close
განათლებასაქართველო

ბიბლიოთეკა ღია ცის ქვეშ – თბილისის ქუჩებში ელექტრონული ბიბლიოთეკების განთავსება დაიწყო

 ელექტრონულ წიგნებზე მოთხოვნა ნელ-ნელა იზრდება, საუბრობენ იმაზეც, რომ მალე ბეჭდური წიგნები ისეთივე იშვიათობა გახდება, როგორც, მაგალითად, შუმერული თიხის ფირფიტები და ეგვიპტური გრაგნილები. ბევრის თქმით, მოუხერხებელია მძიმე წიგნების ტარება, თანაც, როგორც წესი, დაბეჭდილი წიგნები გაცილებით ძვირია. ელექტრონული წიგნების უპირატესობებზე საუბრისას, უპირველეს ყოვლისა, აღნიშნავენ კომპაქტურობას, განათებას (სიბნელეში წასაკითხად), აგრეთვე, დიდ მეხსიერებას, რაც შესაძლებლობას გვაძლევს, რომ ასობით წიგნი მოვათავსოთ ერთ სივრცეში. აღსანიშნავია ისიც, რომ უამრავი ხე იჭრება ქაღალდის დასამზადებლად, ელექტრონული წიგნები კი შეამცირებს მათს რიცხვს, ეს კი ერთ-ერთი წინაპირობაა ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებისა.

,,ქალაქი-ბიბლიოთეკა“ – თბილისის ქუჩებში ელექტრონული ბიბლიოთეკების მოწყობა დაიწყო. როგორც ცნობილია, 50 ქუჩაზე, მუზეუმებთან, მეტროპოლიტენსა და სკვერებში ელექტრონული ბიბლიოთეკების განთავსება აპრილისთვის დასრულდება. თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმა, ნუცა აბაშიძემ, „დოქტრინასთან“ საუბრისას განაცხადა, რომ 50 მწერლის სახელობის ქუჩაზე მათი ნაწარმოებების ელექტრონული ბიბლიოთეკები უკვე დამონტაჟდა. პროექტს ახორციელებს ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“, თბილისის მერია და პრეზიდენტის ფონდი. აღნიშნული სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტი ხელს უწყობს საზოგადოების წიგნიერების დონის ამაღლებასა და კითხვის, როგორც ტექსტთან ურთიერთობის ხელოვნების, პოპულარიზაციას.

როგორ შეძლებთ წიგნების ჩამოტვირთვას? – ქუჩაში განთავსებული ელექტრონული ბიბლიოთეკის დაფებზე გამოსახულია QR კოდი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია  წიგნების ჩატვირთვა ელექტრონულ მოწყობილობაში (კონსტრუქციაზე გამოსახულია  ნაწარმოებების ჩამონათვალი). მთავარია, იყოთ Saba Reader-ის მომხმარებელი, აღნიშნული აპლიკაციის საშუალებით წაიკითხავთ წიგნებს ინტერნეტის გარეშე Mac,  Windows,  Android და iOS სისტემების საშუალებით.

გამოხმაურება არაერთგვაროვანია, თუმცა უმეტესობა ინიციატივას დადებითად აფასებს.

„სასიამოვნო და საინტერესო წამოწყებაა ნამდვილად, უბრალოდ, ჩემი აზრით, ბევრი არ გამოიყენებს, რადგან ისეთი ნაწარმოებებია, რომლებიც უმეტესობამ უკვე იცის და ხელმისაწვდომია. კარგი იქნება თუ უცხო წიგნებიც დაემატება,” –  აღნიშნავს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი –  ქრისტინა სურგულაძე.

როგორც ცნობილია, ელექტრონული ბიბლიოთეკები სულ 300-მდე ადგილას განთავსდება. აღსანიშნავია, რომ წიგნები სრულიად უფასო იქნება საზოგადოებისთვის.

 

მასალა მოამზადა: ნინი მშვენიერიძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid