close
კულტურასაქართველო

აზერბაიჯანელი ახალგაზრდის წიგნი ქართველებსა და საქართველოზე

  წიგნი ქართველებზე და საქართველოზე, რომლის ავტორიც მარნეულელი ახალგაზრდა ქამურან კირიაკოვია, აზერბაიჯანულ ენაზე ცოტა ხნის წინ გამოიცა და დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა. ჩვენ გავესაუბრეთ ავტორს, რომელმაც გვიამბო წიგნის – ,,ვაშლის ერთი ნაკბეჩი“ შექმნის პროცესსა და სამომავლო გეგმებზე.

მხატვრული რომანი – „ვაშლის ერთი ნაკბეჩი“, რომლის პრეზენტაციაც ცოტა ნის წინ გაიმართა, მოგვითხრობს საბჭოთა კავშირის დაშლის ფონზე, საქართველოში მიმდინარე რამდენიმე მოვლენის შესახებ, როგორც ქამურანი აღნიშნავს, ამ თემაზე წერა მისთვის ბუნებრივია, რადგან მისმა ოჯახმაც საქართველოსთან ერთად იწვნია იმდროინდელი რეპრესიები, თუმცა აქედან წასვლაზე არასდროს უფიქრიათ, ,,წიგნში ასახულია 9 აპრილი და მასთან დაკავშირებული პრობლემები, რომლის ფონზეც დიდ როლს თამაშობს არა ფული, არა  წარმატება, არამედ სათნოება, რომლის არსებობაც ქართველებისთვის გაცილებით  მნიშვნელოვანია, ვიდრე მატერიალური ღირებულებები. ვიმედოვნებ, რომ მთავარი პერსონაჟის ტანჯვით სავსე ცხოვრების პარალელურად მისი გულწრფელი სასიყვარულო ისტორია მკითხეველების ინტერესებს დააკმაყოფილებს,“ -აღნიშნავს ის.

ნაწარმოების სათაურიც საკმაოდ უცნაურია და ავტორმა ის ადამიანის მიერ სამყაროში არსებული ცოდნის სრულად შეთვისების შეუძლებლობას დაუკავშირა, როდესაც ადამიანი იძულებულია მცირედს დასჯერდეს და შეეგუოს  გონების საზღვრებს მიღმა არსებულის მიუწვდომლობას.

აღნიშნული რომანი არ არის ავტორის პირველი ნაწარმოები და სანამ საკუთარი ნაწერის ფართო საზოგადოებისთვის წარდგენას გადაწყვეტდა საკმაოდ გრძელი და შრომატევადი გზა განვლო, ,,ჩემი პირველი ნამუშევარი გახლდათ რომანი, რომლის წერასაც ერთი წელი შევალიე, მაგრამ წაკითხვის შემდეგ დავწვი, რადგან არ მომეწონა, მაშინ მივხვდი, რომ მწერლობა ითხოვს უფრო დიდ შრომას, წვალებასა და მომზადებას. ამიტომ დავიწყე ერთგვარი ვარჯიში, პირველი ნაწარმოები 8 წლის წინ დავწერე, ცოტა ხნის წინ კი, ავიხდინე ოცნება და გამოვაქვეყნე პირველი სერიოზული რომანი“.

ქამურან კირიაკოვი ამჟამად 24 წლისაა და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მაგისტრატურაზე, კულტურის ფილოსოფიის მიმართულებით სწავლობს. საინტერესოა, რომ სკოლის პერიოდში ამ სფეროსადმი ინტერესი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც  მეგობრის წიგნი „შესავალი აღმოსავლურ ფილოსოფიაში“ წაიკითხა და იმდენად მოეწონა, რომ გადაწყიტა საკუთარი ეგზემპლარი თავადვე შეექმნა, წიგნი გადაწერა და სამომავლო გეგმებიც სწორედ ფილოსოფიას დაუკავშირა, რაც როგორც თავად აღნიშნავს, წერაშიც ეხმარება.

სამომავლოდ ქამრანი გეგმავს წიგნის ქართულად თარგმნას, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნე, წიგნი ჯერჯერობით მხოლოდ აზერბაიჯანულ ენაზეა ხელმისაწვდომი, ავტორი აღნიშნავს რომ მშობლიურ ენაზე წერა მას მეტ თავისუფლებას ანიჭებს, მაგრამ მნიშვნელოვანია რომ სათქმელი უფრო ფართო საზოგადოებას გადასცეს, თარგმნის პროცესი უახლოეს მომავალში დაიწყება.

 

მასალა მოამზადა:  თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid