„ეფლ ინკორპორეიტედი“ გახდა პირველი ამერიკული კომპანია, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია 800 მილიარდ დოლარიან ნიშნულს ასცდა. სულ ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც კომპანიის საბაზრო ღირებულებამ 700 მილიარდ დოლარიანი ბარიერი გადალახა.
„Iphone-ის“ მწარმოებლის აქციების ფასი მიმდინარე წელს 33 პროცენტით არის გაზრდილი. დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ კი, კომპანიის აქციების ზრდამ თითქმის 50 პროცენტს მიაღწია. ამ კომპანიაზე „სტანდარდ ენდ პურზის“ ინდექს S&P 500-ის 21.7 ტრილიონი დოლარიდან, დაახლოებით 4 პროცენტი მოდის.
,,Apple-ზე” 2012 წლის სექტემბერში ამავე ინდექსის 4.9 პროცენტი მოდიოდა, თუმცა მას შემდეგ, თავად ინდექსში შემავალი კომპანიების ჯამური კაპიტალზაცია 7 პროცენტით არის მომატებული და მასში ,,ეფლის“ წილი სწორედ ამის ფონზე შემცირდა.
ანალიტიკოსების შეფასებით, თუ ,,Apple-ის” აქციების ზრდა ამავე ტემპით გაგრძელდა, მაშინ მისი კაპიტალიზაცია ამ წლის ბოლოს ტრილიონ დოლარს მიაღწევს.
„Apple-ის“ აქციების ფასის უახლოესი სამიზნე 160 დოლარია. სამი თვის წინ ფასის სამიზნე 140 დოლარი იყო. ამჟამად თითო აქცია 153.99 დოლარად ფასობს.
კომპანიის სრული კაპიტალიზაცია 802.8 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც აშშ-ის 50 შტატიდან, 45-ის ეკონომიკაზე მეტია. ამაზე მეტი ბიუჯეტი მხოლოდ ილინოისს, ფლორიდას, ნიუ იორკს, ტექსასს და კალიფორნიას აქვთ.
მილიარდერი უორენ ბაფეტი ამბობს, რომ „Apple-ის“ აქციების შეძენისკენ, ის მარტივი მიზეზი უბიძგებს, რომ ბევრი ძლიერი კონკურენტის ყოლის მიუხედავად, „Iphone-ის“ მწარმოებელს ბაზარზე ძალიან მყარი პოზიცია უკავია. ცნობისათვის, ბაფეტის საინვესტიციო კომპანია „ბერკშირ ჰეტუეი“, „Apple-ის“ 20 მილიარდი დოლარის ღირებულების აქციებს ფლობს.
წყარო: Inc.com
მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”