close
პოლიტიკასაქართველო

ახალი სტრატეგია საერთაშორისო ასპარეზზე – გიორგი ოქრიაშვილი

გიორგი, აშშ-სთან  ურთიერთობაში ბოლო პერიოდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენად ამერიკელი კონგრესმენების დაჯილდოება სახელდება. ანიშნული ღონისძიების ორგანიზატორი თქვენი კომპანია იყო. მოგვიყევით ამ პროექტზე, რა მოხდა ამერიკაში?

ამერიკელი კონგრესმენები, ასევე, რამდენიმე ამერიკელი მოღვაწე სხვადასხვა სფეროდან საქართველო-ამერიკის ურთიერთობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დავაჯილდოეთ. ჩვენი კომპანიისთვის – საგამომცემლო სახლი „სახე(ლ)ებისთვის“ ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიალი უკვე 17-წლიანი ტრადიციაა: „სახე(ლ)ების“ სპეციალურ პრიზებს გადავცემთ ადამიანებს/კომპანიებს/ორგანიზაციებს თავიანთ სამოღვაწეო სფეროში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისთვის. ვაშინგტონში, კერძოდ, კონგრესში გამართული დაჯილდოება წელს „სახე(ლ)ების“ ახალი მედიაპროექტის წარდგენის ფარგლებში გაიმართა. ეს პროექტი გახლავთ ნიუ იორკ თაიმსის ლიცენზირებული გამოცემა Turning Points Georgia. მას  წლის მაპროგნოზირებელ გამოცემასაც უწოდებენ და გასულ წელს საქართველოს გარდა კიდევ 26 ქვეყანაში გამოიცა. გამოცემაში მსოფლიოში ცნობილი ლიდერების, ექსპერტების, „ნიუ იორკ თაიმსის“ ჟურნალისტების ესსეებია თავმოყრილი, ყოველი ლიცენზიანტი ქვეყანა  მას თავის ენაზე გამოსცემს და ადგილობრივ შინაარსსაც ამატებს. საქართველოში გამოცემული Turning Points -ის მთავარ თემად ქართულ-ამერიკული ურთიერთობები ავირჩიეთ, რამაც განსაზღვრა დაჯილდოების ფორმატიც. „სახე(ლ)ების“ პრიზზე სიტყვა მადლობა ქართულად არის ამოკვეთილი და ამ განსაკუთრებული მადლობის ადრესატები წელს გახდნენ კონგრესმენები, კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეები ტედ პო და ჯერალდ კონოლი, სამხედრო ექსპერტი ლუკ კოფი, კონგრესის ბიბლიოთეკის მკვლევარი პოლ კრეგო, რადიო ამერიკის ხმის ქართული რედაქცია, ამერიკა-საქართველოს ბიზნეს-ასოციაცია. დაჯილდოებისას თითოეული მათგანის გამოსვლის ტექსტიდან ჩანდა, რომ  დიდი პატივით მიიღეს ეს ჯილდო და ძალიან აფასებენ მადლიერების გამოხატვის ამ ფორმას.

საკმაოდ რთულია ასეთ მასშტაბებზე გასვლა:  The New York Times -ის ლიცენზიანტები ხართ, ამერიკელ კონგრესმენებს აჯილდოებთ. ფაქტობრივად, ქვეყნის დიპლომატიური ცხოვრების წარმატების ნაწილი ხართ. როგორ მოახერხეთ ამ კონტაქტებზე და ამ შედეგებზე გასვლა?

