ბულგარეთმა კოსმოსში პირველი გეოსტაციონარული საკომუნიკაციო თანამგზავრი გაუშვა, ამის შესახებ ოპერატორმა ,,Bulsatcom- მა” შაბათს განაცხადა.
თანამგზავრი BulgariaSat-1, რომელიც ევროპასა და ჩრდილოეთ აფრიკაში სატელევიზიო და საკომუნიკაციო მომსახურებას უზრუნველყოფს, კომპანია SpaceX-მა ფლორიდაში მდებარე ნასას კენედის კოსმოსური ცენტრიდან პარასკევს გაუშვა.
თანამგზავრის გამოყენება შესაძლებელია ფორსმაჟორულ სიტუაციებში – ბუნებრივი კატასტროფების დროს, როგორიცაა: მიწისძვრა, ქარიშხალი და წყალდიდობა, როდესაც მიწისზედა ქსელები არ ფუნქციონირებს.
,,როდესაც 10 წელზე მეტი ხნის წინ ეს კოსმოსური პროექტი დავიწყეთ, ვიცოდით, რომ ის, რაც მისი წარმატებით დასრულებისთვის იყო საჭირო – მოთმინება, ვალდებულება და ძლიერი გუნდი იყო. BulgariaSat-1-ის ამოქმედებით ერთერთი წამყვანი კოსმოსური ქვეყანა გავხდით ევროპაში და გზა გავუხსენით ბულგარეთის მაღალტექნიკური სექტორისა და ნიჭიერი სპეციალისტების განვითარებას,” – განაცხადა Bulgaria Sat and Bulsatcom-ის აღმასრულებელმა დირექტორმა – მაიკლ ზაიკოვმა.
თანამგზავრი დედამიწის ზემოთ 36 000 კმ-ზე ორბიტაზეა განთავსებული და მისი მოქმედების ვადა 20 წელია. მომავალი ერთი თვის მანძილზე მიწისქვეშა საკონტროლო ოთახი აუცილებელ ტესტებსა და პარამეტრებს განახორციელებს, რათა თანამგზავრი მაუწყებლობისთვის მოამზადონ.
Bulsatcom-მა $235 მილიონიანი პროექტის დაფინანსება შეერთებული შტატების ექსპორტ-იმპორტ ბანკისა და ევროპული ბანკების კონსორციუმისგან მიიღო.
წყარო: Reuters
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”