22 წლის სტუდენტებმა, ნიკოლოზ გორგაძემ და გარი იაგუტიანმა, დააფუძნეს კომპანია, რომელიც ავტომოყვარულებისთვისაა და მოიცავს სხვადასხვა მიმართულებას. ორივეს ბავშვობიდან იტაცებს ეს სფერო და მათი დამეგობრებაც სწორედ ავტომობილებს უკავშირდება. Gear.ge-ის დამფუძნებლები საზოგადოებას სთავაზობენ ე.წ. ტესტდრაივებს, დეტალურად საუბრობენ ამა თუ იმ მანქანის როგორც დადებით, ისე უარყოფით მხარეებზე.
„იდეა, გაგვეკეთებინა საავტომობილო სივრცე, გაჩნდა მაშინ, როცა საუბრისას გაირკვა, რომ საერთო ინტერესი გვქონდა. გვინდოდა, შეგვექმნა საიტი, გადაგვეღო ტესტდრაივები და ეტაპობრივად შეგვეთავაზებინა ხალხისთვის ის სიახლეები, რომლებიც საქართველოში ნელ-ნელა იკიდებს ფეხს. პირველი ნაბიჯები რთული იყო. შევიძინეთ აპარატურა, გავაკეთეთ ვებგვერდი, რასაც საკმაოდ დიდი ფინანსები დასჭირდა. მეორე ტესტდრაივის გადაღების შემდეგ, უკვე რეკლამები შეგვიკვეთეს და ვიდეოს მნახველთა რაოდენობაც 130 000-მდე გაიზარდა. დღეს უკვე ყოველ ახალ ვიდეოს სპონსორი ჰყავს“, – აღნიშნავს კომპანიის თანადამფუძნებელი – ნიკოლოზ გორგაძე.
მოგეხსენებათ, აღნიშნულ სფეროში ხშირად იყენებენ ბარბარიზმებსა და ჟარგონებს, gear.ge-ის ჯგუფი აღნიშნული კუთხითაც განსხვავებულია და ცდილობს, რომ ქართულ ენაზე გადასცეს ინფორმაცია, განსხვავებით სხვა მსგავსი კომპანიებისგან.
„ავტომობილები ჩემი ბავშვობის გატაცება იყო და ყოველთვის მინდოდა, რაღაც გამეკეთებინა არ მიმართულებით. ნიკოლოზთან ამ თემაზე საუბრის შემდეგ, გადავწყვიტეთ, რაიმე ახალი წამოგვეწყო. ტესტდრივები ცოტა სხვა სტილით მიგვეტანა მაყურებლამდე. საქართველოში ხალხს უფრო აინტერესებს მანქანის შესაძლებლობები, მოძრაობა, ექსტრემი და ნაკლებად – რომელი ღილაკი რა ფუნქციას ასრულებს. ფორმატი გათვლილია ყველა ასაკის მაყურებლისათვის“, – აღნიშნავს გარი იაგუტიანი.
„Gear.ge გახდება ის სივრცე, სადაც შეგიძლიათ მიიღოთ ყველაფერი, რაც თქვენს ავტომობილს სჭირდება“, – ამბობს ნიკოლოზ გორგაძე.
Gear.ge-ის დამფუძნებლების თქმით, სამომავლოდ არაერთი გეგმა აქვთ, რათა მოიზიდონ სპონსორები და საზოგადოებას კიდევ უფრო მრავალფეროვანი სივრცე შესთავაზონ.