საგამომცემლო სახლი „სახე(ლ)ები“, სადაც მე  ბოლო 15 წელია, ვმუშაობ და ჩემს მეორე სახლად მივიჩნევ, არ არის მხოლოდ ბიზნეს-კომპანია, ეს არის ორგანიზაცია, რომლის  კონცეფცია, სამოქმედო პრინციპი დაარსების დღიდან არის  ურთიერთობების გაღრმავება,  ამ ურთიერთობების მთავარი ინსტრუმენტის – კულტურის პოლიტიკის ხელშეწყობა, სოციალური პროექტების განხორციელება,  ქველმოქმედება… მოკლედ რომ ვთქვათ, სარგებლის მოტანა იმ სივრცისთვის, რომელ სივრცეშიც გვიხდება საქმიანობა. უხერხული იქნება ჩემგან  ხაზგასმა, მაგრამ მაინც ვიტყვი იმასაც, რომ ნომერ პირველი მედიაბრენდი მსოფლიოში The New York Times პარტნიორებს შემთხვევით არ ირჩევს. თითოეული ლიცენზიის უკან დგას სრულყოფილი მედიაგეგმა, თავისი ყველა შესაძლო  უკუგებით – ვგულისხმობ იმ სარგებელს, რაც ამ პროექტებისგან შეიძლება მიიღოს მომხმარებელმა  – კონკრეტულად და ქვეყანამ – ზოგადად. The New York Times  ამ შემთხვევაში უნდა განვიხილოთ საუკეთესო პლატფორმად საიმისოდ, რომ მისი საშუალებით საქართველოს ხმაც ისმოდეს ამ გლობალურ სამყაროში. დღეს „Turning Points “-ის გარდა ნიუ იორკ თაიმსის კიდევ ორ მედიაპროექტზე ვფლობთ ლიცენზიას, ესენია  დიდი იდეები (The Big Ideas) და  Cuba 60 (კუბის რევიოლუციის 60-წლისთავისადმი მიძღვნილი სპეციალური მედიაპროექტი). საუბარია ასევე ერთ-ერთი მასშტაბური, ტურიზმზე ორიენტირებული მედიაპროექტის  ფრანჩაიზინგზე. სასიამოვნოა, რომ საქართველოს საელჩომ ამერიკაში ძალიან სწორად და ზუსტად განსაზღვრა The New York Times -თან ჩვენი პარტნიორობის მნიშვნელობა და ამერიკაში „Turning Points“-ის წარმატებულად წარდგენასა და დაჯილდოების ცერემონიალის ორგანიზებაში  მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გაგვიწია. საერთოდ, არსებობის განმავლობაში, „სახე(ლ)ები“ მხოლოდ ბიზნესთან კოლაბორაციით ახორციელებს თავის პროექტებს, მაგრამ ეს ნამდვილად იყო ის შემთხვევა, როცა საელჩოს მხრიდან მასპინძლობამ და მხარდაჭერამ იგივე დიპლომატიურ წრეებში განსაკუთრებული მნიშვნელობა შესძინა წლევანდელ ღონისძიებას.

ჩვენი რუბრიკის მიზანია ჩვენი სტუმრების პიროვნული მახასიათებლების ხაზგასმა და წარმოჩენა. ამ კონკრეტულ წარმატებებზე საუბართან ერთად გვაინტერესებს გიორგი ოქრიაშვილზე გვესაუბროთ. თითქმის ყველა წარმატებული ქართველი გიცნობთ და ახლა უკვე არა მხოლოდ ქართველები. როგორ ახერხებთ, რა არის პირადად თქვენი პიროვნების ფაქტორი თქვენს წარმატებაში?

გამიმართლა, რომ ვაკეთებ საქმეს, რაც მაძლევს საქმიან სამყაროსთან, საინტერესო ადამიანებთან  ურთიერთობის საშუალებას. განათლებაც საერთაშორისო ურთიერთობების განხრით მაქვს მიღებული. სარედაქციო საქმიანობის გარდა, ჩემი უშუალო ფუნქციაა, კონკრეტული პროექტების ირგვლივ შემოვიკრიბო საქმიანი ადამიანები, კომპანიები, ორგანიზაციები, შევუქმნა მათ დამსახურებული განცდა იმისა, რომ ამ პროექტში მონაწილეობა ბევრი მიმართულებით არის სასარგებლო და საინტერესო. პირველ რიგში, თვითონ ამ საქმიანობის ფორმატი და კონცეფციაა საინტერესო, რაც წარმატების წინაპირობას ქმნის. რაც შეეხება პიროვნულ როლს – მე მიყვარს ჩემი საქმე. ამას ხშირად აღნიშნავენ პარტნიორები. ეტყობა, როცა შენი საქმე ძალიან გიყვარს და ორგანულია შენთვის, სხვები ამჩნევენ და აფასებენ ამას. ჩემი ერთგვარი სლოგანია: „ურთიერთობას იწყებს საქმე და აგრძელებ შენ“.  როცა ახალი პროექტი იწყება, პოტენციური პარტნიორისთვის  ხშირად გიწევს ავანსად დაპირებების მიცემა. ვცდილობ, ყველა დაპირება, რასაც დასაწყისში გავცემ, პროქეტის დასრულების შემდეგ გაათმაგებული დავუბრუნო უკან. ჯერჯერობით ამას ვახერხებ.

