,,აშშ 2017 წლის ბოლოსთვის UNESCO-ს დატოვებს” – გასულ კვირას ოფიციალურად განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, თუმცა აშშ-ს სურს ჰქონდეს არაწევრი სახელმწიფოს დამკვირვებლის სტატუსი, რაც მას საშუალებას მისცეს, რომ კვლავ აქტიურად იყოს ჩართული ორგანიზაციის აქტივობებში, თუმცა არ ექნება ხმის მიცემის უფლება.
გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი, როგორც აშშ აღნიშნავს, გაეროს საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურული ორგანიზაციის – UNESCO-ს პოლიტიკური ხასიათის გადაწყვეტილებებია, რაც, ამავე დროს, არის ისრაელის სახელმწიფოსთან შეუთავსებელი.
ყველაფერი დაიწყო იმით, რომ 2011 წელს, UNESCO-მ პალესტინასთან მოლაპარაკებები წამოიწყო ამ უკანასკნელის წევრობასთან დაკავშირებით, რასაც აშშ-ის მხრიდან დაფინანსების შეწყვეტა მოჰყვა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პირების განცხადებით, ორგანიზაციის დატოვების მიზანია, რომ UNESCO მოექცეს წნეხის ქვეშ და შეცვალოს საწევრო პოლიტიკა, ისე, რომ ის აშშ-ისა და ისრაელისთვის მისაღები გახდეს.
გაეროში აშშ-ის წარმომადგენლის, ნიკი ჰეილის განცხადებით, აშშ გადაწყვეტილების სისწორეში კიდევ უფრო დარწმუნდა მას შემდეგ, რაც ორგანიზაციამ აღიარა დასავლეთ სანაპიროზე არსებული კულტურული ძეგლი, როგორც პალესტინის მემკვიდრეობის ნაწილი.
აშშ-ის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენჯამინ ნეთანიაჰუ, რომელმაც აღნიშნულ გადაწყვეტილებას „თამამი“ და „მორალური“ უწოდა და აღნიშნა, რომ ისრაელის საგარეო ურთიერთობების სამსახურებს უკვე დაევალათ UNESCO-ს დასატოვებლად მოსამზადებელი სამუშაოების დაწყება. „UNESCO აბსურდული თეატრი გახდა, სადაც ისტორიის დაცვის მაგიერ, ამახინჯებენ მას“- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
UNESCO-ს დატოვება ტრამპის ადმინისტრაციის კიდევ ერთი გადაწყვეტილებაა, რომელიც უფრო მეტად აშორებს აშშ-ს საერთაშორისო საზოგადოებას. UNESCO-ს გენერალური მდივნის, იანა ბოკოვას განცხადებით, ეს გადაწყვეტილება სამწუხაროა და დიდ დანაკარგს წარმოადგენს -არამხოლოდ ორგანიზაციისთვის, არამედ გაეროსთვისაც, რაც ნიშნავს მულტიკულრუტალიზმისა და თანამშრომლობის დაკარგვასაც.
UNESCO გაეროს ეგიდით მოქმედი ორგანიზაციაა, რომელიც ხელს უწყობს განათლების დონის ამაღლებას, მეცნიერების განვითარებასა და კულტურის დაცვას მსოფლიო მასშტაბით. დღეს მასში 195 სახელმწიფოა გაერთიანებული.
წყაროები: The Guardian, NBC NEWS
მასალა მოამზადა: ცირა შვანგირაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”