close

ანალიტიკა

ანალიტიკაეს საინტერესოაისტორიაკულტურა

აფხაზური დამწერლობა და ენის თავისებურებები

საკითხი, თუ როდის წარმოიშვა აფხაზური დამწერლობა, საკამათოა. ზოგი რუსი და აფხაზი მეცნიერი ვარაუდობს, რომ აფხაზური დამწერლობა ძველ დროში არსებობდა. მეცნიერთა უმრავლესობა კი ამ აზრს არ იზიარებს. ისინი მიიჩნევენ, რომ დამწერლობა აფხაზურ ენაზე პირველად გაჩნდა XIX ს-ის მეორე ნახევარში.

ჩვენს საზოგადოებში ფართოდაა გავრცელებული მოსაზრება, თითქოს აფხაზურ ენაში არ არსებობს „ზღვისა“ და „ნავის“ გამომხატველი ტერმინები. აქედან კეთდება დასკვნა, რომ აფხაზები ისე ცოტა ხნის წინ არიან ჩამოსულები ზღვის სანაპიროზე, რომ ჯერ მისი სახელიც ვერ გამოუთქამთო. არ ვიცი პირველად ვინ მოიგონა ეს ყალბი „არგუმენტი“. თუმცა, უბრალო ლოგიკა გვკარნახობს, რომ ხალხს, რომელსაც თუნდაც რამდენიმე წელიწადი უცხოვრია ზღვასთან, არ შეიძლება ენაში მისი დასახელება არ ჰქონდეს. აფხაზები კი ზღვასთან უხსოვარი დროიდან ცხოვრობენ და მათი ენაც მდიდარია საზღვაო ლექსიკით. როგორც ზღვისპირეთის მცხოვრებლები, აფხაზები მისდევდნენ საზღვაო რეწვასა და მეკობრეობას. ისინი საკმაოდ შორს ცურავდნენ. ჰოლანდიელი მეცნიერი ნიკოლას ვიტსენი 1692 წ. წერდა აფხაზი მეკობრეების შესახებ, რომ მათ გამო ზოგჯერ ფერხდებოდა გემების მიმოსვლა კაფასა (ყირიმი) და კონსტანტინოპოლს შორის. ვახუშტი ბატონიშვილის (XVIII ს.) ცნობითაც, აფხაზები „ზღუასა შინა მაგარნი და ძლიერნი“ იყვნენ. ასეთი ცნობები საკმაოდ ბევრია. განვითარებულ ზღვაოსნობასთან დაკავშირებული იყო გემთმშენებლობა, რომელმაც XIX ს-ის მეორე ნახევრამდე იარსება. აფხაზური ხომალდები 100-მდე კაცს იტევდნენ და პატარა ზარბაზნებით იყვნენ შეიარღებულნი. თუმცა აფხაზებს უფრო დიდი გემების აშენებაც შეეძლოთ. არსებობს ცნობა, რომ 1802 წლის ახლოს აფხაზეთის მთავარმა ქელეშ-ბეგმა ოსმალეთის სულთანს საჩუქრად მიართვა თავის ქვეყანაში აგებული 60-ზარბაზნიანი ხომალდი.

თუ რა ენაზე ლაპარაკობდნენ უძველესი დროის აფხაზი მთავრები, ამის მაჩვენებელი პირდაპირი მასალები არ არსებობს, მაგრამ უნდა ვიფიქროთ, რომ მათი მშობლიური ენა აფხაზური იყო. გარდა ამისა, სხვადასხვა პერიოდებში აფხაზეთის მთავრები და დიდი ფეოდალები ფლობდნენ აგრეთვე ბერძნულ, ქართულ, თურქულ-ოსმალურ ენებს. XIX ს-დან კი რუსულ ენასაც. ქართული ენის ცოდნა აფხაზ დიდებულებში, ალბათ, ფართოდ გავრცელდა VIII–IX სს-დან. ვახუშტის ცნობით, აფხაზებს „ენა საკუთარი თვისი აქუსთ, არამედ უწყიან წარჩინებულთა ქართული“. წერილობით წყაროებში ფეოდალური აფხაზეთი ყველაზე კარგად არის გაშუქებული XIX ს-ში. ამ დროს ჩვენ ვხედავთ, რომ აფხაზეთის მთავრები და თავადები აფხაზურის გარდა ფლობენ ქართულ, თურქულ, შემდეგ ასევე რუსულ ენებს. კერძოდ, ამ ენებზე ახორციელებდნენ ისინი მიმოწერას. აფხაზური კი მათი მშობლიური სალაპარაკო ენა იყო. შემთხვევითი არ არის, რომ აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის ვაჟი გიორგი შარვაშიძე (1846–1918) – ცნობილი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს დიდი პატრიოტი, შესანიშნავად ფლობდა აფხაზურ ენას. თანამედროვეთა ცნობით, ისეთ წმინდა და დახვეწილ აფხაზურ ენაზე იმ დროს უკვე აღარავინ ლაპარაკობდა.’

