close
ფსიქოლოგია

ბავშვის განვითარების თეორია ფროიდის მიხედვით

,,დოქტრინა” გთავაზობთ ბავშვის განვითარების თეორიას ზიგმუნდ ფროიდის სწავლების მიხედვით:

 

ორალური სტადია (0-1 წელი):  ორალური სტადია იმით ხასიათდება, რომ სიამოვნების და, შესაბამისად, პოტენციური ფრუსტრაციის ძირითადი წყარო კვებასთან დაკავშირებულ აქტიობის ზონაზეა კონცენტრირებული. ორალური სტადია ორი ფაზისგან შედგება – ადრეული და გვიანდელი, რომლებიც ცხოვრების პირველ და მეორე ნახევარწლებს მოიცავენ. ის ხასიათდება ორი თანმიმდევრული ლიბიდოზური მოქმედებით (წოვა და კბენა). ამ სტადიაზე წამყვანი ეროგენული ზონა პირია – კვების, წოვის და საგნების პირველადი კვლევის იარაღი. ფროიდის მიხედვით წოვა ბავშვის სექსუალური გამოვლინების ტიპია. ჩვილს, რომ საკუთარი განცდების გამოხატვა შეეძლოს ის იტყოდა, რომ ,,დედის ძუძუს წოვა ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა ცხოვრებაში”.
თავდაპირველად წოვა საკვებით ტკბობასთანაა დაკავშირებული. მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ წოვა ლიბიდოზურ მოქმედებად იქცევა, რომლის საფუძველზედაც ხდება ,,იგი”-ს ინსტინქტების დამაგრება. ბავშვი ხანდახან საკვების არარსებობის შემთხვევაშიც წოვს მაგ., თავის ცერა თითს. სიამოვნების ეს ტიპი ფროიდის სწავლებაში სექსუალურ სიამოვნებას ემთხვევა და თავისი დაკმაყოფილების საგანს საკუთარი სხეულის სტიმულირებაში პოულობს. ამიტომ ამ სტადიას ის ავტოეროტიულს უწოდებს. ფროიდი თვლიდა, რომ სიცოცხლის პირველ 6 თვეში ბავშვი თავის შეგრძნებებს ვერ გამოჰყოფს მათი გამომწვევი ობიექტისაგან. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ბავშვის სამყაროში ობიექტები არ არსებობს. ბავშვი ცხოვრობს პირველყოფილი ნარცისიზმის მდგომარეობაში და სამყაროში სხვა ობიექტების არსებობას ვერ აცნობიერებს. გლობალური ბაზისული ნარცისული მდგომარეობა ძილია, როდესაც ჩვილი სითბოს გრძნობს და არავითარი ინტერესი არ გააჩნია გარემომცველი სამყაროსადმი. ჩვილობის ასაკის მეორე ფაზაში ბავშვს სხვა (დედის), როგორც მისგან დამოუკიდებელი ობიექტისადმი, ეწყება ინტერესის ფორმირება. შეიძლება შევამჩნიოთ, რომ ბავშვი აფორიაქებულია, როდესაც დედა მიდის ან როდესაც მის ადგილს უცნობი ადამიანი იკავებს.
ფროიდის მიხედვით ადამიანის მუცლად ყოფნის პერიოდი სხვა ცხოველებთან შეფარდებით შემოკლებულია. ქვეყანას ის ნაკლებად მომზადებული ევლინება ვიდრე სხვა ცხოველები. ამის გამო ძლიერდება რეალური გარე სამყაროს გავლენა, ვითარდება ,,მე”-ს და ,,იგი”-ს დიფერენციაცია, იზრდება საფრთხეები გარემომცველი სამყაროს მხრიდან და განუსაზღვრელად იზრდება იმ ობიექტის მნიშვნელობა, რომელსაც ამ საფრთხეებისაგან მისი დაცვა შეუძლია და თითქოს ჩვილს მუცლადყოფნის დაკარგულ პერიოდს უნაზღაურებს. ეს ობიექტი დედაა. დედასთან ბიოლოგიური კავშირი იწვევს იმის მოთხოვნილებას, რომ უყვარდეთ, რაც შემდგომში არასდროს არ ტოვებს ადამიანს. ცხადია, დედას პირველივე მოთხოვნაზე არ შეუძლია ჩვილის ყველა სურვილის დაკმაყოფილება. ყველაზე სრულყოფილი მოვლის დროსაც კი შეზღუდვები გარდაუვალია. სწორედ ეს შეზღუდვები წარმოადგენენ ობიექტის დიფერენცირების, გამოყოფის წყაროს. ამრიგად, ფროიდის შეხედულებების მიხედვით, სიცოცხლის დასაწყისში შინაგანსა და გარეგანს შორის განსხვავებულობა მიიღწევა არა ობიექტური რეალობის აღქმით, არამედ სხვა ადამიანის მოქმედებებთან დაკავშირებული სიამოვნებებისა და უსიამოვნებების განცდით.
