close

ეკოლოგია

ეკოლოგიამსოფლიო

მეცნიერები – 2022 წელს ოკეანეები რეკორდულად თბილი იყო

მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფის განცხადებით, 2022 წელს კაცობრიობის ისტორიაში რეკორდულად მაღალი ოკეანის ტემპერატურა დაფიქსირდა.
მსოფლიოს ოკეანეები ზედიზედ მეოთხე წელია რეკორდულად თბილია, რაც კლიმატის კრიზისის შემაშფოთებელი ნიშანია.
მსოფლიოს 16 ინსტიტუტის მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ოკეანეებისთვის ხუთი ყველაზე ცხელი წელი ბოლო ექვსი წლის განმავლობაში დაფიქსირდა და რომ ოკეანეების დათბობა სულ უფრო ჩქარდება.
ჟურნალ Advances in Atmospheric Sciences-ში გამოქვეყნებული კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა შეისწავლეს ტემპერატურა ოკეანის ზედაპირიდან 2000 მეტრ სიღრმემდე.
„შედეგები შემაშფოთებელია. ჩვენი ოკეანეების მდგომარეობას შეუძლია შეაფასოს მსოფლიოს ჯანმრთელობა და თუ ოკეანეზე ჩატარებული განახლებული დაკვირვებებით ვიმსჯელებთ, ჩვენ გვჭირდება ექიმი“, – აცხადებენ კვლევის ავტორები.
ელექტროენერგიის თვალსაზრისით, 2022 წელს ოკეანეებში დამატებული სითბოს რაოდენობა გასულ წელს გლობალურად გამომუშავებული ელექტროენერგიის საერთო რაოდენობას 100-ჯერ აღემატება.
მეცნიერები განმარტავენ, რომ გლობალური გრძელვადიანი დათბობის ტენდენცია ახლა იმდენად სტაბილური და ძლიერია, რომ ამ კუთხით რეკორდული მაჩვენებელი ყოველწლიურად ფიქსირდება.
„სანამ არ მივაღწევთ წმინდა ნულოვან ემისიას, დათბობა გაგრძელდება და ოკეანის სითბოს შემცველობა რეკორდების მოხსნას განაგრძობს“, – განაცხადა პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორმა და კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, მაიკლ მანმა.
ოკეანეების დათბობა დიდ გავლენას ახდენს მილიონობით ადამიანის ცხოვრებაზე. დამთბარი ოკეანეები იწვევს უფრო ძლიერ შტორმებს, ქარიშხლებსა და ინტენსიურ ნალექს.
დათბობა ასევე არის ზღვის დონის აწევის მთავარი გამომწვევი ფაქტორი, რადგან ზედმეტი სიცხე იწვევს ოკეანეების გაფართოებას. როდესაც წყალი თბება, მისი მოლეკულები უფრო სწრაფად მოძრაობს და უფრო მეტად ვრცელდება, რაც ზრდის მის მოცულობას. ეს იწვევს უფრო მეტ სანაპირო ეროზიას და ქარიშხალს.
ტემპერატურის ზრდა ასევე ნიშნავს, რომ ოკეანის წყლები ნაკლებ ჟანგბადს შეიცავს, რაც გავლენას ახდენს საზღვაო ცხოვრებაზე, ზიანს აყენებს მეთევზეებს და მათ ეკონომიკას.

წყარო: edition.cnn.com

სრულად ნახვა
ეკოლოგიაეს საინტერესოაკვლევები

გრენლანდია დნება – მაჩვენებლით, რომელსაც მეცნიერები 2070 წლამდე არ ელოდნენ

არქტიკაში დნობის სეზონი ყოველ წელს ივნისში იწყება და აგვისტოში მთავრდება, პიკს კი ივლისში აღწევს. თუმცა, წლევანდელი დნობის მასშტაბი მართლაც განსაკუთრებული იყო. 30 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით, დნობის პროცესი მიმდინარეობდა კუნძულის ზედაპირის 90 პროცენტზე და ამ 5 დღეში, ოკეანეში ჩავიდა 55 მილიარდი ტონა წყალი.