 

გამოყენებული ლიტერატურა:

 

  • ანჩაბაძე, გია.  „XII–XIII საუკუნეებში ტერმინს – „აფხაზი“ სამი მნიშვნელობა ჰქონდა”. www.humanrights.ge (28/07/2018)
  • აფხაზეთი – საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხე.  www.ucnauri.com (28/07/2018)

 

მასალა მოამზადა: ნინო ჯალაღონიამ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ანალიტიკაეს საინტერესოაისტორიაკულტურასაქართველო

,,აფხაზის” მნიშვნელობა და ისტორიული წყაროები

აფხაზური ენის პირველი დაფიქსირება წერილობით წყაროებში უნდა იყოს „ქართლის ცხოვრებაში მოტანილი ცნობა, რომ თამარ მეფემ თავის ვაჟსა და მემკვიდრეს – გიორგის უწოდა მეორე სახელი „ლაშა“, „რომელი განმანათლებლად სოფლისა ითარგმანა აფსართა ენითა“. ტერმინი ლაშა (ალაშა) აფხაზურ ენაზე დღესაც სინათლის სხივს ნიშნავს, ხოლო ეთნონიმი „აფსარი“ უნდა წარმოდგებოდეს აფხაზთა თვითსახელწოდებიდან – „აფსუა“. როგორც ჩანს, მემატიანემ ამ ეთნონიმის გამოყენება იმიტომ ირჩია, რომ მკითხველისათვის ეჩვენებინა, კერძოდ რომელი აფხაზების ენაზე ნიშნავდა სინათლის სხივს „ლაშა“. XII–XIII საუკუნეებში ტერმინს – „აფხაზი“ სამი მნიშვნელობა ჰქონდა. იგი აღნიშნავდა: 1) საკუთრივ აფხაზებს, 2) დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას (ეთნიკური აფხაზების ჩათვლით) და 3) სრულიად საქართველოს მოსახლეობას. ეს იყო გამოხატულება იმ დიდი როლისა, რომელიც აფხაზება შეიტანეს საქართველოს გაერთიანების საქმეში.

შემდეგი დროის ავტორთა თხზულებებში უკვე ვხვდებით პირდაპირ ცნობებს აფხაზთა ცალკე ენის არსებობის შესახებ. ამ მხრივ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცნობილი თურქი მოგზაურის ევლია ჩელებიას მონათხრობი, რომელმაც 1641 წელს იმოგზაურა აფხაზეთის სანაპიროზე და საინტერესო ჩანაწერები დაგვიტოვა „არაჩვეულებრივი და გასაოცარი აბაზას ენის“ შესახებ (თურქულად აფხაზს ეწოდება „აბაზა“). მას მოაქვს ცალკეული აფხაზური სიტყვები (ჩაწერილი თურქულ-ოსმალური ანბანით) და მთელი წინადადებები სათანადო თარგმანით. ეს მასალა არავითარ ეჭვს არ ტოვებს, რომ სწორედ აფხაზური ენის აღწერაა.

ის ფაქტი, რომ აფხაზური ენის ნიმუშები მხოლოდ XII ან  XVII ს-დან არის დაფიქსირებული, სულაც არ ნიშნავს, რომ უფრო ადრე აფხაზეთში აფხაზურენოვანი მოსახლეობა არ არსებობდა. ქართული ენის ჩვენამდე მოღწეული უძველესი ნიმუშები ახ.წ. V საუკუნეს ეკუთვნის; სხვა ქართველური ენების (მეგრულ-ჭანური და სვანური) მასალები კი XVII–XVIII სს-ში ჩანან პირველად, მაგრამ ეს ფაქტები ისე ხომ არ უნდა გავიგოთ, რომ ამ ენებზე მანამდე არავინ ლაპარაკობდა? პირიქით, ცნობილია, რომ სვანური უფრო ძველი ქართველური ენაა.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

 

 

  • ანჩაბაძე, გია.  „XII–XIII საუკუნეებში ტერმინს – „აფხაზი“ სამი მნიშვნელობა ჰქონდა”. www.humanrights.ge (28/07/2018)
  • აფხაზეთი – საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხე.  www.ucnauri.com (28/07/2018)

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ანალიტიკაკვლევებისაქართველო

საქართველო ვაქცინაციის მაჩვენებლით ევროპაში ბოლო ადგილზეა – სტატისტიკა

საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებით იმუნიზაციის მაჩვენებლით ევროპაში ბოლო ადგილზეა.

Our World in Data-ს მონაცემებით, რომელსაც ნიუ იორკ თაიმსი ეყრდნობა და საკუთარ სტატისტიკას აქვეყნებს, ქვეყანაში ყოველ 100 სულ მოსახლეზე აცრის მაჩვენებელი 7.8-ს შეადგენს და ორჯერადად მოსახლეობის 3.1%-ია აცრილი, ერთხელ აცრილია 4.7%.

ამ მხრივ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ევროპაში მალტაშია, სადაც გამოყენებულია 723,299 დოზა ვაქცინა და აცრილია მოსახლეობის 76%, მათ შორის, ორჯერადად – 71%. ამ თვალსაზრისით ევროპაში მეორე ადგილზე ისლანდიაა.

