close
კვლევებიმედიცინა

ახალი გასარუჯი მედიკამენტი, რომელიც კანს კიბოსგან იცავს

მეცნიერებმა შექმნეს მედიკამენტი, რომელიც მზის შუქის იმიტაციას წარმოადგენს და კანის ტონს მავნე UVრადიაციის გარეშე ქმნის.

მეცნიერებმა ცდები კანის ნიმუშებსა და თაგვებზე ჩაატარეს, რომლის დროსაც კანში პიგმენტური მელანინის ყავისფერი ფორმა წარმოიქმნა.

მტკიცებულების თანახმად, მედიკამენტი ჟღალთმიანებზეც მოქმედებს, რომლებიც, როგორც წესი, მზეზე იწვებიან.

მასაჩუსეტსის გენერალური საავადმყოფოს მეცნიერთა გუნდი იმედოვნებს, რომ მათი აღმოჩენა კანის კიბოს თავიდან ასაცილებლად და დაბერების წინააღმდეგ საუკეთესო საშუალება გახდება.

ყველასთვის ცნობილია, რომ ულტრაიისფერი სინათლე კანს აზიანებს. ის ბლოკავს ქიმიური რეაქციების ჯაჭვს, რომელიც საბოლოოდ მუქ მელანინს – სხეულის ბუნებრივ მზისგან დამცავი კრემს – წარმოქმნის.

მედიკამენტს კანს აზელენ, რათა მელანინის წარმოქმნის პროცესი დაზიანების გარეშე განხორციელდეს. „მას გარუჯვის ძლიერი ეფექტი აქვს,“ – განაცხადა ერთ-ერთმა მკვლევარმა – დოქტორმა დევიდ ფიშერმა.  “მიკროსკოპის ქვეშ ეს ნამდვილი მელანინია, ის ნამდვილად წარმოქმნის პიგმენტს UV-ის გარეშე,“ – დასძინა მან.

მეცნიერთა გუნდი აცხადებს, რომ მათი მიზანი არა კოსმეტიკური საშუალების შექმნა, არამედ კანის კიბოსა და  ულტრაიისფერი რადიაციისგან დაცვაა.

ტესტებმა, რომელიც ჟურნალ ,,Cell Reports-შია” აღწერილი, აჩვენა, რომ მედიკამენტის მიერ წარმოქმნილი მელანინი ულტრაიისფერ სხივებს ბლოკავს.

საბოლოოდ, მეცნიერებს სურთ, თავიანთი მედიკამენტი მზის კრემს შეურიონ, რათა მზის რადიაციისგან მაქსიმალური დაცვა უზრუნველყონ.

თუმცა, ბაზარზე გამოსვლამდე, მედიკამენტმა კიდევ არაერთი ტესტი უნდა გაიაროს, რათა მეცნიერები მის უსაფრთხოებაში დარწმუნდნენ.

 

წყარო: http://www.bbc.com

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : sld