ეს კი საკმარისია, რათა ფლორიდის შტატი თითქმის 13 სმ სიმაღლის წყლით დაიფაროს.

დნობის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა 2012 წელსაც, როდესაც გრენლანდიის თითქმის მთლიანმა მყინვარულმა საფარმა დაიწყო დნობა, პირველად ისტორიაში მას შემდეგ, რაც მეცნიერები ამას აღრიცხავენ. CNN-ის ცნობით, წელს ყინულმა დნობა 2012 წელთან შედარებით 3 კვირით ადრე დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის ივლისი ყველაზე ცხელი თვე იყო კაცობრიობის აღრიცხულ ისტორიაში. ძლიერმა სიცხემ ჯერ ევროპას, შემდეგ კი გრენლანდიას გადაუარა. ზღვის დონიდან უფრო დაბლა განთავსებულმა ყინულმა დნობა და ტბორების წარმოქმნა დაიწყო. შედარებით მუქი შეფერილობის გამო, ს ტბორები უფრო მეტ მზის სინათლეს შთანთქავდნენ, რაც თავის მხრივ ტბის მიმდებარედ კიდევ უფრო მეტ ყინულს ადნობდა.

ანალოგიურად, დნობის საშუალოზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა შვეიცარიაშიც — ივნის-ივლისის პაპანაქების დროს მყინვარებმა იქ 800 მილიონი ტონა ყინული დაკარგა. ზღვის ყინულის დნობის მაჩვენებელი ივლისში ასევე რეკორდული იყო ალასკაშიც.

დნობა არ ასცდა მრავალწლოვან მზრალობასაც — გაყინულ ნიადაგს, რომელიც დნობისას ძალიან დიდი ოდენობით სათბურის აირებს გამოყოფს. ეს პროცესიც იმაზე სწრაფად მოხდა, ვიდრე მეცნიერები პროგნოზირებდნენ. სათბურის აირების გამოყოფა პლანეტას უფრო სწრაფად ათბობს, რაც თავის მხრივ, ყინულის დნობას აჩქარებს.

გასული თვე შეიძლება გრენლანდიისთვის მართლაც ანომალია იყო, მაგრამ 2070 წლისთვის ეს ახალი ნორმა გახდება, თუკი ადამიანები არ შევამცირებთ სათბურის აირების გამოყოფას. ამაზე მიუთითებს ბელგიის ლიეჟის უნივერსიტეტის კლიმატოლოგის, ქსავიე ფეტვეისის მიერ შექმნილი კლიმატური მოდელები.

გრენლანდიის ყინულის დნობა ზღვის დონეს მაღლა სწევს

1972 წლის შემდეგ, გრენლანდიის ყინულის დნობამ ზღვის დონე უკვე 1,27 სანტიმეტრით ასწია. აპრილში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ამის ნახევარი გასულ რვა წელზე მოდის

ამ მაჩვენებლით, დანიის მთლიანი მყინვარული საფარი 1000 წელში გადნება და გამოიწვევს ზღვის დონის 27 მეტრით აწევას.

დანიის მეტეოროლოგიური ინსტიტუტის კლიმატოლოგი, რუთ მოტარამი ასეთ ქრონოლოგიას ეჭვის თვალით უყურებს. მისი თქმით, ტემპერატურის 1,5-2 გრადუსით მომატების შემთხვევაში დადგება წერტილი, რომლის იქით, გრენლანდიის მყინვარული საფარის შენარჩუნება უკვე შეუძლებელი იქნება.

მაისში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გრენლანდიამ ამ წერტილს უკვე მიაღწია.

