ალბერტ აინშტაინის საიდუმლო წერილი ღმერთზე “ქრისტის“ აუქციონზე 2,9 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.
აუქციონის ორგანიზატორების განცხადებით, ეს გახლავთ პირადი წერილი, სადაც ნობელის პრემიის გამარჯვებული ფიზიკოსი საკუთარ რელიგიურ და ფილოსოფიურ შეხედულებებზე საუბრობს.
წერილი აინშტაინმა სიკვდილამდე ერთი წლით ადრე 1954 წელს ფილოსოფოს ერიკ გუთკაინდსმიწერა, რომელიც გახლავთ ავტორი რელიგიურ თემაზე დაწერილი წიგნისა „აირჩიე ცხოვრება“, სადაც საუბარია იუდაიზმსა და მეცნიერებაზე.
აინშტაინი არ ეთანხმება გუთკაინდს ადამიანის ცხოვრებაში ღმერთის როლის შესახებ. ცნობილი ფიზიკოსი აცხადებდა, რომ „წიგნი მისთვის მიუღებელ ენაზე იყო დაწერილი.“
„სიტყვა ღმერთი ჩემთვის ნიშნავს ადამიანის სისუსტეების გამოხატულებასა და შედეგს. ბიბლია არის კეთილშობილური, მაგრამ პრიმიტიული ლეგენდების ნაკრები”, წერს აინშტაინი წერილში.
ცნობილი ფიზიკოსი წერილში საკუთარ რელიგიაზეც საუბრობს : „იუდაიზმი, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა რელიგია, ცრუმორწმუნეობების ხორცშესხმაა. მისი მიმდევრები კი ხალხთა სხვა დაჯგუფებებზე არაფრით უკეთესი არ არიან.“
მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”