისას. შესაბამისად, მიგვაჩნდა, რომ დედამიწის შემადგენლობა ძალიან ტიპურია და მერკური ერთადერთი გამონაკლისია. მაგრამ ახლა ვხედავთ, რომ არსებობს სხვა გამონაკლისებიც და თუ ასეთი „გამონაკლისების“ რაოდენობა გაიზრდება, ისინი ტიპურები გახდებიან“, — უთხრა Space.com-ს პორტუს ასტროფიზიკისა და კოსმოსის მეცნიერებათა ინსტიტუტის ასტრონომმა, კვლევის თანაავტორმა ვარდან ადიბეკიანმა. ადიბეკიანი 2009-2011 წლებში სომხეთის ბიურაკანის ობსერვატორიის მკვლევარი იყო. პლანეტა მერკური
K2-229 b-ის ძლიერ ლითონური შემადგენლობა რადიკალურად ეწინააღმდეგება თავის დედავარსკვლავის ქიმიურ შემადგენლობას. ეს კი მკვლევრებს აფიქრებინებს, რომ დროთა განმავლობაში, პლანეტა დრამატულად შეიცვალა.ო
ასტრონომთა ვარაუდით, დედავარსკვლავთან უკიდურესი სიახლოვის გამო, პლანეტის თავდაპირველი ქერქი და მანტიის ნაწილი უნდა აორთქლებულიყო, ანდაც შეჯახებოდა რაიმე გიგანტური სხეული, რომელიც პლანეტას გარე ფენებს შემოაცლიდა.
მერკურისა და K2-229 b-ს შორის არსებული მსგავსება გვაფიქრებინებს, რომ მათ ერთნაირი ისტორია აქვთ.
„ჩვენ და კიდევ სხვა ჯგუფები ძალიან აქტიურად ვმუშაობთ სხვა ასეთი სისტემების აღმოსაჩენად, რამაც საბოლოოდ უნდა მოჰფინოს ნათელი მერკურისა და მისი მსგავსი პლანეტების წარმოშობის ამბავს“, — ამბობს ვარდან ადიბეკიანი.
კვლევა ჟურნალ Nature Astronomy-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია Space.com-ის მიხედვით
ავტორი – მიხეილ ჭაბუკაშვილი
წყარო: პირველი არხი
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”