ახლა ზოგადადაც მოგვიყევით თქვენ შესახებ… ბავშვობა.. ოჯახი… ტა მეტი რომ გვითხრათ თქვენზე.

დავიბადე და გავიზარდე თბილისში, ვერაზე, მრავალშვილიან ოჯახში: სამი და-ძმა მყავს. მამა რესტავრატორია, დედა- ქიმიკოსი. მშობლების დამსახურებაა, რომ  ძალიან ადრეული ასაკიდან მოგვცეს დამოუკიდებლად აზროვნების და გადაწყვეტილებების მიღების საშუალება, რისთვისაც ძალიან მადლობელი ვარ მათი.  დღემდე ვთვლი, რომ ჩემი ყველაზე დიდი სიმდიდრე – ეს ჩემი ოჯახია. სადაც არ უნდა ვიყო – საქართველოში თუ უცხოეთში, ყოველთვის ვგრძნობ ოჯახისგან მხარდაჭერას.

როგორი იყო პირველი ნაბიჯები თქვენს სფეროში? რამ განაპირობა თქვენი პროფესიული არჩევანი? რგორ გაიარეთ ეს ეტაპები და დაბრკოლებებზეც რო გვესაუროთ. დაბრკოლებები, რა თქმა უნდა, იქნებოდა თქვენს კარიერაშიც. როგორ წყვეტთ ამ პრობლემას?

იმდენად ადრეულ ასაკში დავიწყე საქმიანობა, დღეს, პრაქტიკულად, ვერც ვიხსენებ, რომელი იყო ჩემი პირველი პროექტი. მაგალითად, სკოლის მოსწავლე ვიყავი, გამოვეცი წიგნი –  ნაშრომი მფრინავ ცხოველებზე. დღეს ამას ღიმილით ვიხსენებ – მეგობრები მეხუმრებიან, ასეთი უცნაური თემით მხოლოდ შენ შეიძლება, დაინტერესებულიყავიო,  თუმცა მაშინ ძალიან ბევრი ადამიანი, მათ შორის ბიზნესმენიც ჩავრთე ამ პროექტში. შემდეგი გატაცება იყო კონცერტების ორგანიზება. საერთოდ, ორგანიზება მიყვარს: იდეა რომ არსებობს და მერე ეს იდეა საქმედ იქცევა, სიამოვნებას მანიჭებს. რამდენიმე მუსიკოსის კონცერტი მაქვს ორგანიზებული იმ პერიოდში. ასევე – მხატვრებისთვის გამოფენები მოწყობილი. მერე რეკლამით და მარკეტინგით დავინტერესდი და რამდენიმე წელი ვიმუშავე ერთ-ერთ იმ დროისთვის კარგ ჟურნალში, სადაც მივიჩნევ, რომ კარგი გამოცდილება მივიღე, პრაქტიკულად, ერთდროულად, პრაქტიკულ საქმიანობაში შევისწავლე სარეკლამო ბაზარი, მისი თავისებურებები, გავიცანი ადამიანები, რომლებმაც ბევრი რამ მასწავლეს და გამოცდილება შემძინეს. დაბრკოლებები, შეიძლება ითქვას, რომ არ მქონია – ალბათ, იმიტომ, რომ მივიჩნევ: არ არსებობს გადაულახავი დაბრკოლება. ყველა კარი გაიღება, თუ კარგად დააკაკუნებ. მთავარია, კართან სწორად მიხვიდე. 