რაც შეეხება ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს, საქართველო ბოლო ადგილს იკავებს. აღმოსავლეთ პატრნიორობის ქვეყნებში 100 სულ მოსახლეზე ყველაზე მეტი აცრა ჩატარებულია აზერბაიჯანში, სადაც ეს მაჩვენებელი 43-ს შეადგენს. აზერბაიჯანში სულ ადმინისტრირებულია 4,357,356 ვაქცინა და აცრილია ქვეყნის მოსახლეობის 26%, აქედან ორჯერადად – 18%.

აზერბაიჯანს მოსდევს მოლდოვა, სადაც 100 სულ მოსახლეზე ვაქცინაციის მაჩვენებელი 33-ს შეადგენს. ქვეყანაში ჩატარდა 864 567 აცრა და იმუნიზებულია მოსახლეობის 19%, მათ შორის ორჯერადად – 14%.

უკრაინაში 100 სულ მოსახლეზე ვაქცინაციის მაჩვენებლი 9.2-ს შეადგენს. ქვეყანაში 4,098,648 დოზა ვაქცინის ადმინისტრირება მოხდა და აიცრა მოსახლეობის 6%, აქედან ორჯერადად – 3.2%.

სომხეთიში კი ვაქცინაციის მაჩვენებელმა 100 სულ მოსახლეზე 8.8 შეადგინა. ქვეყანაში სულ 260,813 აცრა ჩატარდა და მოხდა მოსახლეობის 6.5%-ის იმუნიზაცია, აქედან ორჯერადად აცრილთა წილმა მოსახლეობის 2.4% შეადგინა.

რაც შეეხება აღმოსავლეთ პარტნიორობის კიდევ ერთ ქვეყანას, ბელარუსს, პორტალზე ამ ქვეყნის მონაცემები ხელმისაწვდომი არ არის.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ანალიტიკაეს საინტერესოაკვლევები

რეკორდი იტალიაში – ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 4 693 ადამიანი გამოჯანმრთელდა

იტალიის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის განახლებული მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსისგან 4 693 ადამიანი გამოჯანმრთელდა, რაც პანდემიის არსებობის განმავლობაში აბსოლუტური რეკორდია.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსით 285 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 1 872 ადამიანს კი კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე იტალიაში კორონავირუსით 205 463 ადამიანი დაინფიცირდა, 27 967 გარდაიცვალა, ხოლო 75 945 კი გამოჯანმრთელდა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ანალიტიკაკვლევები

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

იტალიის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსით 542 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირების 3 836 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 2099 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

აღსანიშნავია, რომ 24 საათში 2099 გამოჯანმრთელებული ადამიანი რეკორდული მაჩვენებელია იტალიაში პანდემიის არსებობის განმავლობაში.

კორონავირუსის ეპიდემიის დაწყებიდან იტალიაში სულ 17 669 ადამიანი გარდაიცვალა, 95 262 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 26 491 კი გამოჯანმრთელდა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ანალიტიკაკვლევები

მსოფლიოს ხუთეულში მყოფ, ევროპის 4 ქვეყანაში COVID-19-ის ყოველდღიურმა მაჩვენებელმა იკლო

ევროპის 4 ქვეყანაში, რომლებიც COVID-19-ის გავრცელების მასშტაბით მსოფლიოს სახელმწიფოთა პირველ ხუთეულში არიან, ბოლო ორ-სამ დღეში შედარებით იკლო კორონავირუსით დაავადების და გარდაცვალების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა. ამას ცხადყოფს ჰოპკინსის უნივერსიტეტის და მოხალისეთა საერთაშორისო ჯგუფის Worldometer-ის მონაცემები.

ესპანეთში, რომელიც აშშ-ის შემდეგ მეორე ადგილზეა, 3 აპრილს დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 7100-ს აჭარბებდა, ხოლო 5 აპრილს – 5400-ს.

იტალიაში, რომელიც მსოფლიოში მესამე, ევროპაში კი, მეორე ადგილზეა, 4 აპრილს 4 800-ზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა, 5 აპრილს კი – 4300-ზე მეტი.

გავრცელების მასშტაბით იტალიას მოსდევს გერმანია, სადაც 3 აპრილს იყო 6300-ზე მეტი ახალი შემთხვევა, ხოლო 5 აპრილს – 4000-ზე მეტი.

ბოლო სამ დღეში ყველაზე საგრძნობი კლებაა მსოფლიოში მეხუთე ადგილზე მყოფ საფრანგეთში, სადაც 3 აპრილს ახალი შემთხვევების რიცხვი 23 ათასს აჭარბებდა, ხოლო 5 აპრილს 2 800-ზე მეტი იყო.

ამავე პერიოდში ოთხივე ქვეყანაში შედარებით იკლო გარდაცვალების ყოველდღიურმა მაჩვენებელმაც.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ანალიტიკამსოფლიოსაქართველო

Emerging-europe: კორონავირუსის სასწაული საქართველოში

უკვე დიდი ხანია, რაც საქართველო ითვლება ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მზარდ ეკონომიკად მსოფლიოში, ეკონომიკური ლიბერალიზმის ბასტიონი და მისაბაძი მაგალითი.