ორალური სტადიის მეორე ნახევარში კბილების გაჩენასთან ერთად წოვას კბენა ემატება, რაც მოქმედებას აგრესიულ ხასიათს აძლევს და ბავშვის ლიბიდოზურ მოთხოვნილებას აკმაყოფილებს. დედა ბავშვს მკერდზე კბენის საშუალებას არ აძლევს. ამრიგად სიამოვნებისკენ სწრაფვა რეალობასთან კონფლიქტში მოდის. ფროიდის მიხედვით ახალშობილს ,,მე” არ გააჩნია. ეს ფსიქიკური ინსტანცია თანდათანობით დიფერენცირდება მისი ,,იგი”-სგან. ,,მე” ინსტანცია რალური სამყაროს პირდაპირი გავლენით მოდიფიცირებული ,,იგი”-ს ნაწილია. ,,მე” ინსტანციის ფუნქციონირება დაკავშირებულია პრინციპთან ,,დაკმაყოფილების არ არსებობის დაკმაყოფილება”. როგორც ავღნიშნეთ ბავშვის მიერ გარე სამყაროს საგნების პირველი შეცნობა დედის საშუალებით ხდება. დედის არყოფნის შემთხვევაში ბავშვი განიცდის დაუკმაყოფილებლობის მდგომარეობას და ამის გამო იწყებს დედის ცნობას, გამოყოფას, რადგან დედის არყოფნა მისთვის პირველ რიგში სიამოვნების არქონაა. ამ სტადიაზე ჯერ კიდევ არ არსებობს ,,ზე-მე” ინსტანცია და ბავშვის ,,მე” მუდმივი კონფლიქტის მგომარეობაშია მის ,,იგი”-სთან. განვითარების ამ სტადიაზე ბავშვის სურვილების, მოთხოვნილებების დაკმაყოფილების დანაკლისი ერთგვარად ,,ყინავს” ფსიქიკური ენერგიის გარკვეულ ნაწილს, ხდება ,,ლიბიდოს” ფიქსაცია, რაც წინ ეღობება შემდგომ ნორმალურ განვითარებას. ბავშვი, რომელიც ვერ იღებს თავისი ორალური მოთხოვნილებების საკმარის დაკმაყოფილებას, იძულებულია ეძებოს ჩანაცვლება მათი დაკმაყოფილებისთვის და ამის გამო ვერ გადადის გენეტიკური განვითარების შემდგომ სტადიაზე.
ზ.ფროიდის ამ იდეებმა ბიძგი მისცა ბავშვის კრიტიკული პერიოდების შესწავლას, რომელთა განმავლობაში იქმნება ხელსაყრელი პირობები ასაკისათვის დამახასიათებელი გენეტიკური ამოცანების გადასაჭრელად. თუ ეს ამოცანები არ იჭრება მაშინ ბავშვს გაცილებით უძნელდება მომდევნო ასაკობრივი პერიოდების ამოცანების გადაჭრა.
ორალურ სტადიაზე ადამიანის ლიბიდოს ფიქსაციისას ფროიდის აზრით ყალიბდება პიროვნების ზოგიერთი თვისება: გაუმაძღობა, სიხარბე, მომთხოვნელობა, ყოველივეთი უკმაყოფილება. მისი წარმოდგენით უკვე ორალურ სტადიაში ადამიანები იყოფა ოპტიმისტებად და პესიმისტებად.