რამდენადა შევისწავლე თქვენი პიროვნება და საქმიანობა, თქვენ ივენთ მენეჯმენტის, PR და მარკეტინგის სფეროში ხართ ძლიერი, ასევე პროექტების მართვა. თუ შეიძლება გაგვიზიარეთ, რა არის მთავარი პრინციპები, რაც ამ სფეროში ჩართულ ადამიანს უნდა გააჩნდეს, რომ სასურველ შედეგზე გავიდე.

სწორედ ამაზე ვამბობდი წინა კითხვაში: ამ სფეროში ჩართული ადამიანისთვის მთავარია განცდა იმისა, რომ დაბრკოლება არ არსებობს. ნებისმიერი პროექტი  ადამიანივითაა: მას თავიდანვე უნდა შესძინო ის თვისებები, რომ თვითონ ილაპარაკოს თავის თავზე ისე, რომ შენ ნაკლები დრო და ენერგია დაგჭირდეს მერე მისი სამართავად. რაც შეეხება ივენთებს, მოგეხსენებათ, წარმატებული ივენთის შეფასების ერთ-ერთი ძირითადი კრიტერიუმი მასზე დასწრებადობის ხარისხია. ჩემი ხელწერა, თუ შეიძლება, ასე ითქვას, არის ის, რომ ჩემ მიერ ორგანიზებულ ივენთს ესწრება ყველა, ვისი დასწრებაც საჭიროდ და სასურველად მიმაჩნია. როგორ ვახერხებ ამას – ეს ჩავთვალოთ, რომ პატარა საიდუმლოა, რომელსაც მერე, როცა წიგნს გამოვცემ, მასში ავხსნი უფრო საინტერესოდ.

დაასახელე ის სამი თვისება, რომელიც წარმატების მიღწევაში დაგეხმარა.

პირველი და მთავარი თვისებაა პასუხისმგებლობა დანაპირების შესრულებაზე. როცა ადამიანს რამეს ვპირდები, სანამ შევასრულებ, ძალიან ვღელავ – ვცდილობ, დროში, ხარისხში, შინაარსში – ყველაფერში ზუსტად შევასრულო ჩემი დანაპირები. კიდევ ბევრი თვისებაა, მაგრამ ჩემთვის პირველ ადგილზე ეს დგას: ნათქვამის შესრულება. ალბათ ეს თვისება მამისგან გადმომეცა. ძალიან პრინციპული, პასუხისმგებლობიანი ადამიანია და შვილებსაც ასე გვზრდიდა. რასაკვირველია, სწორ ადგილზე და სწორ დროს მოხვედრაც ძალიან მნიშვნელოვანია და ვთვლი, რომ ამაშიც გამიმართლა.  

თუ შეიძლება გამოყოთ და გვესაუბროთ ყველაზე რთული პერიოდზე თქვენს კარიერაში, როგორ დაძლიეთ, რა გასწავლათ და რა მიიღეთ?

პრაქტიკულად, სირთულეები არ მქონია. ერთადერთი, როცა დადგა საკითხი, რომ ამერიკაში უნდა გადავსულიყავი სამუშაოდ, მაშინ გამიჭირდა გადაწყვეტილების მიღება: ეს არის შანსი, რომლის გამოყენებაზე უარის თქმა დანაშაულია საკუთარი თავის წინაშე, მაგრამ მაინც ვღელავდი. კიდევ კარგი, რომ სამუშაო კონტრაქტმა გამიადვილა საქმე: შემიძლია,  ორივე ქვეყანაში – ამერიკაშიც და საქართველოშიც იმდენხანს ვიყო, რამდენი ხანიც მომინდება და ორივე მხარეს ისე ვაკეთო ჩემი საქმე, რომ ჩემი ყოფნა იმ კონკრეტულ ადგილზე იმ დროს არ იყოს გადამწყვეტი. სხვა მხრივ, პროფესიულად სირთულედ არ მივიჩნევ, ზოგჯერ რაღაც ისე თუ ვერ გამოვა, როგორც ვგეგმავ; ზუსტად ვიცი, რომ მეორე ჯერზე ის კონკრეტული საკითხი ორჯერ უკეთესად გამომივა.

რას თვლით თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად ცხოვრებაში?