თუმცა განსაკუთრებულ ოვაციებს იმსახურებს ბოლო კვირების განმავლობაში ქვეყნის წარმატებული პასუხი კორონავირუსის პანდემიაზე.

ქვეყანაში, რომლის მოსახლეობა შეადგენს 3,7 მილიონს, ჯამში 157 შემთხვევაა დაფიქსირებული, რომელთაგან 28 უკვე სრულად გამოჯანმრთელდა. COVID-19-თან დაკავშირებული სიმპტომებისგან გარდაიცვალა ერთი ადამიანი – 79 წლის ქალი, რომელსაც ჯანმრთელობის თანმდევი პრობლემები ჰქონდა. იგი გარდაიცვალა 4 აპრილს.

ვირუსის შეკავების მხრივ საქართველო იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ მთავრობები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში სწავლობენ, როგორ შეძლო ამ პატარა ქვეყანამ კავკასიაში COVID-19-ის გავრცელების ასეთი წარმატებით გაკონტროლება. სწრაფმა და გადამწყვეტმა მოქმედებამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

საქართველოს მთავრობამ ქმედითი ზომები მიიღო, როგორც კი 26 თებერვალს ქვეყანაში დადასტურდა კორონავირუსის პირველი შემთხვევა (ირანიდან ახლახან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქე). იმავე დღეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ სიტუაციის კონტროლის მიზნით შექმნა კორონავირუსის საკითხზე მომუშავე უწყებათაშორისი საბჭო, რომლის პირველი გადაწყვეტილებაც გახლდათ ირანთან ფრენების შეჩერება.

24 საათზე ნაკლებ დროში საბჭომ ყველა სამინისტროს მისცა დავალება კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით. 28 თებერვალს მეორე შემთხვევის დადგენის შემდეგ (ქვეყანაში ახლახან დაბრუნებული ქალი) შეჩერდა ფრენები იტალიასთან. 20 თებერვალს მესამე შემთხვევის დაფიქსირების შემდეგ მთელ ქვეყანაში შეჩერდა სწავლა. მალევე შემოიღეს მკაცრი საკარანტინო ზომები, მათ შორის კომენდანტის საათი და საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეჩერება, თბილისის მეტროს ჩათვლით.

მას შემდეგ არარეზიდენტ უცხოელ მოქალაქეებს ეკრძალებათ ქვეყანაში შემოსვლა. საზღვრები ღიაა მხოლოდ სატვირთო მანქანებისთვის (თუმცა ამ შემთხვევაშიც არსებობს მოთხოვნა, რომ მძღოლები ვირუსის მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩაანაცვლონ მძღოლებმა ქვეყნებიდან, რომლებიც არ არიან „რისკის ჯგუფში“). 20 მარტს შეჩერდა ყველა ფრენა.

მიუხედავად ამისა, ეპიდემიის კონტროლის ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორს, დიდი ალბათობით, წარმოადგენს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რიჩარდ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი.

„ლუგარის ლაბორატორია არა მხოლოდ იძლევა ძალიან მოკლე დროში ტესტების შედეგების მიღების საშუალებას, არამედ ვირუსის პირველწყაროს დადგენის შესაძლებლობასაც“, – აცხადებს ნინა ხელაძე, TOK TV-ის განვითარების ხელმძღვანელი და საქართველოს ჟურნალისტიკის რესურსცენტრის პროექტების მენეჯერი.

ლუგარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი აშენდა აშშ-ის მთავრობის დაფინანსებით, თანამშრომლობითი ბიოლოგიური ჩართულობის პროგრამის ფარგლებში.

ლუგარის ცენტრი წამყვანი დაწესებულებაა სამეცნიერო ბიო-სამედიცინო და ბიოლოგიური უსაფრთხოების სფეროებში, თუმცა 2011 წელს დაარსების დღიდან იგი წარმოადგენს რუსული პროპაგანდის სამიზნეს.

„შეიქმნა რამდენიმე მითი ლაბორატორიის „ნამდვილი“ მიზნების შესახებ, რომლებმაც, სამწუხაროდ, ბევრ ქართველზე იქონია გავლენა, – განაცხადა ხელაძემ Emerging Europe-თან ინტერვიუში, – თუმცა დღეს ძნელია ისეთი ადამიანის პოვნა, რომელიც არ აქებს ამ ლაბორატორიას და საქართველოში COVID-19-თან ბრძოლაში მის მიერ განხორციელებულ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საქმიანობას“.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანახმად, მართალია, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში საქართველოში მოსალოდნელია სიტუაციის გაუარესება, მაგრამ სიტუაცია კონტროლის ქვეშაა. შემთხვევათა დიდი ნაწილი ფიქსირდება ე.წ. კლასტერებში, რომელთაგან ყველაზე მსხვილი დადგინდა ძირითადად აზერბაიჯანელებით დასახლებულ მარნეულში. „ბევრი ექსპერტის თანახმად, ამ და მსგავს დასახლებებში არსებობს ინფორმაციის ნაკლებობა, რის გამოც მოსახლეობა სათანადოდ ვერ აცნობიერებს ვირუსის საფრთხეს“, – ამბობს ხელაძე.

საქართველოში ასევე არსებობს შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნამ შეიძლება გამოიწვიოს ეპიდემიის შემდგომი გავრცელება. მართალია, მაღალი რანგის ოფიციალურმა პირებმა (გახარიას ჩათვლით) განაცხადეს, რომ დაიცავენ დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციებს და არ დაესწრებიან სააღდგომო წირვას 19 აპრილს, მაგრამ თავად ეკლესია გეგმავს მსახურების ჩატარებას. გარდა ამისა, ეკლესია დღემდე უარს ამბობს ზიარების ტრადიციულ მართლმადიდებლურ წესზე, ანუ ერთი კოვზით მრევლის ზიარებაზე.

„ქვეყანაში წინასაარჩევნო პერიოდია და ეკლესიის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ხელისუფლებისთვის, – ამბობს ხელაძე, – ეკლესია, თავის მხრივ, იცავს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ზოგიერთ რეკომენდაციას: მრევლის წევრთა შორის დისტანციის დაცვა და მოწოდება განსაკუთრებული რისკის ჯგუფების მიმართ, დარჩნენ სახლში. ზოგიერთ ეკლესიაში გამოიყენება ხმის გამაძლიერებლები ტაძრის ეზოში მდგომთათვის“.

იქნება თუ არა კორონავირუსის ფინანსური გავლენისგან საქართველოს ეკონომიკის დასაცავად გადადგმული ნაბიჯები ისევე წარმატებული, როგორც თავად ვირუსის გავრცელებასთან ბრძოლა, ამ კითხვაზე პასუხს დრო გასცემს.

ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა სტაბილურად იზრდება (წელიწადში საშუალოდ 4-5%-ით) – და ეს მიუხედავად რიგი შოკებისა, 2007-2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის, 2008 წელს რუსეთთან კონფლიქტის და 2014 წელს ფართო მოხმარების საგნებზე ფასების ვარდნის მიუხედავად (ამ უკანასკნელმა უარყოფითი გავლენა იქონია ქვეყნის მთავარ სავაჭრო პარტნიორებზე).

მიუხედავად ამისა, ისევე, როგორც ყველა სხვა ევროპულ ქვეყანაში, საქართველოშიც მოსალოდნელია ამ შთამბეჭდავი ზრდის შეჩერება და ღრმა ეკონომიკური კრიზისი.

წინა კვირაში საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფს 2 მილიარდ ლარს (585 მილიონი ევრო) კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ქვეყნის ეკონომიკის დასახმარებლად.

„ეს დახმარება მოხმარდება სამუშაო ადგილების შენარჩუნებას, კომპანიების შენარჩუნებას, წარმოების და მოქმედი ბიზნესების შენარჩუნებას“, – განაცხადა ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრ გახარიამ.

მსოფლიო ბანკმა უკვე დაამტკიცა 45 მილიონი ევროს გამოყოფა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მხარდასაჭერად და კორონავირუსის გავლენის შესამცირებლად, ხოლო ევროკავშირმა, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, გადაუდებელი დაფინანსების სახით დამატებითად გამოყო 20 მილიონ ევროზე მეტი, რაც დაემატება კრიზისზე რეაგირების მიმდინარე პროგრამების ფარგლებში გამოყოფილ 70 მილიონ ევროს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ანალიტიკაეს საინტერესოაკვლევები

Diamond Princess-ზე კორონავირუსის რნმ-ი მგზავრებისგან დაცლის დღიდან 17 შემდეგ აღმოაჩინეს

საკრუიზო ლაინერ Diamond Princess-ზე, მგზავრებისგან დაცლის დღიდან 17 დღის გასვლის შემდეგ ექსპერტებმა კორონავირუსის რიბონუკლეინის მჟავა (რნმ) აღმოაჩინეს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვირუსი ზედაპირზე იმაზე ხანგრძლივად რჩება, ვიდრე აქამდე მიიჩნევდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა პრევენციის ცენტრი ავრცელებს.
მკვლევარები აცხადებენ, რომ რიბონუკლეინის მჟავა, იმ ვირუსის გენეტიკური მასალა, რომელიც COVID-19-ს იწვევს, დეზინფექციის ჩატარებამდე გემის იმ კაბინების ზედაპირებზე აღმოაჩინეს, რომლებშიც სიმპტომატური ინფიცირებული მგზავრები იმყოფებოდნენ ასევე იმათშიც, რომლებშიც ასიმპტომატური ინფიცირებული მგზავრები იყვნენ განთავსებული.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა პრევენციის ცენტრის განმარტებით, მეცნიერებს უჭირთ იმის განსაზღვრა, გავრცელდა თუ არა კორონავირუსი ლაინერზე დაბინძურებული ზედაპირის გზით.
„კვლევის შედეგად მიღებული მონაცემებით შეუძლებელია იმის განსაზღვრა, მოხდა თუ არა გადაცემა დაბინძურებული ზედაპირის საშუალებით, თუმცა კვლევის შედეგები გვკარნახობს, რომ აუცილებელია შემდგომი კვლევის ჩატარება იმის დასადგენად, ვრცელდება თუ არა საკრუიზო გემებზე კორონავირუსი ფომიტებიდან (დაბინძურებული საგნებიდან),“- ნათქვამია აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა პრევენციის ცენტრის განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ 17 მარტის მონაცემებით, კრონავირუსი 25 საკრუიზო გემზე აღმოაჩინეს.
რაც შეეხება Diamond Princess-ს, შეგახსენებთ, რომ საკრუიზო ლაინერი იაპონიის ქალაქ იოკოჰამას პორტში 4 თებერვალს დააკავეს და მასზე ორკვირიანი კარანტინი გამოაცხადეს, ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ ერთ-ერთ მგზავრს, რომელმაც აღნიშნული გემით მანამდე იმგზავრა, კორონავირუსი აღმოაჩნდა. გემზე, რომლის ბორტზე 3 700 მგზავრი და ეკიპაჟის წევრები იმყოფებოდნენ, COVID-19-ი 700-ზე მეტ ადამიანს დაუდგინდა.

წყარო : cnbc.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ანალიტიკაეკოლოგიაეს საინტერესოაკვლევებიმსოფლიო

მეცნიერები ჩერნობილის კატასტროფის ახალ მიზეზებზე საუბრობენ

1986 წელს უკრაინაში მდებარე ჩერნობილის ატომურ სადგურზე  ერთ-ერთი რეაქტორი აფეთქდა და კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი ატომური კატასტროფა გამოიწვია.

თავდაპირველად ფიქრობდნენ, რომ მიზეზი ორთქლის აფეთქება იყო, თუმცა, ახლა მეცნიერები სხვაგვარად ფიქრობენ.

1986 წლის 25 აპრილის დილას რამდენიმე შემთხვევა მოხდა, რამაც კატასტროფა გამოიწვია. ოპერატორები რეაქტორს დაბალი სიმძლავრის ქვეშ და შესაბამისი უსაფრთხოების ზომების დაცვის გარეშე ამუშავებდნენ.

ქარხნის მუშები ცდილობდნენ ექსპერიმენტის ჩატარებას,  რომლის მიზანი იყო პროექტული რეჟიმის შემოწმება, ის ითვალისწინებდა გენერატორის ტურბინის ინერციის გამოყენებას, შიდაელექტრომომარაგების გათიშვის შემთხვევაში.

თუმცა, მოხდა რეაქტორის ავტომატური კონტროლის სისტემის ჩარევა, მარეგულირებელი ღეროების ჩასმა და სიმძლავრის დაცემა.

გაუკრვეველი მიზეზის გამო,  ვიღაცამ ავარიული დახურვა განახორციელა. რეგულატორებმა და ავარიულმა ღეროებმა დაიწყო ქვევით მოძრაობა, აქტიურ ზონაში ჩასვლა, მაგრამ რამდენიმე წამის შემდეგ რეაქტორის სითბური სიმძლავრე მყისიერად გაიზარდა უცნობ მაღალ სიდიდეებზე (სიმძლავრემ გადააჭარბა ყველა გამზომი მოწყობილობის შკალას). მოხდა ორი აფეთქება რამდენიმე წამის ინტერვალით. შედეგად, რეაქტორი მთლიანად დაინგრა. პროცესის, რომელიც მიმდინარეობდა აფეთქებამდე, ზუსტი მიმდევრობის შესახებ არ არსებობს საერთო წარმოდგენა. ზოგადად მოიაზრება, რომ თავიდან მოხდა რეაქტორის არაკონტროლირებადი გაქანება, რომლის შედეგად, დაინგრა რამდენიმე ТВЭЛ (სითბოს გამომყოფი ელემენტი), ხოლო შემდგომ, ამით გამოწვეულ იქნა ტექნოლოგიური არხების ჰერმეტულობის დარღვევა, რომელშიც ეს ТВЭЛ-ები იმყოფებოდა. დაზიანებული არხების ორთქლი შევიდა არხთაშორის რეაქტორულ არეში. ამის შედეგად იქ სწრაფად გაიზარდა წნევა, რამაც რეაქტორის გამორთვა და მისი ზედა ფენის აქტივობა გამოიწვია. ამას კი – მექანიკურად არხების მასობრივი ნგრევა, აქტიური ზონის მთელი მოცულობის გადახურება და ორთქლის გარეთ გამოვარდნა მოჰყვა — ეს იყო პირველი აფეთქება (ორთქლით).

მაგრამ ბირთვული ფიზიკოსი ლარს-ერიკ დე გიერი და მისი გუნდი შვედეთის თავდაცვის კვლევის სააგენტოდან, შვედეთის მეტეოროლოგიისა და ჰიდროლოგიური ინსტიტუტისა და სტოკჰოლმის უნივერსიტეტიდან აცხადებდნენ, რომ პირველი აფეთქება ბირთვული იყო.

