ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მერენიაში მდებარე X ს-ის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
კომპლექსი მოიცავს ეკლესიას, ნაგებობათა ნაშთებს და გალავანს. ის მდებარეობს სოფელ მერენიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, სამსარის სოფლებისკენ მიმავალი გზის ნაპირზე. ეკლესია ნაგებია დამუშავებული ყვითელი ქვით.
ტაძრის მორთულობას წარმოადგენდა ტაძრისა და სამხრეთი მინაშენის სარკმელთა საპირეები, რომლებიც გრეხილი ლილვით იყო მოჩარჩოებული და სრულდებოდა ჯვრის გამოსახულებით. გალავანი დიდი ზომის ნატეხი ქვის მშრალი წყობითაა ნაგები. დასავლეთით მასში კარია გაკეთებული, რომელიც სამი დიდი ფილითაა გადახურული. კომპლექსის სხვა ნაგებობებიდან მხოლოდ საძირკვლის კონტურები იკითხება.
მათი დანიშნულების გარკვვევა ამჟამად, არქეოლოგიური გათხრების გარეშე, შეუძლებელია.