close
გამოგონება - ინოვაციამედიცინასაქართველო

“აია-GESS”-ისა და სენაკის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეები სამედიცინო დიაგნოსტიკის ინოვაციურ პროექტზე მუშაობენ

“ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის” მეშვეობით, საზოგადოებამ წელსაც უამრავი ახალგაზრდა გაიცნო, რომელთა მიერ შექმნილი პროექტებიც, მონაწილეთა ასაკის მიუხედავად, უამრავ ინოვაციურ პროდუქტს გვთავაზობს. ფინალისტ გუნდებს შორის ერთ-ერთია “ესკულაპე”, რომელიც ორი სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებს აერთიანებს. ესენი გახლავთ თბილისის სერვანტესის სახელობის სკოლა-გიმნაზია “აია-GESS”-ის მე-11 კლასის მოსწავლეები – ნინო ბულბულაშვილი და მარიამ ბარიაშვილი, ასევე სენაკის წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მე-10 კლასის მოსწავლეები- გიორგი გეგენავა, გიგი გუგუნავა და ალექსი ტყებუჩავა. იმის შესახებ, თუ რას გვთავაზობს მონდომებული ახალგაზრდების გუნდი, Doctrina ნინო ბულბულაშვილს გაესაუბრა.

-ნინო, კონკრეტულად რაში მდგომარეობს თქვენი პროექტის არსი?

-ჩვენ შევქმენით მოწყობილობა, რომელიც ფუნქციონირებს შემდეგნაირად: მოწყობილობას ფლობს როგორც პაციენტი, ასევე ექიმიც. ისინი ერთმანეთთან ინტერნეტით არიან დაკავშირებულნი. ექიმი პაციენტს აძლევს მითითებებს, რათა მან ხელსაწყოები სწორად გამოიყენოს. ექიმი შეძლებს დისტანციურად მიიღოს ინფორმაცია პაციენტის წნევის გაზომვის პროცესის სრული დინამიკისა და ორგანიზმში მიმდინარე მოვლენების შესახებ, სუნთქვის, ტემპერატურის, პულსისა თუ  სმენის შესახებ. ასევე ექიმს შეეძლება პაციენტს დისტანციურად გადაუღოს კარდიოგრამა, რომელიც ისე შევქმენით, რომ ის გაშიფვრადი იქნება ექიმისთვის და მასზე სრული ინფორმაცია იქნება დატანილი. ამ ინფორმაციას ექიმი მიიღებს ჩვენივე შექმნილი აპლიკაციის დახმარებით, რომელიც ჩატვირთული იქნება ექიმის პლანშეტში. მასზე გამოსახული იქნება დაწვრილებითი ინფორმაცია როგორც ვიზუალური, ასევე გრაფიკული სახით. და რაც ყველაზე მთავარია, ვიზუალურად წარმოდგენილი იქნება ვირტუალური გული, რომელიც  პაციენტის გულთან სინქრონიზირებული იქნება, რაც ექიმს პაციენტის შესახებ სრული ინფორმაციის მიღებასა და შესაბამისი დიაგნოზის დასმას გაუმარტივებს.

-როგორც ვიცი, მსგავსი აპლიკაციები საქართველოშიც უკვე არსებობს, რა უპირატესობები გააჩნია თქვენს ხელსაწყოს?

-თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენს მოწყობილობას ანალოგი არ აქვს. მართალია, არსებობს აპლიკაციები, რომლებიც ექიმსა და პაციენტს აკავშირებს, მაგრამ მათი ძირითადი ფუნქციები მხოლოდ კითხვა-პასუხის რეჟიმით შემოიფარგლება. პაციენტი ამ შემთხვევაში სუბიექტურია და ექიმს სათანადო ინფორმაციას სწორად ვერ აძლევს, რაც ზრდის იმის რისკს, რომ ექიმმა არასწორი დიაგნოზი დასვას. ჩვენი პროექტის ინოვაციურობა მდგომარეობს იმაში, რომ ასეთი აპლიკაციებისგან განსხვავებით, ჩვენ ვახდენთ ექიმის რეალური კაბინეტის იმიტაციას. ასე ვთქვათ, ვქმნით მინი დიაგნოსტიკურ ცენტრს სახლში, სადაც ექიმი პაციენტს მისცემს როგორც ხელსაწყოს გამოყენებისთვის საჭირო მითითებებს, ასევე შეძლებს მის დისტანციურად  გასინჯვასა და ხელსაწყოს მართვას.

-საკმაოდ კარგია თქვენი ასაკის ახალგაზრდების დაინტერესება მსგავსი სერიოზული საკითხებით, რამ გიბიძგათ, რომ სწორედ სამედიცინო სფეროსკენ წარგემართათ თქვენი ინტერესები?

-ჩვენს ინსტრუქტორს ხშირად უწევდა სხვა ქალაქში წასვლა, რათა თავისი პატარა სანდო და კლავიფიციურ ექიმთან წაეყვანა, რაც, დამეთანხმებით, ძალიან რთულია. ერთმანეთთან საუბრისას უბრალოდ წამოიჭრა ეს თემა და შესაბამისად იდეაც. გადავწყვიტეთ ამ პრობლემის გადაჭრის მარტივი და ხელსაყრელი გზა გვეპოვა. სწორედ ამას ემსახურება ჩვენი პროექტი. ჩვენი მიზანია დიაგნოზის დასმა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა ყველასთვის მარტივად ხელმისაწვდომი გავხადოთ და ფატალური შედეგები თავიდან ავიცილოთ, ვინაიდან და რადგანაც ვთვლით, რომ ჯანმრთელობა ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია.

-საინტერესოა, როდის გადაწყვიტეთ, რომ  მსგავს რთულ პრობლემას ერთობლივად შესჭიდებოდით?

-ერთმანეთი ერთ-ერთ ისეთ კონკურსზე გავიცანით როგორიც ათასწლეულის ინოვაციების კონკურსია. მალევე დავმეგობრდით და აღმოჩნდა რომ  ბევრი საერთო ინტერესი გვქონდა ამიტომ, გადავწყვიტეთ გავერთიანებულიყავით და გუნდი შეგვექმნა.

-მსგავსი კონკურსების მონაწილეები ყოველთვის ახალ-ახალი გამოწვევებით გვაოცებენ, როგორია თქვენი სამომავლო მიზნები?

-კონკურსის საბოლოო ეტაპი 27 მარტს გაიმართება და თითოეული მონაწილე გუნდი ამ დღის მოლოდინშია, შესაბამისად, ამ ეტაპზე რთულია სამომავლო გეგმებზე საუბარი, თუმცა ვფიქრობთ, რომ  მსგავსი კონკურსები ყოველთვის ნამდვილად დიდი მოტივაციის მომცემია და შევეცდებით, სამომავლოდაც ჩვენი პოტენციალი კიდევ უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ.

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0