ვგრძნობ, რომ მენდობიან – ეს ჩემი ყველაზე დიდი მიღწევაა. მენდობიან ოჯახში,  კომპანიაში, მენდობიან საქმიანი პარტნიორები, მეგობრები… ყველამ იცის, რომ საჭირო დროს ყოველთვის შემიძლია საკუთარი საქმის გადადება და სხვისთვის მაქსიმუმის გაკეთება. ყველაზე დიდ მიღწევად და ბედის საჩუქრად მივიჩნევ პატრიარქთან ურთიერთობას. ნებისმიერ სიტუაციაში ვიცი, რომ მიმიღებს, დამლოცავს და გამაძლიერებს. ეს ისეთი წყალობაა ჩემთვის, უბრალოდ, არ ვიცი, მეტი რა უნდა მეთხოვა ღმერთისთვის.

რას მიიჩნევთ საქართველოში მარკეტინგისა და პიარის სფეროში არსებულ ყველაზე დიდ პრობლემად და გამოწვევად? რის გაუმჯობესებას ისურვებდით?  მისი განვითარების გზები.

თუნდაც ათი წლის წინანდელი სიტუაცია რომ შევადაროთ –  ჩვენი პიარ  სპეციალისტები (რომლებიც ძირითადად ჟურნალისტიკიდან მოვიდნენ) საოცრად მოკლე დროში იქცნენ პროფესიონალებად. ორივე სფეროში მოდის ახალი თაობა, რომელთაც აქვთ კარგი თეორიული განათლება, ფლობენ დიდი ინფორმაციას. მე ვისთანაც მქონია ურთიერთობა, ძალიან ცოტა მახსენდება ისეთი, ვისთანაც მეორედ არ ვისურვებდი ურთიერთობას.  გამოცდილებების გაზიარება ძალიან წაადგება ამ სფეროს სამომავლო განვითარებას. ყველა თეორია იქმნება კონკრეტულ გარემოში მიღებულ პრაქტიკაზე დაყრდნობით და  ალბათ, რამდენიმე წელიწადში ქართველ პიარ და მარეტინგის სპეციალისტებს ბევრი საინტერესო მასალა ექნებათ დაგროვილი ერთმანეთში გასაცვლელად და გასაზიარებლად.   

რა არის საჭირო იმისათვის, რომ ახალგაზრდა ადამიანი PR-სა და მარკეტინგის სფეროში მოხვდეს და წარმატებული კარიერა ჰქონდეს? რა რჩევას მისცემ ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა იწყებენ საქმიანობას?

უნდა ჰქონდეს სურვილი, მაგრამ სურვილთან ერთად – გააზრებული, რომ  ეს სფერო მრავალგზის მოსინჯვის სფეროა. ერთი მცდელობა არასოდეს არ იქნება საკმარისი. ამ პროფესიის ადამიანი წარუმატებლობამ უნდა გააძლიეროს და არა- ფარ-ხმალი დააყრევინოს. ესაა მთავარი სპეციფიკა. როგორც წესი, სხვა პროფესიებში წარმატება აძლევთ მოტივაციას. ამ სფეროში პირიქითაა და ამიტომ ანებებს ბევრი თავს. მოკლედ ვიტყვი: ვისაც პირველი და ორი წარუმატებლობა მოტივაციას დაუკარგავს, ეს პროფესია მისთვის არ არის.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები, კიდევ რაიმე გრანდიოზულ პროექტზე ხომ არ მუშაობთ?

უახლოესი ერთი წელი მხოლოდ „ნიუ იორკ თაიმსის“ პროექტებზე ვიქნები ორიენტირებული.  სამი მედიაგამოცემა „ნიუ იორკ თაიმსის“ ბრენდის ქვეშ – უკვე არის გრანდიოზული. აქტიურად ვაგრძელებ ცნობილი ადამიანების ხელნაწერების შეგროვებას – ჩემს პირად კოლექციაში უკვე 500-მდე საინტერესო ტექსტია თავმოყრილი და ალბათ მალე ამ კოლექციის გამოფენასაც მოვაწყობ. ისეთი ექსპონატებია თავმოყრილი, ვფიქრობ, ყველაზე საინტერესო გამოფენა იქნება მათ შორის, რაც კი ოდესმე გამიკეთებია.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0