საკითხი, თუ როდის წარმოიშვა აფხაზური დამწერლობა, საკამათოა. ზოგი რუსი და აფხაზი მეცნიერი ვარაუდობს, რომ აფხაზური დამწერლობა ძველ დროში არსებობდა. მეცნიერთა უმრავლესობა კი ამ აზრს არ იზიარებს. ისინი მიიჩნევენ, რომ დამწერლობა აფხაზურ ენაზე პირველად გაჩნდა XIX ს-ის მეორე ნახევარში.
ჩვენს საზოგადოებში ფართოდაა გავრცელებული მოსაზრება, თითქოს აფხაზურ ენაში არ არსებობს „ზღვისა“ და „ნავის“ გამომხატველი ტერმინები. აქედან კეთდება დასკვნა, რომ აფხაზები ისე ცოტა ხნის წინ არიან ჩამოსულები ზღვის სანაპიროზე, რომ ჯერ მისი სახელიც ვერ გამოუთქამთო. არ ვიცი პირველად ვინ მოიგონა ეს ყალბი „არგუმენტი“. თუმცა, უბრალო ლოგიკა გვკარნახობს, რომ ხალხს, რომელსაც თუნდაც რამდენიმე წელიწადი უცხოვრია ზღვასთან, არ შეიძლება ენაში მისი დასახელება არ ჰქონდეს. აფხაზები კი ზღვასთან უხსოვარი დროიდან ცხოვრობენ და მათი ენაც მდიდარია საზღვაო ლექსიკით. როგორც ზღვისპირეთის მცხოვრებლები, აფხაზები მისდევდნენ საზღვაო რეწვასა და მეკობრეობას. ისინი საკმაოდ შორს ცურავდნენ. ჰოლანდიელი მეცნიერი ნიკოლას ვიტსენი 1692 წ. წერდა აფხაზი მეკობრეების შესახებ, რომ მათ გამო ზოგჯერ ფერხდებოდა გემების მიმოსვლა კაფასა (ყირიმი) და კონსტანტინოპოლს შორის. ვახუშტი ბატონიშვილის (XVIII ს.) ცნობითაც, აფხაზები „ზღუასა შინა მაგარნი და ძლიერნი“ იყვნენ. ასეთი ცნობები საკმაოდ ბევრია. განვითარებულ ზღვაოსნობასთან დაკავშირებული იყო გემთმშენებლობა, რომელმაც XIX ს-ის მეორე ნახევრამდე იარსება. აფხაზური ხომალდები 100-მდე კაცს იტევდნენ და პატარა ზარბაზნებით იყვნენ შეიარღებულნი. თუმცა აფხაზებს უფრო დიდი გემების აშენებაც შეეძლოთ. არსებობს ცნობა, რომ 1802 წლის ახლოს აფხაზეთის მთავარმა ქელეშ-ბეგმა ოსმალეთის სულთანს საჩუქრად მიართვა თავის ქვეყანაში აგებული 60-ზარბაზნიანი ხომალდი.
თუ რა ენაზე ლაპარაკობდნენ უძველესი დროის აფხაზი მთავრები, ამის მაჩვენებელი პირდაპირი მასალები არ არსებობს, მაგრამ უნდა ვიფიქროთ, რომ მათი მშობლიური ენა აფხაზური იყო. გარდა ამისა, სხვადასხვა პერიოდებში აფხაზეთის მთავრები და დიდი ფეოდალები ფლობდნენ აგრეთვე ბერძნულ, ქართულ, თურქულ-ოსმალურ ენებს. XIX ს-დან კი რუსულ ენასაც. ქართული ენის ცოდნა აფხაზ დიდებულებში, ალბათ, ფართოდ გავრცელდა VIII–IX სს-დან. ვახუშტის ცნობით, აფხაზებს „ენა საკუთარი თვისი აქუსთ, არამედ უწყიან წარჩინებულთა ქართული“. წერილობით წყაროებში ფეოდალური აფხაზეთი ყველაზე კარგად არის გაშუქებული XIX ს-ში. ამ დროს ჩვენ ვხედავთ, რომ აფხაზეთის მთავრები და თავადები აფხაზურის გარდა ფლობენ ქართულ, თურქულ, შემდეგ ასევე რუსულ ენებს. კერძოდ, ამ ენებზე ახორციელებდნენ ისინი მიმოწერას. აფხაზური კი მათი მშობლიური სალაპარაკო ენა იყო. შემთხვევითი არ არის, რომ აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის ვაჟი გიორგი შარვაშიძე (1846–1918) – ცნობილი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს დიდი პატრიოტი, შესანიშნავად ფლობდა აფხაზურ ენას. თანამედროვეთა ცნობით, ისეთ წმინდა და დახვეწილ აფხაზურ ენაზე იმ დროს უკვე აღარავინ ლაპარაკობდა.’
გამოყენებული ლიტერატურა:
- ანჩაბაძე, გია. „XII–XIII საუკუნეებში ტერმინს – „აფხაზი“ სამი მნიშვნელობა ჰქონდა”. www.humanrights.ge (28/07/2018)
- აფხაზეთი – საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხე. www.ucnauri.com (28/07/2018)
მასალა მოამზადა: ნინო ჯალაღონიამ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”