ნასას ასტრონომებმა ახალი მზის სისტემა აღმოაჩინეს, რომელშიც შვიდი დედამიწის ზომის პლანეტაა.
აღნიშნული შვიდი პლანეტიდან სამი მშობლიური ვარსკვლავის გარშემო ისეთ მანძილზე ბრუნავს, რომ, სავარაუდოდ, პლანეტების ზედაპირი წყლითაა დაფარული, რაც მათზე სიცოცხლის არსებობის ალბათობას აჩენს.
,,Trappist-1-ის” სახელით ცნობილი ვარსკვლავი პატარა, ბნელი ციური სხეულია, რომელიც მერწყულის თანავარსკვლავედში მდებარეობს. Trappist-1 დედამიწიდან დაახლოებით 40 სინათლის წლის დაშორებით მდებარეობს. მკვლევართა განცხადებით, მზის სისტემის სიახლოვე მისი უკეთ შესწავლის საშუალებას იძლევა. ისინი იმედოვნებენ, რომ პლანეტებზე სიცოცხლის ნიშნების შესაძლო არსებობის აღმოჩენის მიზნით პლანეტების ატმოსფეროების სკანირებას მოახდენენ.
ჟურნალ ,,Nature-ში” გამოქვეყნებული აღნიშნული აღმოჩენა წინა კვლევას ეფუძნება, რომელიც ამტკიცებს, რომ TRAPPIST-1-ის გარშემო სამი პლანეტა მოძრაობს. ეს პლანეტები იმ 3,500 ეგზოპლანეტას შორის არიან, რომლებიც მზის სისტემის მიღმა არიან აღმოჩენილი.
მკვლევარები ფოკუსს დედამიწის ზომის პლანეტების მდებარეობაზე აკეთებენ. მათი განცხადებით პლანეტებზე არსებული ტემპერატურა იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ მათზე თხევადი წყალი და სიცოცხლე არსებობს.
Trappist-1 დიამეტრი დაახლოებით მზის ზომის 8 პროცენტია. იმის გამო, რომ Trappist-1 პატარა და გრილი ვარსკვლავია, ე.წ. დასახლებადი ზონა მისგან ძალიან ახლოს მდებარეობს. ბელგიის University of Liege-ის მეცნიერი – მაიკლ გილონი, აცხადებს, რომ სამი პლანეტის მდებარეობა მათზე თხევადი წყლის არსებობის ვარაუდის საფუძველს იძლევა. „ისინი საკმაოდ კომპაქტურ სისტემას ქმნიან. მათზე შესაძლებელია თხევადი წყალი და სიცოცხლეც კი არსებობდეს,“ – განაცხადა გილონმა.
მაშინაც კი, თუ პლანეტებზე სიცოცხლე ამჟამად არაა, მისი განვითარება შესაძლებელია. Trappist-1 მინიმუმ 500 მილიონი წლისაა, მისი სიცოცხლისუნარიანობის ხანგრძლივობა კი დაახლოებით 10 მილიარდი წელია. შედარებისთვის, მზე დაახლოებით 5 მილიარდი წლისაა და მისი სიცოცხლისუნარიანობის ხანგრძლივობა კი დაახლოებით 10 მილიარდ წლადაა შეფასებული.
წყარო: Reuters
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”