ანალური სტადია (1-3 წელი), ისევე როგორც ორალური, ორი ფაზისაგან შედგება. ამ სტადიაზე ლიბიდო ანუსის ირგვლივაა კონცენტრირებული და სიფაქიზის მიჩვევის პერიოდში ბავშვის ყურადღების ობიექტი ხდება. ეხლა ბავშვის სექსუალურობა თავისი დაკმაყოფილების ობიექტს დეფეკაციის, გამოყოფის ფუნქციების დაუფლებაში პოულობს. აქ ბავშვი მრავალ აკრძალვას აწყდება და ამიტომ გარე სამყარო მისთვის იმ ბარიერის შინაარსს იძენს, რომელიც მან უნდა გადალახოს. შესაბამისად ამ დროს განვითარება კონფლიქტურ ხასიათს იძენს. ამ სტადიაზე ბავშვის ქცევასთან დაკავშირებით შეიძლება ვთქვათ, რომ ,,მე” ინსტანცია სრულადაა ჩამოყალიბებული და მას შეუძლია ,,იგი”-ს იმპულსების მართვა. ბავშვის ,,მე” ტკობისაკენ მისწრაფებასა და რეალობას შორის წარმოშობილი კონფლიქტების მოგვარებასა და კომპრომისების პოვნას სწავლობს. სოციალური ძალდატანება, მშობლებისაგან დასჯა, მათი სიყვარულის დაკარგვის შიში, აიძულებს ბავშვს გონებაში წარმოიდგინოს, მოახდინოს ზოგიერთი აკრძალვის ინტერიორიზაცია. ასე იწყება ბავშვის ,,მე”-ს ნაწილის – ,,ზე-მე”-ს, ჩამოყალიბება, რომელშიც ძირითადად ავტორიტეტებია წარმოდგენილი, მშობლებისა და იმ მოზრდილი ადამიანების გავლენაა მოცემული, რომლებიც აღმზრდელების რანგში ბავშვის ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. ფსიქოანალიტიკოსების აზრით ანალურ სტადიაზე ყალიბდება ხასიათის ისეთი თვისებები, როგორებიცაა: აკურატულობა; სიფაქიზე; პუნქტუალობა; სიჯიუტე; დაფარულობა; აგრესიულობა; დამგროვებლობა; ეკონომიურობა; კოლექციონირებისაკენ მიდრეკილება; ყველა ეს თვისება ბავშვის სხვადასხვაგვარი დამოკიდებულების შედეგია იმ ბუნებრივი, სხეულებრივი პროცესებისადმი, რომლებიც ჯერ კიდევ განვითარების მეტყველებამდელ დონეზე, სიფაქიზის მიჩვევის პერიოდში, მისი ყურადღების ობიექტს წარმოადგენდნენ.
ფალიკური სტადია (3-5 წელი) ბავშვური სექსუალურობის უმაღლეს საფეხურს ახასიათებს. წამყვან ეროგენულ ზონებს გენიტალური ორგანოები წარმოადგენენ. ამ სტადიამდე ბავშვური სექსუალურობა აუტოეროტიული იყო, ეხლა კი ის გასაგნდა, ანუ ბავშვები განიცდიან სექსუალურ მიკედლებულობას მოზრდილებისადმი. პირველი ადამიანები, რომლებიც ამ თვალსაზრისით ბავშვის ყურადღებას იქცევენ მშობლებია. საწინააღმდეგო სქესის მშობლისადმი ლიბიდოზურ მიკედლებულობას ზ.ფროიდმა ბიჭებისთვის ოიდიპოსის, ხოლო გოგონებისთვის ელექტრას კომლექსი უწოდა და განსაზღვრა ისინი, როგორც საწინააღმდეგოს სქესის მშობლისადმი ბავშვის მოტივაციურ-აფექტური დამოკიდებულება. ბერძნულ მითში მეფე ოიდიპოსზე, რომელმაც მოკლა მამა და ცოლად შეირთო დედა, ფროიდის აზრით ჩადებულია სექსუალური კომლექსის გასაღები: ბიჭები განიცდიან დედისადმი ლტოლვას, აღიქვამენ მამას, როგორც მეტოქეს, რაც ერთდროულად მათში სიძულვილსაც იწვევს და შიშსაც. ოიდიპოსის კომლექსის გადაჭრა, ანუ კომლექსისაგან გათავისუფლება ფალიკური სტადიის ბოლოს კასტრაციის შიშის გავლენით ხდება, რაც ფროიდის აზრით აიძულებს ბიჭებს უარი თქვან დედისადმი სექსუალურ ლტოლვაზე და მოახდინონ საკუთარი თავის მამასთან იდენტიფიცირება. ამ კომპლექსის გამოძევების საფუძველზე მთლიანად დიფერენცირდება ინსტანცია ,,ზე-მე”. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი ბავშვის ფსიქიკური განვითარებისთვის ოიდიპოსის კომპლექსის გადალახვა. ამრიგად ფალიკური სტადიის ბოლოს სამივე ფსიქიკური ინსტანცია ჩამოყალიბებულია და მუდმივ კონფლიქტის მდგომარეობაში იმყოფება ერთმანეთთან. მთავარ როლს ,,მე” ინსტანცია ასრულებს. ის ინახავს წარსულის მოგონებებს, მოქმედებს რეალისტური აზროვნების საფუძველზე. თუმცა ამ ინსტანციას ეხლა ერთდროულად ორ ფრონტზე უწევს ბრძოლა: ,,იგი”-ს დამანგრეველი პრინციპებისა და ,,ზე-მე”-ს სიმკაცრის წინააღმდეგ. ამ პირობებში წარმოქმნილი შფოთვის მდგომარეობა ბავშვისთვის სიგნალია, რომელიც აფრთხილებს მას შინაგანი და გარეგანი საფრთხეების თაობაზე. ამ ბრძოლაში ,,მე”-ს დაცვის მექანიზმები გამოდევნა და სუბლიმაცია ხდება. ზ.ფროიდის მიხედვით ბავშვის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდებო 5 წლამდე სრულდება. სწორედ ამ პერიოდში ყალიბდება პიროვნების მთავარი სტრუქტურები. ფროიდის მიხედვით ფალიკური სტადია ხელს უწყობს პიროვნების ისეთი თვისებების ჩამოყალიბებას, როგორებიცაა: თვითდაკვირვება; კეთილგონიერება; რაციონალური აზროვნება, მოგვიანებით კი მამაკაცური ქცევის უტრირება გაძლიერებული აგრესიით.
ლატენტური სტადია (5-12 წელი) სქესობრივი ინტერესის დაქვეითებით ხასიათდება. ,,მე” ფსიქიკური ინსტანცია მთლიანად აკონტროლებს ,,იგი”-ს მოთხოვნილებებს. სექსუალური მიზნისგან მოწყვეტილი ლიბიდოს ენერგია მეცნიერებაში და კულტურაში არსებულ ზოგადსაკაცობრიო გამოცდილების ათვისებაზე გადადის, ოჯახური წრის გარეთ თანატოლებთან და მოზრდილებთან მეგობრული ურთიერთობები მყარდება.
გენიტალური სტადია (12-18 წელი) ხასიათდება ბავშვური სექსუალური მისწრაფებების დაბრუნებით. ყველა ყოფილი ეროგენული ზონა ერთიანდება და მოზარდი ზ.ფროიდის აზრით ერთი მიზნისაკენ – ნორმალური სექსუალური ურთიერთობისკენ მიისწრაფის. თუმცა ნორმალური სექსუალური ურთიერთობის განხორციელება შეიძლება გაძნელებული იყოს და მაშინ გენიტალური სტადიის განმავლობაში შეიძლება დავაკვირდეთ განვითარების რომელიმე წინამორბედი სტადიის მიმართ ფიქსაციის ან რეგრესიის ფენომენს ამ სტადიებისთვის დამახასიათებელი ყველა თავისებურებით. ამ სტადიაზე ,,მე” ინსტანცია კვლავ უნდა ებრძოლოს ხელახლა გამოვლენილ ,,იგი”-ს აგრესიულ იმპულსებს. ასე მაგ., ამ ეტაპზე შეიძლება კვლავ წარმოიქმნას ოიდიპოსის კომპლექსი, რომელიც მოზარდს ჰომოსექსუალიზმისკენ, ურთიერთობისთვის თავისევე სქესის პირების არჩევისკენ უბიძგებს. ,,იგი”-ს აგრესიულ იმპულსებს რომ ებრძოლოს ,,მე” ინსტანცია დაცვის ორ ახალ მექანიზმს იყენებს. ესენია ასკეტიზმი და ინტელექტუალიზაცია. ასკეტიზმი შინაგანი აკრძალვების დახმარებით ამუხრუჭებს ამ ფენომენს, ხოლო ინტელექტუალიზაციას ის წარმოსახვამდე დაჰყავს და მოზარდს ამ აკვიატებული სურვილებისაგან განთავისუფლების საშუალებას აძლევს.
