close
განათლებასაქართველო

,,Proactive Group Georgia” ახალგაზრდების წარმატებისთვის

,,Proactive Group Georgia” ერთ-ერთია იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის, რომელთა საქმიანობასაც ახალგაზრდების წარმატებისთვის ხელშეწყობა და მათთვის თვითრეალიზაციის საშუალების მიცემაა, ,,დოქტრინა” გაესაუბრა მის ხელმძღვანელს – გიორგი აგირბაიას, რომელმაც ისაუბრა მათი საქმიანობის შესახებ.

-გიორგი, ProActive Group Georgia სულ რაღაც წელიწადზე მეტია არსებობს ქართულ სივრცეში, საინტერესოა, როდის და რატომ გაჩნდა ამ ორგანიზაციის შექმნის იდეა?

-სტუდენტური წლები ის პერიოდია, როდესაც ახალგაზრდის ცხოვრებაში ერთბაშად ბევრი სიახლე იჭრება, მრავალი აზრი, შესაძლებობა წარმოჩნდება გარშემო, რომელსაც აქამდე ვერ ვამჩნევდით ან არ ვუკვირდებოდით. ორგანიზაციის შექმნის იდეაც სწორედ რამდენიმე წლის წინ გამიჩნდა, მაგრამ მაშინ არ ვფლობდი ორგანიზაციის ფუნციონირებისა და მართვისთვის იმ აუცილებელ ბერკეტებს და რესურსებს რაც დღეს გამაჩნია. რაც შეეხება თვითონ იდეას, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ორგანიზაციის სახელი პირდაპირ პასუხობს მის ძირითად დანიშნულებას, პროაქტიური ახალგაზრდების  გაერთიანება საერთო იდეის გარშემო ერთ სივრცეში, რათა შემდგომში სინერგიულად მუშაობის შედეგად წვლილი შეიტანოს საქართველოში თანამედროვე, განათლებული და პროგრესულად მოაზროვნე პროაქტიური საზოგადოების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.

-დღევანდელ დღეს მრავალი მსგავსი ორგანიზაცია არსებობს, თქვენი აზრით, რა გამოგარჩევთ მათგან?

-„პროაქტივ ჯგუფი ჯორჯია“ ბევრი სხვადასხვა მახასიათებლით გამოირჩევა არსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის. აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომელიც აქტიურად მუშაობს პროაქტიური ცხოვრების წესის პოპულარიზაციაზე, რომელიც წარმატებული ადამიანების „ოქროს წესი“ და ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახლავთ.

ჩვენი ორგანიზაცია გამოირჩევა ახალგაზრდული აქტივობების და პროექტების მრავალფეროვნებით, განხორციელების ტემპით, რასაც ცხადყოფს, რომ 1 წელზე ცოტა მეტ პერიოდში ორგანიზაციის ღონისძიებებში ჩართული გახლდათ 600-ზე მეტი ახალგაზრდა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო 10-ზე მეტ ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტში.

-მსგავს სფეროში რთულია წარმატების მიღწევა თუ არ არსებობს შესაბამისი თანამშრომლობა საერთაშორისო თუ კერძო კომპანიებთან, რამდენად აქტიურად თანამშრომლობთ საერთაშორისო ბაზაზე?

-ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთი საკვანძო მიმართულება, ქართველი ახალგაზრდებისთვის უცხოელ თანატოლებთან საგანმანათლებლო, ცხოვრებისეული გამოცდილებისა და უნარ-ჩვევების ურთიერთგაცვლაში, მათთან დაახლოებასა და თანამშრომლობაში ხელშეწყობაა. ორგანიზაციას ჰყავს 30-ზე მეტი საერთაშორისო პარტნიორი 20-ზე მეტ ქვეყანაში, ევროპის, აზიის და აფრიკის კონტინენტზე. აქტიურად ვართ ჩართული ევროკავშირის Erasmus+ ახალგაზრდულ გაცვლით პროგრამებშიც, რომლის ფარგლებში ამ მოკლე პერიოდში ახალგაზრდების ჯგუფი გაიგზავნა შვედეთში, გერმანიაში, ბულგარეთში, თურქეთსა და სომხეთში.

-გვესაუბრეთ თქვენ მიერ უკვე განხორციელებული პროექტების შესახებ.

– პროექტი სახელად – „მე ვარ პროაქტიური!“ – ჩვენი ორგანიზაციის ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი ორთვიანი ღონისძიებაა, პროექტი თავის ხასიათიდან და ფორმატიდან გამომდინარე არის უპრეცედენტო და შეიძლება ითქვას ინოვაციურიც, რადგან ამ პროექტის ანალოგი საქართველოში არ ჩატარებულა. პროექტის ფარგლებში მიმდინარეობდა შეხვედრები სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში. და მასში მონაწილეობა შეეძლო ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს, რომელიც ეძებს სიახლეებს, არის მოტივირებული მოახდინოს პოზიტიური ცვლილებები საკუთარი თავიდან დაწყებული და სურვილი აქვს შეცვალოს სულ მცირე მის გარშემო არსებული რეალობა.

ასევე, ჩვენი ორგანიზებითა და ტექნიკური უნიივერსიტეტის პარტნიორობით ჩატარდა „საერთაშორისო ახალგაზრდა ლიდერთა სამიტი 2016“, სამიტში მონაწილეობა მიიღეს ევროკავშირის წევრი და არაწევრი 10 ქვეყნის ახალგაზრდა ლიდერებმა. ქართველ ახალგაზრდებს ჩაუტარდათ სხვადასხვა ტრენინგ-მასტერკლასები, რომლშიც 200-მდე სტუდენტი ჩაერთო. როგორც უკვე აღვნიშნეთ Erasmus+ პროექტებზეც აქტიურად ვაგზავნით ქართველ ახალგაზრდებს საერთაშორისო გამოცდილების მისაღებად.

-გვესაუბრეთ ახლა რა ეტაპზეა ორგანიზაცია და რას გეგმავთ სამომავლოდ?

-ამ ეტაპზე კონცენტრირებულები ვართ ორგანიზაციის გუნდის გაძლიერებაზე ახალი წევრების მიღებით,  ორგანიზაციის გაწევრიანების მსურველებს 20 აპრილამდე შეუძლიათ განაცხადის გაკეთება. ასევე, აქტიურად ვმუშაობთ გავაძლიეროთ ჩვენი თანამშრომლობის ქსელი საერთაშორისო დონეზე, კერძოდ Erasmus+ მოახოლებულ საგრანტო კონკურსებზე, რომელშიც განაცხადების მიღება 26 აპრილს იწურება.

სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, გეგმები ნამდვილად ძალიან მრავალფეროვანი და მასშტაბური გვაქვს ორგანიზაციაში, რასაც საზოგადოება მალე იხილავს. ვაპირებთ, რომ საერთაშორისო პროექტების პარალელურად ძალისხმევა გავაათმაგოთ ლოკალური პროექტების მიმართულებითაც, მათ შორის საინფორმაციო კამპანიების და პერსონალური განვითარებისთვის აუცილებელი პროგრამების გააქტიურების კუთხით.

 

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid