საქართველო ყოველთვის მიიჩნეოდა მეღვინეობის კულტურის საწყისად, თუმცა, როგორც ჩანს, უკანასკნელმა კვლევებმა ეს მოსაზრება კიდევ უფრო გააღრმავა და თემა კვლავ მრავალი მნიშვნელოვანი გამოცემის ყურადღების ცენტრში მოექცა, მათ შორის, საქართველოში ბოლო დროს აღმოჩენილი თიხის ჭურჭლის შესახებ წერს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ბრიტანული მაუწყებელი – BBC.
მეცნიერები მიიჩნევენ, რომ საქართველოში აღმოჩენილი, 8000 წლის წინანდელი თიხის ჭურჭელი ღვინის დამზადების უძველესი ტრადიციის მაჩვენებელია. აღნიშნული ჭურჭელი ქვეყნის დედაქალაქის სამხრეთ ნაწილში, ორ უბანშია აღმოჩენილი და ზოგიერთ მათგანზე გამოსახულია ყურძნის მტევნები და მოცეკვავე ადამიანები. ამ აღმოჩენამდე მეღვინეობის უძველესი ტრადიციის მტკიცებულებად მეცნიერები, როგორც წესი, ირანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ნაპოვნ თიხის ჭურჭელს მიიჩნევდნენ.
უკანასკნელი კვლევა ახლახან გამოქვეყნდა მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის (PNAS) მიერ, ,,ჩვენ გვჯერა, რომ ეს არის გარეული ჯიშის ყურძნით ღვინის წარმოების უძველესი მაგალითი, ღვინოს ცენტრალური ადგილი ეჭირა დასავლეთის ქვეყნების განვითარებაში, მას იყენებდნენ მედიცინაში, ყოველდღიურ სასმელად, გონებრივი მდგომაროების შესაცვლელად და მიიჩნევდნენ მაღალკვალიფიციურ საქონლად. ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ღვინო რელიგიური კულტების, ფარმაკოპეის, სამზარეულოს, ქვეყნის ეკონომიკისა და ზოგადად საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა” – განაცხადა ტორონტოს უნივერსიტეტის უფროსმა მკვლევარმა, სტეფან ბატიუკმა.
თიხის ჭურჭელი აღმოჩენილია ორ ნეოლითურ სოფელში, რომელთაც ეწოდება – გადაჭრილი გორა და შულავერის მთა, აღნიშნული ტერიტორიები თბილისიდან 50 კმ-ის მოშორებით მდებარეობს. ღვინის სითხის ქიმიური ნიშნები 8 ქილაში აღინიშნება, უძველესი მათგანი ქრ. შ-მდე 5980 წლით თარიღდება. გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს ეროვნული მუზეუმის ხელმძღვანელი – დავით ლორთქიფანიძე აქტიურად მონაწილეობდა კვლევის წარმოებაში.
ბატიუკი მიიჩნევს, რომ იმ პერიოდშიც ღვინის დამზადების სწორედ ისეთი ტრადიცია არსებობდა, როგორიც დღეს, უპირველეს ყოვლისა, წურავდნენ ყურძენს და ხილს, ამასთან ერთობლივად აფერმენტირებდნენ მცენარის ღეროსა და თესლსაც. ხოლო რაც შეეხება ირანის აღმოჩენებს, ზაგროსის მთებში აღმოჩენილი ჭურჭელი უკანასკნელ კვლევამდე ღვინის წარმოების უძველესიი მტკიცებულებად მიიჩნეოდა და ისინი ქრ. შ-მდე 5400 – 5000 წწ-ებით თარიღდება.
2011 წელს ღვინის დაწურვის და ფერმენტაციისთვის საჭირო, 6000 წლის წინანდელი, ჭურჭელი აღმოაჩინეს სომხეთის ქვაბულშიც. ზოგადად ღვინის წარმოებას რაც შეეხება, გამოცემამ დასასრულს აღნიშნა, რომ ყურძნის გარდა, მსოფლიოში ამ სითხის უძველესი წარმოება ხდებოდა ჩინეთშიც, უკვე დაახლოებით ქრ.შ-მდე 7000 წელს და ამისთვის აქ ბრინჯს, თაფლსა და ხილს იყენებდნენ.
წყარო: BBC
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”