გრენლანდიაში თბილ ციკლებში დნობას ყოველთვის აბალანსებდა ცივ ციკლებში წარმოქმნილი ახალი ყინული, მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვალა — თბილ ციკლებში ყინული დნება, ცივ ციკლებში კი დნობა უბრალოდ პაუზდება. შესაბამისად, ყინულის დანაკარგების აღდგენა შეუძლებელი ხდება.

ტყის ხანძრები არქტიკაში

ყინულის დნობის გამომწვევი მშრალი, თბილი ამინდი გრენლანდიაში ასევე განაპირობებს ტყის ხანძრების გაჩენას

ხელოვნურმა თანამგზავრებმა სისიმიუტის ზონაში ხანძარი პირველად 10 ივლისს შენიშნეს. ამ დროს ამ რეგიონში ტემპერატურა 20 გრადუსი ცელსიუსი იყო, რაც 10 გრადუსით მაღალია ნორმალურ მაჩვენებელზე.

მსგავსი ხანძარი ამ რეგიონში 2017 წელსაც გაჩნდა, რომელი ორი კვირის განმავლობაში მძვინვარებდა.

უპრეცედენტო ტყის ხანძრები ამ ზაფხულს მთელი არქტიკის მასშტაბით გაჩნდა. შედეგად, მხოლოდ ივლისში, ატმოსფეროში გამოიყო 50 მეგატონა ნახშირორჟანგი.

ევროპის ატმოსფერული მონიტორინგის ცენტრ „კოპერნიკის“ მონაცემებით, ივნისისა და ივლისის 6 კვირაში არქტიკაში დაფიქსირდა 100-ზე მეტი ძლიერი და ხანგრძლივი ხანძარი.

გრენლანდიის მყინვარულ საფარზე ასევე დაილექა ციმბირისა და ალასკის ტყის ხანძრების ჭვარტლი, რამაც გაამუქა კუნძულის ზედაპირი და გამოიწვია უფრო მეტი სინათლის შთანთქმა, რაც თავის მხრივ, სწრაფ დნობას იწვევს.

არქტიკის რეგიონი კლიმატის ცვლილების მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარეა

არქტიკა მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელზე თითქმის ორჯერ სწრაფად დნება.

დნობის პროცესი აჩქარებულია დედამიწის მეორე მხარეს, ანტარქტიდაზეც. გასული ათი წლის განმავლობაში, კონტინენტი ყოველწლიურად 252 მილიარდ ყინულს კარგავდა. რაც შეეხება გრენლანდიას, კუნძული წელიწადში 286 მილიარდ ტონა ყინულს კარგავს.

ანტარქტიდისა და გრენლანდიის მყინვარულ საფარში თავმოყრილია მსოფლიოს მტკნარი წყლის მარაგის 99 პროცენტი. მათი გადნობის შემთხვევაში, მთლიანად გაუჩინარდება მაგალითად, ფლორიდის შტატი.

National Geographic-ის მიერ შექმნილი რუკის თანახმად, ასევე წყლის ქვეშ მოექცევა ისეთი ქალაქები, როგორებიცაა ამსტერდამი, სტოკჰოლმი, ბუენოს-აირესი, დაკარი, კანკუნი და ა. შ.

მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

 

სრულად ნახვა
ეკოლოგიამსოფლიო

ხისგან დამზადებული ტანსაცმელის უპირატესობები

პერანგების მწარმოებელმა კომპანია RibbedTee-მ მამაკაცის პერანგების ნაზი, ჰაერგამტარი და ეკოლოგიურად სუფთა ხაზი შექმნა და მასალად, რაც უნდა გასაოცრად ჟღერდეს, ხე გამოიყენა.

ექსპერტები აცხადებენ, რომ ხის, უფრო კონკრეტულად კი ხის ბოჭკოსა და მერქნისაგან, დამზადებული ტანსაცმელი უფრო რბილი, კომფორტული და ეკოლოგიურად სუფთაა, ვიდრე ბამბისგან.

საიდუმლო კი TENCEL მასალებშია, რომლებიც ცელულოზური ბოჭკოებისგან მიიღება.

რა არის TENCEL?

ცელულოზის ბოჭკოები სტრუქტურირდება ცელულოზისგან და მიიღება ისეთი ბუნებრივი მასალების დაშლისგან, როგორიცაა ცელულოზა ან ხის მერქანი და შემდეგ მათ რეგენერაციას ახდენს.

კომპანია RibbedTee-ი EVO TENCEL-ის მაისურებს ამერიკის შეერთებულ შტატებში TENCEL-გან აწარმოებს, რომელიც მზადდება მდგრადი ლიოცელის ცელულოზური ბოჭკოებისაგან და სხვა კატეგორიებისგან გაცილებით მაღალი შთანთქმის შესაძლებლობებით, უნიკალური ნანო-ფიბრილის სტრუქტურითა და საოცრად გლუვი ზედაპირით გამოირჩევა.

TENCEL-ი ბოჭკოებზე წარმოქმნილი ტენის რაოდენობას პოლიესტერსა და სინთეტიკასთან შედარებით გაცილებით უფრო ამცირებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მისგან დამზადებული სამოსის ჩაცმისას ოფლიანობა ნაკლებად შეგაწუხებთ. გარდა ამისა, TENCEL-თვის დამახასიათებელი შეწოვის მაღალი უნარი სხეულის ბუნებრივ თერმო რეგულაციას უწყობს ხელს და ბაქტერიების გამრავლებისთვის ნაკლებად ხელსაყრელ პირობებს ქმნის.

წყარო:  sciencealert.com

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

სრულად ნახვა
ანალიტიკაეკოლოგიაეს საინტერესოასაქართველო

ნარჩენების მართვა მსოფლიოსა და საქართველოში – სად ,,ქრება” ნაგავი?

ნაგვის ინდუსტრია ერთ-ერთი უზარმაზარი ბიზნესინდუსტრიაა თანამედროვე მსოფლიოში. ერთი შეხედვით,  უზარმაზარი კომპანიები მართავენ ნარჩენებს და გარკვეული რეგულაციებიც არსებობს, თუმცა ეს ინდუსტრია მაინც საკმაოდ შემაშფოთებელ პრობლემად რჩება. საინტერესოა, რა მდგომარეობაა, ამ მხრივ, ჩვენს ქვეყანაში და არამარტო. საკითხთან დაკავშირებით ნარჩენების მართვის კონსულტანტს – კახა რუხაიას გავესაუბრეთ.

ღია ნაგავსაყრელები მწარმოებლური საზოგადოების შექმნის დღიდან შემაწუხებელ გარემოსა და ანტისანიტარიასთან იყო დაკავშირებული, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ღია ნაგავსაყრელები ძირითადად დასახლებული პუნქტებიდან მოშორებით მდებარეობს, ზიანი, რომელსაც ისინი გარემოს აყენებს ნამდვილად არ არის შემცირებული, რადგან მაგალითად, ღია ნაგავსაყრელებზე გახრწნილი ნაგავიც კი გამოყოფს  ე.ნაგავსაყრელის გაზს, რომელიც მეთანს შეიცავს, გარემოს დაცვის სააგენტოს მტკიცებით კი, მეთანი 21-ჯერ უფრო ეფექტურად ამწყვდებს სითბოს ატმოსფეროში და შესაბამისად, მსოფლიო კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.

მსოფლიოს უმსხვილესი ნაგავსაყრელები, რომლებსაც „მეგასაყრელებს“ უწოდებენ, აქტიურად იყენებენ მიწისქვეშა კონტეინერებს,  რომელთა ფართობიც 10-დან 100 აკრამდე მერყეობს, წარმოიდგინეთ, როგორც ამერიკის გარემოს დაცვის სააგენტოს ვებგვერდდან ვიგებთ, ვირჯინიის ერთი ასეთი საცავი ფართობით ათას საფეხბურთო მოედანს, ხოლო სიმაღლით ვაშინგტონის მონუმენტს უტოლდება, აღსანიშნავია ისიც, რომ ამგვარი საცავის თითოეული აკრის განვითარება და აშენება 500 000 დოლარი ჯდება, შესაბამისად, გასაკვირი არ არის რომ ჯერჯერობით საქართველოში მსგავსი პრაქტიკა არ დანერგილა. როგორც ბატონი კახა აღნიშნავს, დღეს საქართველოში არსებული 56 მუნიციპალური ნაგავსაყრელიდან არცერთს არ გააჩნია ნაგავსაყრელის უჯრედებიდან გაზგამომყვანი სისტემაც, დედაქალაქს რაც შეეხება,  თბილისის მასშტაბით შეგროვებული ნარჩენების ნაგავმზიდებით ტრანსპორტირდება ქ. თბილისის მუნიციპალურ ნაგავსაყრელზე, სადაც ხორციელდება ნარჩენების განთავსება. ამ ეტაპზე, ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე არ არის მოწყობილი ნარჩენების დახარისხების საამქრო, სადაც შესაძლებელი იქნებოდა ნარჩენების დაახარისხება.

მსოფლიოს უდიდესი ნაგავსაყრელების მფლობელი კომპანიები ნაგავსაყრელების შემაწუხებელი სუნის თავიდან ასარიდებლად უხილავ ნაერთს იყენებენ, რომელიც სუნის მოლეკულას მიწასთან აკავებს და მოსახლეობას ის არ აწუხებს,  თუმცა გარემოში მისი გავრცელება ამით არ აღიკვეთება, საქართველოში არც მსგავსი პრაქტიკა გვხვდება და ბუნებრივია, მოსახლეობაც ყოველთვის სკეპტიკურად არის განწყობილი მათ სიახლოვეს ნაგავსაყრელის განთავსების დროს, „შეიძლება ითქვას, რომ ნაგავსაყრელიდან სუნის ემისია სხვადასხვა მიზეზით შეიძლება განხორციელდეს. მაგალითად, ეს უკავშირდება ნაგავსაყრელზე ნარჩენების განთავსების  ინსტრუქციის დარღვევას, ნაგავსაყრელის ნაჟური წყლების და გაზების შეგროვების სისტემის გაუმართაობას. მინდა გითხრათ, რომ ზემოთხსენებული სისტემები დღეს საქართველოშ სრულყოფილად არცერთ ნაგავსაყრელზე არ მუშაობს“ – აღნიშნავს ბატონი კახა.

უცნაურია ასევე ისიც, რომ მსოფლიოს ნაგავსაყრელების ნახევარს ქაღალდი იკავებს, მაშინ როცა მისი გადამუშავება 5-ჯერაც კია შესაძლებელი,  რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ამ ერთი შეხედვით უხიფათო ქაღალდის წვამაც კი შეიძლება ჟანგბადში ერთ-ერთი ყველაზე მომწამლავი ქიმიკატის – დიოქსინის გამოყოფა გამოიწვიოს,  მაგალითად,  ქაღალდის წვის დროს პლასტმასთან ერთად და ა.შ. მაშინ, როცა  დიოქსინის განადგურებას ან ნეიტრალიზებას ვერც ერთი თანამედროვე ფილტრი ვერ ახერხებს. ბუნებრივია, ნარჩენების წვა საზიანოა ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსთვის, ამიტომაც, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით ყველა ტიპის ღია წვა აკრძალულია, დაშვებულია ნარჩენების წვა მხოლოს სპეციალურ დანადგარებში (ინსინერატორები). თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ძალიან ბევრ რეგიონში, განსაკუთრებით პერიფერიულ სოფლებში, არ ხდება ნარჩენების მართვა, ნაგვის წვის ან თვითნებური ნაგავსაყრელის შექმნის შემთხვევებს თავიდან ვერ ავირიდებთ.

მუნიციპალური ნაგვის 30% – პარკები და შესაფუთი მასალაა, ჩინეთში პოლიეთილენის პარკებს „თეთრ დაბინძურებასაც უწოდებენ“, სამხრეთ აფრიკაში „ეროვნულ ყვავილს“, ბანგლადეშში პოლიეთილენის პარკებმა სადრენაჟო სისტემა გაჭედა და წყალდიდობები გამოიწვია, ამიტომ ქვეყანამ 2002 წელს აკრძალა მათი წარმოება, ამ მხრივ, საქართველოში ჯერჯერობით არ არის დაწესებული რაიმე სახის აკრძალვა, მაგრამ პოლიეთილენის პარკების შეზღუდვის მიზნით შემუშავებულია პოლიტიკური დოკუმენტის პროექტი, რომელსაც სავარაუდოდ მალე დაამტკიცებენ.

შეიძლება ითქვას, რომ პრობლემა თავად სისტემაშია, რომელიც  ამდენ ნაგავს წარმოქმნის, რისი მიზეზიც ნაგვისწარმოების მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მომგებიან ბიზნესად ქცევა გახდა, ამის მაგალითია თუნდაც ის, რომ ამერიკაში ნაგვის ინდუსტრიიდან შემოსავალი 1997-2002 წლებში 200 მილიონიდან 1 მილიარდამდე გიაზარდა, რაც ნიშნავს რომ კონტეინერები, რომლებითაც აზიიდან სხვადასხვა ტექნიკა და საყოფაცხოვრებო საგნები ჩამოდის, უკან ნაგვით დატვირთული ბრუნდება.

დაბოლოს, როდესაც საზოგადოება მწამოებლებს ვერ აკონტროლებს, ბუნებრივი რესურსები დემოკრატიულად არ მოიხმარება, რადგან ეს რესურსები ისეთივე საზოგადოებრივი საკუთრებაა, როგორც მაგალითად – ჰაერი, ეს ნიშნავს რომ პრობლემა თითოეული ჩვენგანის დამოკიდებულებაშია და საკითხის გადაჭრა მხოლოდ კანონმდებლობის დონეზე ვერ მოხერხდება.  გარემოს დამცველების ერთ-ერთი სტრატეგია „ნულოვანი ნაგავია“, რომლის მომხრეებსაც სურთ ნაგავსაყრელების და ნაგავსაწვავების დახურვა, თითქოს დაუჯერებელია, მაგრამ არსებობს ადგილები სადაც მსგავსი რამ მართლაც ხდება, ესენია – ტორონტო, ავსტრალია, ნოვა სკოტია და ა.შ. მათი ხედვით ნაგავი არ არის გარდაუვალი შედეგი, გადაყრილი მასალის გამოყენება ყოველთვის შეიძლება და ამას ახლებურად უნდა შევხედოთ.

 

წყარო:  ჰ.როჯერსი, „ხვალამდე გაქრება, ნაგვის გასაიდუმლოებული ისტორია“, თბილისი, 2015.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ბიოლოგიაეკოლოგიაკვლევები

იაპონელმა მეცნიერებმა მცენარეთა ხელოვნური დამტვერვის გზას მიაგნეს

იაპონელი მეცნიერები აცხადებენ, რომ მცენარეთა ხელოვნური გზით დამტვერვა საპნის ბუშტებითაა შესაძლებელი.

ბევრი მცენარის დამტვერვა და შესაბამისად, გამრავლება თითქმის მთლიანად დამოკიდებულია ბუნებრივ დამამტვერიანებლებზე- ფუტკრებზე, მაგრამ ფუტკრის ბოლო წლების განმავლობაში ფუტკრის  სახეობა მნიშვნელოვნად შემცირდა.

ეს შეიძლება გამოწვეული იყოს პესტიციდების, პარაზიტების, სხვა მწერების სახეობებთან კონკურენციის, კლიმატის ცვლილების ან სხვა ფაქტორების გამო.