თუკი ეს სიმართლეა, მაშინ მათი დასკვნები ეწინააღმდეგება ადრე არსებულ შეხედულებას იმის შესახებ, რომ ბირთვულ ელექტროსადგურს არასდროს განუცდია ბირთვული აფეთქება, ან რომ ასეთი აფეთქება ,,შეუძლებელია”.

ორმა აფეთქებამ ჰაერში  რადიოაქტიური მასალის გაფანტვა გამოიწვია, რომელიც ქარმა ევროპის მასშტაბით გაავრცელა.

1986 წელს პეტერბურგში დაფუძნებულმა VG Khlopin Radium Institute -ის მკვლევარებმა აფეთქების ნალექები ქსენონის იზოტოპების სახით რუსეთის ქალაქ ჩერეპოვეცში აღმოაჩინეს, რომელიც ჩერნობილის ჩრდილოეთით 1000 კილომეტრში, ხოლო მოსკოვის ჩრდილოეთით 370 კმ-ში მდებარეობს.

დე გერსის და მისი გუნდის განცხადებით, თუ ქარხანაში ბირთვული აფეთქება მოხდა, ნივთიერება უფრო შორს უნდა გადასროლილიყო, ვიდრე ორთქლის აფეთქების დროს

VG Khlopin Radium Institute -ის მკვლევარებმა ჩერეპოვეცში აღმოჩენილი იზოტოპების ანალიზი ჩაატარეს და აღმოაჩინეს, რომ ისინი პირველი აფეთქებისთანავე წარმოიქმნენ ატომის დაყოფის შედეგად – რაც ბირთვულ აფეთქებაზე მეტყველებს.

რეაქტორის შესწავლამ ასევე დაადგინა, რომ აფეთქებამ ბირთვის ქვეშ არსებული  2 მეტრის სისქის რკინის ფირფიტა დაადნო. დე გეერის გუნდის ცნობით, ეს ასევე შეესაბამება ბირთვულ აფეთქებას და არა ორთქლის აფეთქებას.

ასეა თუ ისე, როგორც ჩანს, აფეთქების ზუსტი მიზეზის დადგენა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური RBMK-ის ტიპის იყო.  ის გაუმჯობესდა, თუმცა, როგორც ჩანს, მისი შემდგომი გაუმჯობესება აუცილებელია იმისათვის, რომ სამომავლო კატასტროფები ავიცილოთ.

წყარო: http://www.sciencealert.com

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ანალიტიკაფსიქოლოგია

პერფექციონიზმი – „ყველაფერი ან არაფერი!”

ფსიქოლოგ ჰოლენდერის განსაზღვრებით, პერფექციონიზმი (ლათინური სიტყვიდან perfectus – „აბსოლუტური სრულყოფილება“) არის პიროვნული მახასიათებელი, რომელიც გულისხმობს საკუთარი თავისადმი უფრო მაღალი მოთხოვნების წაყენებას, ვიდრე ამას გარემოება მოითხოვს.

პერფექციონისტი მიისწრაფვის ძნელად შესასრულებელი ან არარეალური მიზნებისაკენ, თვითკრიტიკულია, და როცა მიზანს ვერ აღწევს, უჩნდება დაბალი თვითშეფასების განცდა. სხვა სიტყვებით, პერფექციონისტის ცხოვრება რეალურად მიუღწეველი იდეალისაკენ სწრაფვაა.

ბერნსის მიხედვით, პერფექციონიზმი არის პიროვნული სტრატეგია, რომელიც გულისხმობს: „ყველაფერი ან არაფერი!“ ინდივიდს აქვს მხოლოდ ორი ალტერნატივა: ან მაღალი სტანდარტების შესატყვისობა, ან სრული კრახი. მნიშვნელოვანი, წარმატებული ადამიანის იმიჯის შესანარჩუნებლად პერფექციონისტი ცდილობს, დამალოს დაშვებული შეცდომები, ან უარი თქვას მისთვის ძნელად განსახორციელებელ ჩანაფიქრზე, რათა თავიდან აიცილოს წარუმატებლობა. პერფექციონისტის პრობლემა ისაა, რომ ის დიდი წარმატებებისათვის ემზადება და იდეალურ მომენტს ელოდება, მაგრამ ეს მომენტი შეიძლება არასოდეს დადგეს. მისი უამრავი დრო და ენერგია მიაქვს მეორეხარისხოვან დეტალებზე მუშაობას. პერფექციონიზმის არსი კარგად არის ასახული გამოთქმაში: „საუკეთესო კარგის მტერია“. პერფექციონიზმი თანდაყოლილი პიროვნული მახასიათებელია, თუმცა მისი ფორმირება, გარკვეულწილად, ბავშვობაში, აღზრდის თავისებურებების გავლენითაც ხდება. მაგალითად, პერფექციონიზმს აყალიბებს მშობლების „პირობადებული სიყვარული“, როცა ბავშვი მხოლოდ იმ შემთხვევაში იმსახურებს შექებას, წახალისებას, თუ მშობლების მოსაწონად იქცევა. როგორც წესი, პერფექციონისტის მშობლები მკაცრი, კრიტიკული, მომთხოვნი ადამიანები არიან და ნაკლებად ავლენენ მხარდაჭერას შვილების მიმართ. მშობლების მოლოდინი და სტანდარტები ხშირად არ შეესაბამება ბავშვის შესაძლებლობებსა და მოთხოვნილებებს. ბავშვი იძულებულია, არასოდეს დაუშვას შეცდომა, რომ გაამართლოს მშობლების მოლოდინი და თავიდან აიცილოს კრიტიკა.

