მსოფლიოში წამის განმავლობაში მილიონზე მეტი პოლიეთილენის პარკი იყრება.
,,ცელოფნის ხიდებზე” სიარულით, აპოკალიფსს ვუმზადებთ მომავალს…
,,რაც უფრო დავაგვიანებთ ევროპული გამოცდილების გაზიარებას, მით უფრო დავანაგვიანებთ არა მხოლოდ ეზოს, ქუჩას, გზებსა და საზოგადოდ, ბუნებას, არამედ მომავალსაც.”
ზღვაში ჩაყრილი პოლიეთილენის პარკი ზღვის კუს მედუზა ჰგონია და როგორც კი შესაჭმელად მიუახლოვდება, შიგ გაიხლართება და კვდება. ეკოლოგების მტკიცებით, ამ პრობლემამ ზღვის კუს რაოდენობა მნიშვნელოვნად შეამცირა. სამწუხაროდ, ეკოსისტემისთვის მხოლოდ ამ პრობლემას არ ქმნის ცელოფანის პარკი. უფრო სწორი იქნებოდა იმის თქმა, რომ პრობლემას ქმნის ადამიანი, რომელიც დაუდევრად მოისვრის საყოფაცხოვრებო ნარჩენებით სავსე ან ცარიელ პარკებს მდინარეებსა თუ ხევებში, საიდანაც საბოლოოდ ყველაფერი ზღვებსა და ოკეანეებში ჩაედინება, ან მიწაში იმარხება, სადაც სპეციალისტების განმარტებით, მთელი 1000 წელია საჭირო, რომ იგი გაიხრწნას და ნიადაგს სრულფასოვნად განვითარების საშუალება მისცეს. საქართველოში ცელოფანის პარკებით ბუნებისთვის მიყენებული ზარალის მასშტაბი ყოველდღიურად იზრდება,
მიუხედავად იმისა, რომ ამ პრობლემების შესახებ არაერთხელ თქმულა და დაწერილა, პრობლემა პრობლემად რჩება. საზოგადოება ვერ აცნობიერებს, რა საფრთხეს უქმნის საკუთარ მომავალს. მიკროორგანიზმები და ჭიაყელები გარდაქმნიან ფოთლებსა და მკვდარ ცხოველებს ჰუმუსად, რომელიც მცენარეებს კვებავს. ამ ციკლების ჩამოყალიბებას მილიონობით წელი დასჭირდა, ნარჩენების მზარდი რაოდენობა კი სწრაფად არღვევს ბუნებრივ ბალანსს. სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოში წამის განმავლობაში მილიონზე მეტი პოლიეთილენის პარკი იყრება, რომელიც ბუნებაში 1000 წელზე მეტხანს რჩება.
დაახლოებით მილიარდი ზღვის ფრინველი და ძუძუმწოვარი იღუპება წელიწადში პოლიეთილენის პარკების გადაყლაპვის გამო.
შესაძლებელია, ცელოფანი ქაღალდმა ან ქსოვილის ხელჩანთამ ჩაანაცვლოს.
ქაღალდის პარკები მალე იხრწნება და ნიადაგს საფრთხეს არ უქმნის. პატარა, ქსოვილის ხელჩანთა კი ბუნებას ორმაგად იცავს, მისი გამოყენებით უარს ვამბობთ ცელოფანის პარკებით გამოწვეულ მძიმე შედეგებზე. 2005 წლის მონაცემებით, საფრანგეთში წელიწადში დაახლოებით 17 მილიარდ ანუ 80 000 ტონა ცელოფნის პარკს იყენებდნენ. ამიტომაც საფრანგეთმა ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო ბრძოლა ამ პრობლემასთან.
– როგორ აგვარებს ევროპა ცელოფანის პარკებისგან უკვე წარმოქმნილ პრობლემებს?
– ევროპა უზარმაზარ თანხებს ხარჯავს პოლიეთილენით ბუნებისთვის უკვე მიყენებული ზარალის შესამცირებლად. ამისთვის საკმარისი ფული და რესურსიც აქვს. ჩვენ კი, რაც უფრო დავაგვიანებთ ევროპული გამოცდილების გაზიარებას, მით უფრო დავანაგვიანებთ არა მხოლოდ ეზოს, ქუჩას, გზებსა და საზოგადოდ, ბუნებას, არამედ მომავალსაც. ასეთი დასკვნისთვის საკმარისია გავათვითცნობიეროთ, რას განიცდის მიწა, რომელიც 1000 წელი უნდა ეჭიდაოს ალაგ-ალაგ ჩამარხულ ცელოფნის პარკებს.
გარემოს დაცვაზე ზრუნვა საკუთარ თავზე ზრუნვასაც ნიშნავს. დროა, უარი ვთქვათ ცელოფანის პარკებზე და გამოვიყენოთ ქაღალდი (ისიც ეკონომიურად), რათა პრობლემა, რომელიც დღეს არ ჩანს და კეთილდღეობა გვგონია, ხვალ ბუმერანგივით არ დაგვიბრუნდეს უკან.
ყოველთვის არსებობს უკეთესი ალტერნატივა, პლოიეთილენზე ბევრად უსაფრთხოა:
• ნაჭრის ჩანთები;
• ნეილონის ჩანთები;
• კალათები;
• ზურგჩანთები;
• სხვა ბიოდეგრადირებადი მასალისგან შექმნილი ჩანთები.
თითოეულ ჩვენგანსაც შეუძლია გააკეთოს რაიმე პრობლემის აღმოსაფხვრელად მაგალითად:
ყოველი ყიდვის დროს თან ვიქონიოთ ჩანთა, რათა თავიდან ავიცილოთ ცელოფნის პარკების გამოყენება;
ერთნაირი პროდუქტები მოვათავსოთ ერთ პარკში;
ვეცადოთ, რომ ერთი ხმარების შემდეგ არ გადავყაროთ პარკები და ხელახლა გამოვიყენოთ ისინი;
გამოვიყენოთ ქაღალდი შესაფუთად, პარკების ნაცვლად;
შევამციროთ ნაგავი სახლში ნაკლებად ნარჩენიანი პროდუქციის შეძენისა და კომპოსტირების გზით;
გავავრცელოთ ინფორმაცია პოლიეთილენის პარკების მავნებლობის შესახებ (რის გაკეთებასაც ახლა მე ვცდილობ);
მივაწვდინოთ ხმა ხელისუფლებას მოთხოვნით, რომ მაქსიმალურად შემცირდეს პოლიეთილენის პარკების მოხმარება.
პოლიეთილენის წვა საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. მისი წვის დროს გამოიყოფა ტოკსინები, მავნე ნივთიერებები რომელიც აბინძურებს ატმოსფეროს, ეს პროცესი ხელს უწყობს სათბურის ეფექტის შექმნას, რაც თავის მხრივ იწვევს კლიმატის გლობალურ ცვლილებას. ფაქტობრივად, პოლიეთილენი გვევლინება უკვდავი ნაგვის სახით, რომელიც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ბიომრავალფეროვნებას და ეკოგარემოს შენარჩუნებას აფერხებს.
მათი განადგურება ისე, რომ გარემოს ზიანი არ მიაყენოს, ძალიან დიდი პრობლემაა, რადგან მათ შეგროვებას დიდი დრო სჭირდება, შეგროვების შემდეგ კი საჭიროებს სპეციალურ გადამუშავებას. მათი გაუვნებლებისთვის ერთადერთი გამოსავალი პოლიეთილენის პარკების შეზღუდული რაოდენობით გამოყენებაა.
2050 წლისთვის ოკეანეებში უფრო მეტი პოლიეთილენის ნარჩენი იქნება, ვიდრე თევზი. ამის შესახებ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი. კვლევის მიხედვით, პოლიეთილენის ნარჩენების 32% სანაგვეებიდან გადის და ეკოსისტემაში, მათ შორის ოკეანეებში ხვდება.
კერძოდ, ყოველწლიურად ოკეანეებში დაახლოებით 8 მილიონი ტონა პოლიეთილენის პარკი ჩადის, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ წუთში ეკოსისტემაში ერთი სატვირთო მანქანით სავსე პოლიეთილენი ხვდება. ანალიტიკოსების პროგნოზით, 2030 წლისთვის ეს მოცულობა 2-ჯერ გაიზრდება, 2050 წლისთვის კი 4-ჯერ. შედეგად დაახლოებით 35 წელიწადში ოკეანეებში უფრო მეტი პოლიეთილენის პარკი იქნება, ვიდრე თევზი.
,,ყველაზე დიდი პრობლემა ამ კუთხით ისაა, რომ პოლიეთილენის პარკებს ძირითადად ერთჯერადი მოხმარებისთვის იყენებენ. ეს პრობლემა გავლენას ახდენს ოკეანის მთელ ეკოსისტემაზე”, – აღნიშნა პოლიეთილენის შედეგად დაბინძურების კოალიციის ხელმძღვანელმა, დაიანა კოენმა.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”