მკვლევარებმა დაადგინეს, რომ საპნის ბუშტის ხსნარი ოპტიმიზებული pH-ით, კალციუმითა და სხვა მინერალებითა და ქიმიკატებით, ყველაზე ეფექტური კონცენტრაციაა მცენარეების ხელოვნურად დამტვერვისთვის.

მეცნიერებმა კვლევა  ბუშტების ავტომატური წარმომქმნელით დრონის საშუალებით ხელოვნურ ლილიებზე ჩაატარეს, ვინაიდან ყვავილობის პერიოდი არ იყო. აღმოჩნდა, რომ ბუშტები ყვავილების თითქმის 90 პროცენტზე მოხვდა.

კვლევა სამეცნიერო ჟურნალ iScience-ში გამოქვეყნდა.

 

წყარო : edition.cnn.com

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეკოლოგია

ქარხანა, რომელიც ნახშირორჟანგს ქვად გარდაქმნის

ისლანდიაში ფუნქციონირებს უზარმაზარი ქარხანა, რომელიც სპეციალური დანადგარებით შთანთქავს ნახშირორჟანგს და ქვად გარდაქმნის. ქარხანას სახელად “Orca” ეწოდება, რაც ენერგიას ნიშნავს. ქარხნის მფლობელი კომპანიები აცხადებენ, რომ დანადგარები მაქსიმალური დატვირთვით მუშაობს და წელიწადში 4 ათას ტონა ნახშირორჟანგს (CO2) გარდაქმნის ქვად. თუ შეერთებული შტატების გარემოსდაცვით სააგენტოს დავუჯერებთ, ეს 870 მანქანის გამონაბოლქვს უდრის.
რაც შეეხება ფუნქციონირებას, ქარხანა ვენტილატორებს იყენებს. ჰაერის კოლექტორში მოქცევის შემდეგ იგი იფილტრება. გასაფილტრის CO2-ით ავსების შემდეგ, კოლექტორი იკეტება და ტემპერატურა იზრდება. CO2-ს წყალში ურევენ და ათასი მეტრის სიღრმეში ათავსებენ ახლომდებარე ბაზალტის ქანში. ამ ყველაფრის შემდეგ, CO2 მზადაა გასაქვავებლად.
ტექნოლოგიის მომხრეებს სჯერათ, რომ ნახშირორჟანგის ქვად გარდაქმნის პრაქტიკა კლიმატის კრიზისთან ბრძოლაში მნიშვნელოვან დახმარებას გაგვიწევს. კრიტიკოსები კი ვარაუდობენ, რომ ტექნოლოგიის სიძვირის გამო, ათწლეულები დასჭირდება, რომ სრული დატვირთვით იმუშაოს.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ეკოლოგია

დუბაი პირველი ქალაქია, რომელიც ქაღალდს აღარ გამოიყენებს

დუბაი გახდა პირველი ქალაქი, რომელმაც უარი თქვა ქაღალდის გამოყენებაზე. მთავრობამ
ინიციატივის განხორციელება 2018 წელს დაიწყო, გეგმა კი წელს დასრულდა და ყველა
სამთავრობო პროცესმა ონლაინ სივრცეში გადაინაცვლა. მთავრობის ადმინისტრაციაში
დასაქმებული არცერთი წევრი და სერვისების არცერთი მომხმარებელი ტრანზაქციებისა თუ
პროცედურებისთვის ქაღალდს აღარ გამოიყენებს.
ამ ნაბიჯის შედეგად დუბაიმ 336 მილიონი ქაღალდის ფურცელი და 350 მილიონი დოლარი დაზოგა.
განცხადება დუბაის ტახტის მემკვიდრე პრინცმა, შეიხ ჰამდან ბინ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმმა
გააჟღერა და 45 სამთავრობო უწყებაც აღნიშნა, რომელიც სრულად ციფრულ სივრცეში განაგრძნობს
ფუნქციონირებას.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწაეკოლოგია

ანტარქტიკის შელფური მყინვარი ჩამოშლის პირასაა — ეს ზღვის დონეს მინიმუმ 30 სანტიმეტრით ასწევს