ჰიუტმა და ფლეტმა პერფექციონიზმი აღწერეს, როგორც სამგანზომილებიანი კონსტრუქტი – თვითორიენტირებული, სხვებზე ორიენტირებული და სოციალურად მიწერილი და პერფექციონიზმის გასაზომი სკალაც შეიმუშავეს. თვითორიენტირებული პერფექციონიზმი გულისხმობს საკუთარი თავის მიმართ წაყენებულ ირაციონალურ მოლოდინებსა და სტანდარტებს. ასეთ ადამიანს ახასიათებს დაბალი თვითპატივისცემა და შეიძლება ჰქონდეს ისეთი ფსიქიკური პრობლემები, როგორიცაა: შფოთვა, დეპრესია, მნიშვნელოვანი განსვლა რეალურ და იდეალურ მე-ს შორის. სხვებზე ორიენტირებული პერფექციონიზმი გულისხმობს სხვა ადამიანის მიმართ წაყენებულ მაღალ სტანდარტებს. ასეთი ადამიანი გარშემომყოფებისაგან მოელის სრულყოფილებას, მუდმივად აფასებს მათ და ორიენტირებულია სხვების დადანაშაულებასა და კრიტიკაზე. ეს ქმნის დაძაბულობას, პრობლემებს ინტერპერსონალურ ურთიერთობებში. სოციალურად მიწერილი პერფექციონიზმის მქონე ადამიანი მოქმედებს იმ სტანდარტებისა და მოლოდინების შესაბამისად, რომლებსაც, მისი აზრით, მას უყენებენ მისთვის მნიშვნელოვანი ადამიანები. ის ფიქრობს, რომ სხვები მისგან მოელიან სრულყოფილებას, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს გარშემომყოფების შეფასებებს და ეშინია სხვების მხრიდან უარყოფის. ამ ტიპის პერფექციონიზმის მაღალი ხარისხი შეიძლება გახდეს ისეთი ფსიქოლოგიური პრობლემების მიზეზი, როგორიცაა: დეპრესია, სუიციდი, სოციალური შფოთვა, კვებითი აშლილობები. ფსიქოლოგთა ნაწილი წინა პლანზე აყენებს პერფექციონიზმის დადებით ასპექტებს და მიუთითებს, რომ პერფექციონისტები გამოირჩევიან მაღალი მოტივაციით, დაბრკოლებების გადასალახად საჭირო ბრძოლის უნარით. მაგალითად მოჰყავთ მეცნიერების, სპორტის, ხელოვნების მსოფლიოში ცნობილი წარმომადგენლები, რომლებმაც დიდ წარმატებებს მიაღწიეს.

როედელის მიხედვით, პერფექციონიზმი ადამიანს ანიჭებს მიზნის მიღწევის ძლიერ ენერგიასა და მოტივაციას. ჰამაჩეკმა პერფექციონიზმის ორი სახე გამოჰყო – ჯანსაღი (კონსტრუქციული) და ნევროტული (დესტრუქციული). ჯანსაღი პერფექციონიზმის მქონე ადამიანი შრომისმოყვარეა და ლიდერის თვისებები ახასიათებს. ის მოტივირებულია, აქვს მაღალი, მაგრამ რეალისტური სტანდარტები, დიადი მიზნები და მათი მიღწევის კონკრეტული გზები, პოზიტიური, ადეკვატური თვითშეფასება და პრეტენზიის მაღალი დონე. ის მუშაობის პროცესში აზარტულია, გარკვეულწილად შფოთავს კიდეც, მაგრამ თავისი საქმიანობიდან და აქტივობებიდან სიამოვნებას იღებს. ნევროტული პერფექციონიზმის შემთხვევაში სრულყოფილება იდეა-ფიქსი ხდება და ადამიანს წარუმატებლობის ძლიერი შიში იპყრობს; სიყვარულისა და საყოველთაო პატივისცემის დამსახურების სურვილის გამო ირჩევს ისეთ მიზანს, რომელიც მის შესაძლებლობებს აღემატება, ეს კი მასში მუდმივ დაძაბულობას იწვევს. არარეალური მიზნებისაკენ სწრაფვა ხდება საკუთარი თავით უკმაყოფილების, შინაგანი დისჰარმონიისა და სტრესის მიზეზი.

 

წყარო:  Naec.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”  

 

სრულად ნახვა
1 2 3 4 8
Page 2 of 8