close

დიდი ფრანგი მწერალი ალექსანდრე დიუმა უფროსი დაიბადა 1802 წელს და გარდაიცვალა 1870 წელს. ის იყო ისეთი შედევრების ავტორი როგორიცაა “სამი მუშკეტერი“, “გრაფი მონტე-კრისტო“, “დედოფალი მარგო” და ა.შ. 1858-59 წლებში ის სტუმრობდა თბილისს და საქართველოს სხვა ქალაქებს. ამ მოგზაურობაზე მან დაწერა წიგნი “კავკასია”. გთავაზობთ ამონარიდებს ამ წიგნიდან, რომელიც ქართველებს ეხება:

“როდესაც თბილისში მივდიოდი, ვაღიარებ, წარმომედგინა, რომ ნახევრად ველურ ქვეყანაში მივდიოდი, ისეთში, როგორიც არის ნუხი ან ბაქო, მხოლოდ უფრო დიდი მასშტაბისა. მე შევცდი. ფრანგული კოლონიის წყალობით, რომელსაც უმთავრესად პარიზელი მკერავები და მოდელიორები შეადგენენ, ქართველი ქალები იტალიური თეატრისა თუ დიდი ბულვარების მოდას შეიძლება მხოლოდ ორიოდე კვირით ჩამორჩებოდნენ.”

“ამჟამად თბილისში 60 ათასიდან 75 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს. მისი ქუჩების სიგანე 60 ფუტია: აქ არის შესანიშნავი შენობები, მოედნები, ქარვასლები, ბაზრები და ბოლოს, თეატრი და ეკლესიები, რომლებიც თავადი გაგარინის წყალობით, ხელოვნების საუცხოო ნიმუშებად იქცნენ.”

“ქარვასლა საინტერესო სანახავია. მის ჭიშკარში აქლემებით, ცხენებითა და სახედრებით შედის და გამოდის აღმოსავლეთის ყველა ერის წარმომადგენელი: თირქები, სომხები, სპარსელები, არაბები, ინდოელები, ჩინელები, ყალმუხები, თურქმენები, თათრები, ჩერქეზები, ქართველები, მეგრელები, ციმბირელები და ღმერთმა იცის კიდევ ვინ. თითოეული მათგანი გამორჩეულია. აქვს თავისი კოსტიუმი, თავისი იარაღი, თავისი ხასიათი, თავისი გამომეტყველება და განსაკუთრებით ქუდი – საგანი, რომელიც მოდის ცვლილებებს ყველაზე ნაკლებად ემორჩილება.”

დიუმა თბილისის აბანოებზე წერს: “რატომაა, რომ გრძნობათა მორევის ისეთ ქალაქს, როგორიც პარიზია, არ გააჩნია ასეთივე აბანოები? რატომ არც ერთი საქმოსანი არ გამოიწერს თბილისიდან ორიოდე მექისეს? ეს რასაკავირველია სასარგებლოც იქნებოდა და სარფიანიც. ექვსი კვირის განმვლობაში, რომელიც თბილისში გავატარე, ყოველ მესამე დღეს სპარსულ აბანოში დავდიოდი.”

“მე თითქmის ყველაფერი ვნახე თბილისში, ქართულ სამოთხეში და მთელი ცხოვრების მანძილზე ისე ნაყოფიერად არსად მიმუშავია, როგორც თბილისში.”

დიუმა აღნიშნავს, რომ ქართველები მფლანგველები არიან და “არაპრაქტიკულობის გამო სწრაფად კოტრდებიან. ყველა ქართველი ღარიბია ან ახლოსაა ამასთან. რა საშინელი სიღარიბეა აქ! ღმერთო შემინდე! რა სიღატაკეა! ეს სიღარიბე იქამდე მიდის, რომ ბევრის აზრით, ყველაზე სათნო ქალის ზნეობა, რომელიც მედეადან მოდის, ახლა ოქროს მონეტის დანახვას ვერ გაუძლებდა.”

“ევროპაში წაrმოდგენათ კი არ აქვთ კოლხთა სილამაზეზე. განსაკუთრებით ლამაზი ტანადობა და სიარული აქვთ მამაკაცებს. სულ უბრალო მსახურსაც კი თავადიშვილის იერი აქვს.

“ქართველ ხალხს უყვარს იმის გაცემა, რისი მიღებაც სხვებს უყვართ.

– რა აზრის ხართ ქართველებზე? – შევეკითხე ბატონ ფინოს, ჩვენს (ფრანგების) კონსულს თბილისში, რომელიც იქ უკვე სამი წელია ცხოვრობს.

– ეს უნაკლო ხალხია, ყველა საუკეთესო თვისებით, – მიპასუხა მან.

როგორია ასეთი სიტყვების მოსმენა ფრანგისგან, რომელიც როგორც ეს ყველგან და ყოველთვს ხდება, ყოველივე უცხოურს ლანძღავს და საკუთარ თავს ყველაზე მაღლა აყენებს…”

“თავისი სიმამაცით განთქმულმა ერთმა რუსმა, გვარად შერემეტიევმა მითხრა: ისინი ბრძოლაში უნდა ნახო.. ისინი ამ დროს უკვე ადამიანები კი არა, ტიტანები ხდებიან, რომლებსაც ძალუძთ ზეცა იერიშით აიღონ.”

“ისინი სუფრასთან უნდა ნახო – მეუბნებოდა ერთი ღირსეული გერმანელი, რომელიც სიამაყით იხსენებდა ხოლმე როგორ სვამდე შუა დღეზე ჰაიდელბერგის დუქანში თორმეტ კათხა ლუდს. ისინი (ქართველები) თხუთმეტ, თვრამეტ, ოც ბოთლ ღვინოს ისე ყლაპავენ, თითქოს აქ არაფერი მომხდარაო. ფინოც სიმართლეს ამბობდა, რუსიც სიმართლეს ლაპარაკობდა, გერმანელიც სიმართლეს მეუბნებოდა.”

“მთელი ძველი კოლხეთის ქალები საუცხოონი არიან. – ჩვენ გვინდოდა გვეთქვა ქართველ ქალებზე ლამაზებიც კიო, მაგრამ აქ დროულად გაგვახსენდა, რომ სამეგრელო, იმერეთი და გურია ყოველთვის საქართველოს ნაწილები იყო. მეგრელი ქალები განსაკუთრებით ლამაზები არიან: ქარათმიანები შავი თვალებით და შავთმიანები ცისფერი თვალებით – ეს ხალხი დედამიწის ზურგზე ულამაზესი ქმნილებები არიან.”

“როგორ უნდა ამოიცნო ქართველი? თუ ვინც გიყურებს ნათელი სახე და სწორი ცხვირი აქვს, თვალები, წარბები და თმები შავი, კბილები – თეთრი, თუ მას მოკლე ბწევიანი, წვეტიანი ქუდი ახურავს, მაშინ იგი ქართველია. რასაც ის იტყვის, წმინდა წყლის სიმართლე იქნება”.

“ამბობენ ჩერქეზები დედამიწის ზურგზე ყველაზე ლამაზი ხალხიაო. ეს შეიძლება ითქვას მხოლოდ მამაკაცებზე, ქალების მიმართ კი სადავოა. ჩემი შეხედულებით, ქართველს სრულიად თავისუფლად შეუძლია შეეცილოს ჩერქეზს სილამაზეში. ჩემს დღეში არ დამავიწყდება ის შთაბეჭდილება, რომელიც ნოღაის ველებში პირველი ქართველის შეხვედრამ გამოიწვია ჩემში.”

“ქართველები უმამაცესი ხალხია, ამაში უკვე ეჭვი აღარავის შესდის, თვით ყველაზე მამაც რუსებსაც კი. ისინი გვიამბობდნენ ქართველთა ვაჟკაცური სისადავის შესანიშნავ ფაქტებს. მაგალითად გრაფ ვორონცოვის მიერ მოწყობილ ერთ-ერთ ექსპედიციაში ჯარი წაადგა ტყეს, რომელზეც ამბობდნენ მთიელები იცავენო,

– ტყეს ორი ფინდიხით დატენილი ზარბაზანი დაუმიზნეთ და ესროლეთ – ბრძანა გრაფმა – ვნახოთ, როგორ იცავენ მას მთიელები.

– რაზე დავკარგოთ დრო და ფინდიხი, თქვენო უგანათლებულესობავ? – უპასუხა იქვე მყოფმა თავადმა ერისთავმა – თვითონ წავალ და ვნახავ.

ერისთავმა ცხენი გააჭენა, ტყე მოათვალიერა, დაბრუნდა და ვორონცოვს ანტიკური სისადავით მოახსენა – ტყეში არავინაა თქვენი უგანათლებულესობავ.”

“თუ თათარმა თავი დაგიქნია – ენდე. თუ მთიელმა პატიოსანი სიტყვა მოგცა – მასაც ენდე. ხოლო თუ სომეხთან გაქვს საქმე, უსათუოდ ხელწერილი დაადებინე და ორი კაციც დაიმოწმე, რომ თავის ხელწერილზე უარი არა თქვას.”

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0