პროფესორი ანა დოლიძე თანამოაზრეებთან ერთად იწყებს სახალხო კამპანიას აზარტული თამაშების წინააღმდეგ – „დაიცავი შენი შვილი“.
ანა დოლიძემ დღეს ამ თემაზე ბრიფინგი გამართა და მოუწოდა საქართველოს პარლამენტს, დაიწყოს საჯარო დისკუსია აღნიშნული პრობლემის დასაძლევად.
„შევიკრიბეთ ადამიანები და ორგანიზაციები, ვისაც ძალიან გვადარდებს და ვისაც, ბევრი რამ გაუკეთებია ამ თემასთან დაკავშირებით. ვაერთიანებთ ძალას აზარტული თამაშების წინააღმდეგ საბრძოლველად და ვაცხადებთ კამპანიას. ვიცი, რომ ძალიან ბევრი ადამიანია საქართველოში, ვისაც ეს საკითხი აწუხებს და მოვუწოდებთ მათ, შემოგვიერთდნენ.
მივმართავთ, საქართველოს პარლამენტს, ჯანდაცვის კომიტეტს, განათლების კომიტეტს, სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტს, მოაწყოს საერთო სპეციალური სხდომა, მოსმენა აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით, სადაც გვექნება საშუალება, მოვისმინოთ ჩვენი ხელისუფლების პოზიცია, აპირებს თუ არა ის საერთოდ რაიმე ნაბიჯები გადადგას აზარტულ თამაშებთან საბრძოლველად“, – აცხადებს ანა დოლიძე.
კამპანაის შეუერთდა „ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და განათლების ფონდის“ წარმომადგენელი გიორგი ბახტურიძე. მისი თქმით, პრობლემის აღმოსაფხვრელად აუცილებელია, რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა.
„გვაქვს კონკრეტული მოთხოვნები: ეს არის რეკლამის, პოპულარიზაციის და სპონსორობის სრული აკრძალვა, ასევე ონლაინ თამაშების ჩახსნა, ასაკის გაზრდა მინიმუმ 25 წლამდე და მომდევნო ეტაპზე ამ ბიზნესის გადატანა, მაქსიმუმ ორ რეგიონში“, – აცხადებს გიორგი ბახტურიძე.
დღეისთვის კამპანიას წარმოადგენენ:
1. ანა დოლიძე;
2. „აზარტული თამაშების კვლევის და ლუდომანიის პრევენციის ცენტრი“ – გუგა ბესელია;
3. „ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და განათლების ფონდი“ – გიორგი ბახტურიძე;
4. „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ – თამარ ჯაფარიძე;
5. „ახალგაზრდები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ – კოტე ერისთავი;
6. ლაშა გორგაძე;
7. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი – გოგი ყიფიანი;
8. ილია ჩხეიძე.
ისინი მოუწოდებენ საზოგადოებას, გაერთიანდნენ მათ კამპანიაში.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”