საქართველოს ეროვნული მუზეუმის წარმომადგენლებმა, ტორონტოს უნივერსიტეტის პროფესორებმა და სტუდენტებმა მარნეულში, იმირის გორაზე ახალი ექსპონატები – ღვინის ჭურჭელი და სხვა ნივთები აღმოაჩინეს.
მარნეულის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ამ ეტაპზე, ძეგლზე შესრულებული სამუშაოები მეტად მნიშვნელოვანია, რადგან იგი დამატებით ინფორმაციას მოგვაწვდის უძველესი მეღვინეობის და მევენახეობის ისტორიის შესახებ. ამჟამად სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა, 12 ივნისიდან კი – დაიწყება მარტივი კონსერვაცია.
„შეგახსენებთ, რომ 2014 წლიდან საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარეობს ღვინის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და ასოციაცია „ქართული ღვინის“ ერთობლივი საერთაშორისო პროექტი – „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევა’’, რომელიც ხელს შეუწყობს მსოფლიოში ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის განვითარებას და პოპულარიზაციას. პროექტის ფარგლებში, საველე–არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს სოფელ იმირის მახლობლად მდებარე უძველეს ( ძვ.წ VI ათასწლეული) ნეოლითის ხანის ნასოფლარზე – გადაჭრილ გორაზე და შულავერის გორაზე და საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი სხვადასხვა ისტორიული ეპოქის ვაზის ნაშთების ინტერდისციპლინარული კვლევა.
არქეოლოგიური კვლევის შედეგად აღმოჩენილია ძვ.წ. VI ათასწლეულით დათარიღებული, უძველესი ყურძნის წიპწები. მორფოლოგიური და ამპელოგრაფიული ნიშნების მიხედვით, იგი ვაზის კულტურულ სახეობას, ,,vitis vinisfera sativa-ს“ მიაკუთვნეს. კომპლექსური კვლევის შედეგად დგინდება, რომ ველური ვაზი ადამიანმა პირველად საქართველოს ტერიტორიაზე მოიშინაურა და კულტურული ვაზისგან ღვინო დაწურა. კერამიკული ჭურჭლის ანაფხეკებში აღმოჩენილია კულტურული ვაზის მტვრის მარცვლები, რაც ამ ჭურჭელში ღვინის არსებობას ადასტურებს“, – აცხადებენ მარნეულის მერიაში.
წყარო: http://marneuli.gov.ge
მასალა მოამზად: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”