როდესაც ბავშვი მოზრდილი ხდება მისი ხასიათი ,,მე”-ს, ,,იგი”-სა და ,,ზე-მე”-ს განვითარების და ურთიერთქმედების პროცესებით განისაზღვრება. ფროიდის მიხედვით, ნორმალური განვითარება სუბლიმაციის მექანიზმით ხორციელდება, ხოლო განვითარება, რომელიც გამოდევნის, რეგრესიის ან ფიქსაციის მექანიზმით ხორციელდება, პათოლოგიურ ხასიათებს წარმოშობს.
აღწერილია ამ სტადიაზე ჩამოყალიბებული ყველაზე მკვეთრად გამოხატული ხასიათის ორი ტიპი: ფსიქიკური ჰომოსექსუალიზმი და ნარცისიზმი. ფსიქოანალიზში ფსიქიკურ ჰომოსექსუალიზმს ყოველთვის არ განიხილავენ როგორც უხეშ სქესობრივ გაუკუღმართებას. ის შეიძლება ქცევის ისეთი ფორმები იყოს, რომელშიც სხვა სქესის მიმართ სიყვარული ჩანაცვლებულია ამხანაგური მიკედლებულობით, მეგობრობით, თავისივე სქესის პირთა გარემოცვაში საზოგადოებრივი საქმიანობით. ასეთი ადამიანები თავის ცხოვრებასა და ქცევაში ოჯახზე წინ საზოგადოებას აყენებენ და თავისივე სქესის ადამინთა კომპანიაში მჭიდრო სოციალურ კავშირებს ქმნიან. სექსუალური ხასიათის მეორე ტიპი ნარცისიზმია. ის იმით ხასიათდება, რომ პიროვნების ლიბიდო თითქოს გამოყოფილია ობიექტისაგან და საკუთარი თავისკენაა მიმართული. ნარცისული პიროვნება თავს საკუთარი სექსუალური ზრახვების ობიექტად განიხილავს. მისთვის სიამოვნების გარე ობიექტები მეორე პლანზეა გადანაცვლებული და მთავარი ადგილი თვითდაკმაყოფილებას და თვითკმაყოფილებას უჭირავს. მსგავსი ხასიათები ყურადღებას, მოქმედებებს, განცდებს უპირატესად თავისივე თავისკენ მიმართავენ.


საინტერესოა რაში მდგომარეობს თანამედროვე ფსიქოლოგიაზე .ფროიდის უდიდესი გავლენის საიდუმლო?
უპირველეს ყოვლისა, ეს განვითარების დინამიკური კონცეფციაა, მეორე რიგში კი თეორია, რომელმაც გვიჩვენა, რომ ადამიანის განვითარებისთვის მნიშვნელობა სხვა ადამიანს აქვს და არა საგნებს, რომლებიც მას გარს აკრავს. თანამედროვე ამერიკელი ფსიქოლოგების ჯ.უოტსონისა და გ.გიდგრენის სიტყვებით, ფროიდმა თავის საუკუნეს გაუსწრო და დარვინის მსგავსად თავისი დროის საღი აზრის ვიწრო, რიგიდული საზღვრები მოშალა, რითაც გზა გაუკვალა ადამიანის ქცევის შესწავლის თეორიას. ზ.ფროიდის მოძღვრების არაჩვეულებრივი განვითარებაიმ – და ჩვენ არ შევცდებით თუ ამ თეორიას წარმატებულს ვუწოდებთ – წერდა ფროიდის თანამედროვე ოსვალდ ბიუმკე – მხოლოდ იმიტომ გახდა შესაძლებელი, რომ ოფიციალური მეცნიერება ასე შორსაა რეალობისგან; როგორც ჩანს მან ისე მცირედი იცოდა ჭეშმარიტ სულიერ განცდებზე, რომ ,,სულიერ ცხოვრებაზე” რაიმეს გაგების მსურველს პურის მაგიერ ქვას აწოდებდა”. `ძველი, ,,მოზაიკური” ექსპერიმენტალური ფსიქოლოგია სულიერი ცხოვრების მხოლოდ ცალკეულ ელემენტებს სწავლობდა და სავსებით არ აინტერესებდა რეალური ადამინის პიროვნებასთან მათი ფუნქციონალური ერთობის საკითხი; ის თითქმის არ სწავლობდა მის საქციელს, ქცევებს, რთულ განცდებსა და დინამიკას”– წერდა ა.ლურია.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid