close

აღსანიშნავია, რომ ბოლო ათწლეულების მანძილზე ბავშვების მიერ გართობის მიზნით ტექნოლოგიების გამოყენების რიცხვმა საგრძნობლად იმატა.  თუმცა ეს არც არის გასაკვირი, ჩვენი საუკუნე ხომ  მზარდი ტექნოლოგიური განვითარების ხანაა. როგორც ყველაფერს, ტექნიკის გავლენასაც აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. ამ საკითხის შესახებ საკმაოდ ბევრი სტატია დაიწერა, მკვლევართა ერთი ნაწილი ბავშვის განვითარებაზე ტექნიკის დადებით გავლენას უსვამს ხაზს,  მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ მისი ხშირი გამოყენება აფერხებს განვითარების პროცესს.

პედიატრისა და ბავშვთა თერაპევტის –  კრის როუანის სტატიის მიხედვით, ტექნიკისადმი მიჯაჭვულობა აშორებს ბავშვს საზოგადოებას, ამას მოჰყვება ფსიქოლოგიური და ქცევითი დარღვევების რისკის ზრდა, რასაც ხშირად თან ახლავს ფსიქოტროპული პრეპარატების მიღება.

დროა – მშობლები, პედაგოგები, ჯანდაცვის სამინისტრო, მთავრობა და ტექნოლოგიების მწარმოებელი კორპორაციები გაერთიანდნენ, რათა გააკონტროლონ ბალანსი ჯანსაღ აქტივობებსა და ტექნიკის გამოყენებას შორის. „გზა, რომლითაც ჩვენს შვილებს ტექნოლოგიის დახმარებით ვზრდით და ვაძლევთ განათლებას,  აღარ არის მდგრადი“ – წერს როუანი.

კვლევების მიხედვით, ტელევიზორისა და ვიდეო თამაშების მომხმარებელ ბავშვთა გასუქების რისკი 60%-ით იზრდება, რაც დღესდღეობით ჩრდილოეთ ამერიკის ეპიდემიად ითვლება (Tremblay M 2005, Strauss R 2001).

გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ესპანელენოვანი ბავშვების 70%-ს საძინებელ ოთახში აქვთ ტელევიზორი, რაც 30%-ით ზრდის მათი გასუქების რისკს, ტელევიზორთან გატარებული დრო ზრდის ფასტ-ფუდის მიღების რაოდენობას (Feng et. Al, 2011).

ამასთანავე, ტექნოლოგიებისა და სატრანსპორტო საშუალებების სწრაფმა განვითარებამ  საზოგადოების ინტენსიურად მჯდომარე,  უმოძრაო რეჟიმზე გადასვლა გამოიწვია (Nelson M 2006).

განვითარების პროცესში ბავშვს  დღეში 2-3 საათი აქტიური თამაში ესაჭიროება, რათა ვესტიბულარული, ტაქტილური და სხვა სისტემათა ადეკვატური სტიმულაცია მოხდეს (National Association for Sport and Physical Education 2002). სენსორული აქტივობის ეს ტიპი უზრუნველყოფს პოზის, ორმხრივი კოორდინაციისა და ოპტიმალური აგზნების,სტიმულირების ნორმალურ განვითარებას, რაც საჭიროა ბეჭდვისა და წერა-კითხვის უნარების ათვისებისთვის (Schaff R 2007, Braswell J 2006, Rine R, 2004).

მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ აქტიური ვიდეო თამაშისას არ დაფიქსირდა ფიზიკური აქტივობა, შესაძლოა ამის მიზეზი იყოს ის, რომ ბავშვები თამაშის პროცესში მინიმალურ ძალისხმევას ავლენდნენ და/ან  დღის დანარჩენი დროის განმავლობაში ნაკლებს ვარჯიშობდნენ (Baraknowski et. Al, 2012).

სხვა კვლევების მიხედვით, მშობელთა და ბავშვთა უმეტესი ნაწილი მათ ცხოვრებაში კომპიუტერისა და ინტერნეტის გამოჩენას დადებითად აფასებენ, მიუხედავად საზოგადოების შეშფოთებისა ინტერნეტში შეუსაბამო კომერციული, სექსუალური და ძალადობის შემცველი შინაარსის მასალების არსებობისა და ხელმისაწვდომობის გამო. მშობელთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ინტერნეტს შეუძლია დაეხმაროს მათ შვილებს საშინაო დავალებების შესრულებაში, აძლევს საშუალებას აღმოაჩინონ მათთვის საინტერესო და სასარგებლო მასალები,აქტივობები. მათი აზრით, კომპიუტერის არმქონე ბავშვები ბევრად არახელსაყრელ მდგომარეობაში არიან, კომპიუტერის მქონე ბავშვებთან შედარებით (http://www.futureofchildren.org).

პატარები დაბადებიდან 8 წლამდე საკმაოდ სწრაფად ითვისებენ და სწავლობენ გარემოს სენსორული შეგრძნებების, თამაშისა და კვლევის დახმარებით.

დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მართალია კომპიუტერი ვერ ჩაანაცვლებს ადამიანურ ურთიერთობებს, ერთად კითხვის პროცესს ან საუბარს; ასევე შესაძლოა მან უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს, თუმცა სწორი გამოყენებით, ის შესაძლოა გახდეს ერთგვარი კატალიზატორი ადამიანთა შორის ინტერაქციის პროცესში, დაეხმაროს ბავშვის სამეტყველო და კოგნიტური სფეროს განვითარებას. მთავარია მისი სწორი და ზომიერი გამოყენება.

გამომდინარე იქიდან, რომ კვლევის ჰიპოთეზა ეხება იმპრესიულ მეტყველებას, საჭიროა, ამ საკითხის მიმოხილვა.

 

მასალა მოამზადა:  ნინო თოფურიამ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid