აშშ-ის ტრანსპორტის დეპარტამენტი აცხადებს, რომ საჭიროა ისეთი ავტომობილების შექმნა, რომლებსაც უსადენო ტექნოლოგიის საშუალებით ერთმანეთთან „საუბარი“ შეეძლებათ.
რეგულატორები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ამ გზით ავარიების თავიდან აცილება გახდება შესაძლებელი, აცხადებენ, რომ ავტომწარმოებლებს ასეთი ავტომობილების შესაქმნელად სულ მცირე ოთხი წელი უნდა მისცენ.
საგზაო უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის (NHTSA) შეფასებით, მოსაუბრე მანქანები იმ ავტო საგზაო შემთხვევების რიცხვს, სადაც ალკოჰოლი მთავარი ფაქტორი არაა, 80 პროცენტით შეამცირებს, განსაკუთრებით გზაჯვარედინებითა და სავალი ნაწილის ზოლების შეცვლით განპირობებულ ავტოსაგზაო შემთხვევებს.
გასულ წელს აშშ-ში ავტომობილების 6,3 მილიონი ავარია მოხდა. NHTSA ოქტომბერში განაცხადა, რომ 2016 წლის პირველ ნახევარში საგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10 პროცენტით გაიზარდა.
მოსაუბრე მანქანები, მოკლე დიაპაზონის კომუნიკაციების გამოყენებით, მონაცემებს ადგილმდებარეობის, მიმართულების და სიჩქარის შესახებ სამასი მეტრის რადიუსში მდებარე ავტომობილებს გადასცემენ. ამ მონაცემების განახლება წუთში დაახლოებით 10-ჯერ ხდება.
საავტომობილო მწარმოებლების ალიანსი, რომელიც General Motors Co (GM.N), Toyota Motor Corp (7203.T), Volkswagen AG (VOWG_p.DE) და სხვა ავტომწარმოებლებს აერთიანებს, აცხადებს, რომ სისტემის დატესტვა უკვე მიმდინარეობს.
გაეროს ინფორმაციით, მსოფლიოს გზებზე ყოველწლიურად 1,3 მილიონი ადამიანი იღუპება და ეს რიცხვი მზარდია. 2010 წელს გაერო-მ გამოაცხადა საგზაო უსაფრთხოების მოქმედების დეკადა 2011-2020 წლებისათვის და მოუწოდა ქვეყნებს ამ პერიოდის განმავლობაში გაანახევრონ საგზაო შემთხვევებით გამოწვეული სიკვდილიანობა, შეიმუშავონ მოქმედების გეგმა და გაატარონ პრევენციული ზომები, რათა 2020 წლისათვის გზებზე სიკვდილიანობა 50%-ით შემცირდეს.
წყარო: Reuters
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”