მეცნიერებმა გააჟღერეს, რომ შესაძლოა, მომდევნო ათწლეულში ანტარქტიკის შელფური მყინვარი
დაიშალოს, რაც ზღვის დონის დაახლოებით 30 სანტიმეტრით აწევას გამოიწვევს.
ორეგონის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, ერინ პეტიტის, ვარაუდით, 2031 წლისთვის
ჩამოიშლება თვეიტსის მყინვარი, რომელსაც წყალში ჩაძირვისგან აღმოსავლეთ შელფური მყინვარი
აკავებს და ისიც ნაწილებად იშლება. პეტიტის ახალი კვლევის მიხედვით, შელფური მყინვარი
შესაძლოა, მომდევნო 5 წლის განმავლობაში ჩამოიშალოს, რადგან შელფის წვერზე არსებულ
ყინულზე ახლახან ჯვარედინი ბზარები გაჩნდა, რომლებიც შელფის ცენტრისაკენ წელიწადში 2
კილომეტრით ფართოვდება.
თვეიტსი მსოფლიოში ყველაზე ფართო მყინვარია, იგი ზღვის დონეს ყოველწლიურად 4 პროცენტით
სწევს, თუმცა, შელფის ჩამოშლის შემთხვევაში, შესაძლოა, მაჩვენებელი 25 პროცენტამდეც კი
გაიზარდოს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეკოლოგიაეს საინტერესოა

ქალაქი სან-ფრანცისკო შენობების სიმძიმეს ვეღარ უძლებს და მიწაში ეფლობა

ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური კვლევების სამსახურში მომუშავე გეოფიზიკოსის, ტომ პარსონსის თქმით, ქალაქო სან-ფრასცისკო დროთა განმავლობაში მიწაში ეფლობა. ქალაქი ცათამბჯენების სიმძიმეს ვეღარ უძლებს, რაც სხვა ფაქტორებთან ერთად იწვევს ქალაქის მიწაში ჩაფლობას.
გეოფიზიკოსმა სატელიტური სურათების გამოყენებით შეისწავლა ქალაქში განლაგებული თითქმის ყველა ნაგებობა და დასკვნამდეც მივიდა, რომ სან-ფრანცისკოს ცენტრალურ ნაწილში ყველაზე ცუდი მდგომარეობაა, სადაც უზარმაზარი შენობები მრავლად გვხვდება.
ქალაქის ერთ-ერთი ცათამბჯენი, რომელიც წონით მესამე ადგილს იკავებს, დროთა განმავლობაში გვერდით იხრება, რაც გამოწვეულია მიმდებარედ აგებული ნაგებობებით და მშენებლობის პერიოდში დაკარგული მიწისქვეშა წყლით. ტომ პარსონსის კვლევა ამ მხრივ საყურადღებოა, რადგან კლიმატის ცვლილებით გამოწვეული წყლის დონის მატება ქალაქისთვის უფრო პრობლემური გახდება და ხშირად დაიტბორება.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეკოლოგიამსოფლიო

ბელგიაში ორი ბეჰემოთი კორონავირუსით დაინფიცირდა

ბელგიის ქალაქ ანტვერპენის ზოოპარკში ორი ბეჰემოთი კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

ბეჰემოთებს სურდო დაეწყოთ, რის შემდეგაც ვეტერინარებმა მათ ანალიზები აუღეს. ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია – ზოოპარკში მკაცრი სანიტარული ზომები იყო დაცული, თანამშრომლებს კი კორონავირუსი არ ჰქონიათ.

ამჟამად ბეჰემოთები თავს კარგად გრძნობენ, მაგრამ იზოლაციაში იმყოფებიან. მათი სრულ გამოჯანმრთელებამდე ვოლიერი ზოოპარკის სტუმრებისთვის დახურული იქნება.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 3 4 5 6 7 30
Page 5 of 30